სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლების ნაწილს „ახალი სკოლის მოდელის“ გამო სამსახურიდან წასვლა ურჩევნია
07-11-2021
-
+


„ახალი სკოლის მოდელი“ ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია. სიახლის დანერგვა 2019 წელს დაწყებით კლასებში დაიწყო. მისი მიზანია სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლება. 2020-2021 სასწავლო წელს „ახალი სკოლის მოდელმა“ უკვე საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში შეაღწია. მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარდათ, ამჯერად კი პედაგოგები თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას ცდილობენ, რაც არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. პედაგოგების დიდი ნაწილი უკმაყოფილებას არ მალავს. ისინი ამბობენ, რომ 2024 წლამდე „საცდელი რეჟიმია, შემდეგ კი პროექტი ჩაფლავდება“.

„ახალი სკოლის მოდელის“ მიზნები ერთი შეხედვით მიმზიდველი და საინტერესოა. ახლებური სწავლების მიზანია სკოლაში მოსწავლემ ფუნდამენტური ცოდნა მიიღოს და სასწავლო მასალა იმდენად სიღრმისეულად გაიაზროს, რომ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება არ გაუჭირდეს. მარტივად რომ ავხსნათ, „ახალი სკოლის მოდელის“ მიზანია, სწავლება მთლიანად მოსწავლეზე იყოს ორიენტირებული და დრო დაეთმოს თითოეული მოსწავლის შემოქმედებითი ნიჭის გაღრმავებას, კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებას. მოსწავლემ სკოლაში უნდა აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, ჩამოუყალიბდეს ანალიზის უნარი და საკუთარი თავის რეალიზება შეძლოს, რაც შემდგომ თავის დამკვიდრებაში დაეხმარება.

მნიშვნელოვანია, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ სკოლას იაზრებს, როგორც ერთ მთლიან ორგანიზაციას, სადაც სკოლის დირექტორი, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ერთი გუნდის წევრები არიან.

რატომ არ უნდა მოსწონდეთ პედაგოგებს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი? რატომ ისმის მუდმივი უკმაყოფილება მათი მხრიდან და რა სირთულეს აწყდებიან მასწავლებლები?

„ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისას ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა მასწავლებელთა მოტივაცია, რამდენად მზად არიან ისინი სიახლის მიმართ? - პედაგოგს, რომელიც 30 წელია სკოლაში ასწავლის და ამაყობს, რომ მის გაკვეთილზე ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა, ვთხოვთ, სწავლების ფორმა რადიკალურად შეცვალოს. ვუხსნით, რომ თანამედროვე სწავლება მოსწავლეზე უნდა იყოს ორიენტირებული, თითოეული ბავშვის საჭიროებებზე მორგებული. „ახალი სკოლის მოდელის“ მიხედვით აღმოჩნდა, რომ კარგი მასწავლებლობა ის კი არაა, თუ კლასი ჩუმად ზის და მოსწავლეები მოკრძალებული ხელის აწევით გაკვეთილის მოყოლას ითხოვენ, ახალი მოდელით სწავლების მიზანი თითოეული ბავშვის „ახმაურებაა“, ყველას გააქტიურება, ნებისმიერის ნიჭის წარმოჩენა. თავის მხრივ, სწავლების ახალი მეთოდი საკმაოდ მოითხოვს რესურსებს, ასევე, რიგ შემთხვევებში, კომპიუტერული უნარ-ჩვევების ცოდნას. ეს კი პრაქტიკაში რთულად დასანერგია მასწავლებელთა ნაწილისთვის. სწორედ ამის გამო, ისინი მზად არიან, დატოვონ სამსახური.

„პენსიონერი ვარ და ბევრი იფიქრებს, დროა, სახლში წახვიდე თუ თანამედროვე სწავლების სტილი მიუღებელიაო, მაგრამ კარგი იქნება, თუ სიღრმისეულად გააანალიზებენ ექსპერტები, თუ რა სირთულეებს ვეჩეხებით პედაგოგები კომპლექსური დავალებების დროს. გგონიათ, ჩვენ არ გვინდა? გვეზარება? სულაც არა, იდეაც მომწონს და მიზანიც, თუმცა ჩვენი მხრიდანაც შეხედეთ სიტუაციას. ამ ყველაფერს ხომ ისედაც ვაკეთებდით?! თუმცა აქამდე ჩვენს ნება-სურვილზე იყო, ახლა კი ვალდებულებად გვექცა კომპლექსური დავალებების შედგენა. ჯერ ისაც გაუგებარია, წელიწადში რამდენჯერ უნდა დავგეგმო კომპლექსურები. ყველა კლასის მატრიცა წინასწარ უნდა გვეწეროს, ეს კიდევ ცალკე ქაღალდომანიაა“, - ამბობს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი ჩვენთან პირად საუბარში.

„ჯერ იყო და უნარების გამოცდა მოიფიქრეს, ათასობით მასწავლებელი წავიდა სკოლიდან იმის გამო, რომ ვერ აბარებდნენ. ახლა - კომპლექსური დავალებებიო, მატრიცებიო. იძულებული ვარ, სკოლა დავტოვო, რადგან ვერ ვიგებ ან რას ითხოვენ ჩემგან და ან მე რა უნდა მოვითხოვო ბავშვისგან“, - აღნიშნავს პედაგოგი.

მართალია, „ახალი სკოლის მოდელის“ ერთ-ერთი მთავარი საკითხი მშობელთა ჩართულობაა შვილების განათლების პროცესში, თუმცა არც ესაა მარტივი. მშობლები სოციალურ ქსელებში განიხილავენ, რომ გაუგებარია რას ემსახურება კომპლექსური დავალებები, რადგან ნახევარზე მეტი მშობლის გასაკეთებელი ხდება.

„პრეზენტაცია უნდა მოგვემზადებინა დაწყებით კლასში, მოსწავლეებს ჯგუფურად უნდა ემუშავათ ფორმატზე, თუმცა მშობლების გასაკეთებელი გახდა. ჩვენ მოგვიწია დახატვაც, ტექსტის დართვაც, რადგან ბავშვები ძალიან განიცდიდნენ, არ მოსწონდათ საკუთარი ნამუშევარი, რა გამოვიდა ამით? დათვური სამსახური გავუწიეთ და ვფიქრობ, ვერანაირი ცოდნა ვერც მიიღეს, ვერც წარმოაჩინეს“, - ამბობს მე-4 კლასის მოსწავლის მშობელი.

ნებისმიერ სიახლეს ახლავს სირთულეები, პრაქტიკაში კი შემდეგ ჩნდება ხოლმე, რამდენადაა ესა თუ ის სიახლე დასანერგი ან შესაცვლელი. „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვაში აქტიურად არიან ექსპერტები ჩართულები. მასწავლებლებს, გარდა იმისა, რომ ტრენინგები ჩაუტარდათ, საგნების მიხედვით ქოუჩები დაესწრებიან და შეაფასებენ, რამდენად სწორად ინერგება სკოლებში სწავლების ახალი მეთოდი.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება