მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება
05-02-2018
დაკოპირებულია
-
+
შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მიერ მომზადებული კანონპროექტით, მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი.
ცვლილებების თანახმად, იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს.
„თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, ცვლილების შემდეგ მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი; მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი აიწევს 21 წლამდე; იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან“, - აღნიშნულია კანონპროექტში.
მოზარდებში ძალადობის პრევენციის საკითხზე დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა უწყებათაშორისი კომისია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა. ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში შედის. კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.