სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო გახდება
05-02-2018
დაკოპირებულია
-
+
„სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო გახდება,“ - ამის შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებენ. მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
ცვლილების თანახმად, ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს. აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხვევაში, გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა. ვიდეოკამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს.
„კიდევ უფრო გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. კერძოდ, სკოლაში რიკს-ჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოხდება სამინისტროებს შორის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა“,- აღნიშნულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში.