„მასწავლებელს სჭირდება სათანადო ხელფასი და ზრუნვა - ის გმირია“ - პედაგოგის ემოციური პოსტი
25-10-2021
დაკოპირებულია
-
+
პანდემიის ფონზე, პედაგოგებს საკმაოდ რთულ ვითრებაში უწევთ საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება და ამ ფაქტს, პედაგოგი ქეთი ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში, სტატუსით ეხმაურება, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს მასწავლებელთა არმია, სპეციალური მომზადების გარეშე, პანდემიის კანონების თანახმად, უჩვეულო ფრონტზე აღმოჩნდნენ და სხვადასხვა რისკის ფასად მოსწავლეებს შეუნარჩუნეს ფუნდამენტური უფლება, განათლების უფლება.
მასწავლებელი ფრონტის ხაზზე: ონლაინ გაკვეთილები, ხშირად გაუმართავი ტექნიკა, მოუწესრიგებელი ვებგვერდები, ციფრული საშინაო დავალებები, მშობელთა მძვინვარე ჩათები, კიდევ უამრავი რამ, რაც სირთულეებს ქმნიდა პანდემიის საწყის ეტაპზე და არა მხოლოდ საწყისზე...
ეს ის შემთხვევაა, როდესაც არსებითად სადავო არაფერია.
დღეს, პანდემიისგან მხსნელებს შორის არ არის მხოლოდ ექიმი. დარწმუნებული ვარ, რომ ის ასევე არის მასწავლებელი, რომელსაც ძალიან სჭირდება საზოგადოების ყურადღება და გაგება, სათანადო ხელფასი და ზრუნვა.
ზოგჯერ ერთ შვილთან ერთად საშინაო დავალების შესრულებით იღლება ადამიანი, მასწავლებელს კი ჰყავს რამდენიმე ათეული მოსწავლე და რამდენიმე გაკვეთილი დღეში. მისი სამუშაო დღე ქარბორბალას ჰგავს. მაგრამ მას არ შეუძლია ამის საჯაროდ აღიარება. რცხვენია იმის თქმა, რომ ის ზოგჯერ ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ჩამორჩენილი ელემენტია, რომ აქვს ძველი კომპიუტერი და ღილაკიანი ტელეფონი... რომ არ ცხოვრობს ცენტრში, არამედ რეგიონული ცენტრიდან რამოდენიმე კილომეტრშია, რომ ხშირად დარსა და ავდარში ფეხითაც უწევს სკოლამდე მისვლა და არა მარტო პანდემიური უტრანსპორტოპის დროს, მაგრამ უზომოდ უყვარს თავისი პროფესია, ბავშვებთან ურთიერთობა და მისთვის ბედნიერებაა საკლასო სივრცეშიც და ეკრანიდანაც მათი ხილვა, სწავლება...
რაც უფრო ადრე ვიტყვით ხმამაღლა, რომ არა მხოლოდ ექიმი, არამედ მასწავლებელიც არის ჩვენი დროის გმირი, მით უფრო მეტი შანსი გვაქვს ნებისმიერი ბრძოლის ველიდან გამოვიდეთ გამარჯვებით.
პანდემიის დროს მასწავლებლები ექიმებზე არანაკლებ გმირები გახდნენ. ყოველდღიურად ინფიცირების საშიშროების მიუხედავად, მხოლოდ პირბადის ამარა ისინი განაგრძობენ უხილავი მტრის ზურგში ბრძოლას, ბრძოლას მომავალი თაობების განათლებისთვის.
ჩვენ, მასწავლებლებმა, შევძელით შეგვენარჩუნებინა ბავშვების ინტერესი საგანმანათლებლო პროცესში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის დროს, რთული პირობების მიუხედავად მასწავლებლის მისია შესრულდა.