სიახლეები
სკოლები

„რაც ვიყავ, ის ვარ, ვიქნები მარად, ქართულ მიწაზე, ნაფრქვევი ცვარად“-გაეცანით, ჯიხანჯურის საჯარო სკოლის დირექტორის, მიხეილ ხალვაშის პოეტურ შემოქმედებას
04-11-2021
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ხალვაში გამორჩეული სკოლის ღირსეული ლიდერია. ის თავდაუზოგავად შრომობს, რათა მისმა მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ. 

მიხეილ ხალვაში გარდა იმისა, რომ სკოლის წარმატებული ხელმძღვანელია, შთამბეჭდავ ლექსებს წერს.

მიხეილ ხალვაშის შემოქმედებიდან etaloni.ge რამოდენიმე ლექსს გთავაზობთ.

რაც ვიყავ ის ვარ - ვუძღვნი კოლეგებს                                         
                                   
„დანდალოს ღელეს,
ვერნების ღურდანს,
მონგოლი სძაგდა, 
თურქმანი სძულდა,
სადაც არ უნდა
წავიდე, გზა მაქვს,
დიდგორის გული, 
მე დღემდე  დამაქვს,
მე ხომ რუსთველი,
მინათებს ფარანს,
ვლოცავ ჩემს ჯილაგს,
ღვინოს და მარანს,
ხმალშემართული-
ვიდოდი სანგარს,
დროშას ვაწვდიდი-
მარაბდას ცხრა ძმას,
მადლი ქრისტესი,
პირველი მე მცხეს,
მკლავიც მომკვეთეს,
მე, უტა მცხეთელს,
კრწანისში ახლაც,
არაგველ სამასს,
კვლავ სისხლი დასდით,
ყაყაჩოს ნამავს,
ვარძია-ქალაქს,
კვლავ ვხედავ თამარს,
მტრის შესამუსრად,
ხიხანის მთა მაქვს,
ანისში ახლაც,
ელიან ცოტნეს,
სულგაბრწყინებულს,
შეუვალს,-ოდეს.
ხინოში ახლაც,
დედოფალ ნატოს,
დედაწარსულის,
ვუწოდებთ მნათობს.
ვარდციხის ქონგურს,
ვაქრობდი ხანძარს,
ვუკრავდი ჩონგურს,
ვაგებდი ტაძარს,
მტერმა ვერ მნახა,
მწუხარე ცრემლით,
არ ცივდებოდა; 
ურო და გრდემლი.
შანთით, მახვილით
მიცვლიდნენ რწმენას,
მართმევდნენ ენას, 
მასმენდნენ ღრენას,
მიხარის სხალთას,
რეკავენ ზარებს,
ადუღაბებენ 
ხინოში ბზარებს,
ლიხს იქეთ მტკვარს და 
ლიხს  აქეთ, რიონს,
ისე ვისხურებ,
ვითარცა მირონს.
ვაშენებთ სოფელს,
ვამშვენებთ ქალაქს
მეგობრისათვის 
ღიმილი თან მაქვს.
რაც ვიყავ, ის ვარ,
ვიქნები მარად,
ქართულ  მიწაზე,
ნაფრქვევი ცვარად“.

ფიროსმანი

„თამბაქოს ბოლით გაჟღენთილი ფილტვებით სუნთქავს,
ღვინო-არაყით გაბრუჟული დადის ბარბაცით.
ეს ნიკალაა! თავისთავი მხატვრად აკურთხა,
თავისუფლება იყო მისი თავშესაფარი.
დილაადრიან ადგებოდა და არაყს სვამდა,
ფუნჯს აიღებდა, ამ საქმეში ჯადოქარს გავდა,
ხატავდა, რასაც კარნახობდა გული გონებას,
ფუნჯი და ტილო, იყო მისი მთელი ქონება.
მარტო იყო და მარტოობამ ბევრჯერ აწვალა,
ზურგი აქცია სიყვარულმა - სულის წამალმა...
და მოკვდა იგი მარტოდ - მარტო უფლის ამარა...
კუბოს მისდევდნენ ნახატები, როგორც ამალა“.
                                            
გულს

„გულს უნდა ვუთხრა მადლობა,
ამდენხანს შვებით მატარა,
ბევრს ამაშორა; ფათერაკს,
ორგულს, მოშურნეს, სატანას.
ბევრ სიკეთეში მამყოფა,
ქარიშხლებს გამომატარა,
თურმე რა დიდი ყოფილა,
მკერდში როგორ ჩანს პატარა.
გულს უნდა ვუთხრა მადლობა,
მრავალ მეგობრით მახარა,
ლექსებიც დამაწერინა,
დამაკვრევინა ნაღარაც.
შვილიშვილებსაც მომასწრო,
დამალოცვინა ჭაღარაც...
გულს უნდა ვუთხრა მადლობა,
უფლის ლოცვები მასწავლა,
თუ კი განცხრომით მაცხოვრა,
ცოტ - ცოტა კიდეც მაწვალა.
ხან ვარსკვლავებში გამიშვა,
მზემან მაცხუნა თაკარამ.
მტერთან ბრძოლაში გვერდს მედგა,
შერიგებაშიც!- აბა რა!“

ქობულეთი

„ზღვა გინდა, ზღვა გაქვს მთა გინდა მთა გაქვს, ბარიც ზღაპრული მდელოა. შენი ყოველი კუთხე - კუნჭული ჩემთვის პატარა საქართველოა”

„ლამაზია ქობულეთი, ყველა დროში, ყველა თვეში,
არ აკლია ცხრათვალა მზე, არც უცხოა მისთვის თქეში.
მინდორ - ველი წალკოტია, ზღაპარია შეხვალ ტყეში,
ამნაირი სილამაზე არ მინახავს მე ჩემს დღეში…
აჭში სანთლის არაყს ხდიან, ოჯალეში ჩქეფს მარანში,
ბობოყვათის ტახის მწვადის სუნი ვიგრძენ ალამბარში,
კონდიდელებს ვერავინ ჯობს, ჭამა-სმაში და თამაშში,
ზენითელებს ზეიმი აქვთ, სეფას ხურავენ ლავაშით.
ჩაქველების სადიდებლად, ხალიბები მყავს ხალაში.
წყავროკაში დავლი-ზურნა, აცახცახებს ცას თამაშით,
გვარელების მასპინძლობა ცნობილია აჭარაში.
დაგველები წვით და დაგვით, თხილს ავლებენ თათარაში,
ჩემი ლეღვა ადამს, ევას ეხმარებოდა ჩაცმაში.
ქაქუთლების სიმღერებმა მოიარეს; გზა ჯვარ - ცმაში,
ჯიხანჯურში რკინის ნადნობს, კვლავაც შეხვდებით ბაღჩაში,
ქორწილებს ვერ აუდიან აჭყვისთავიდან, აჭყვაში,
ხუცუბანში ხუცბერები კვლავ იხდიან პარაკლისებს,
კვირიკეში მოვინათლე, ნათლიობაც დამაკისრეს.
ციხისძირში ბებერ ციხეს, მხარს უმაგრებს ხინოწმინდა,
ხინოსთავში ლანდად ვხედავ, ჯვარს თმებით კრავს ნინო წმინდა.
ფიჭვნარის ფიჭვს ბევრი ახსოვს: ნატყვიარი, ნაფერები,
ნახე ღამით ქობულეთი, რა ცა ხურავს რა ფერებით.
მუხის ტოტი ბევრჯერ მოჭრეს, მუხაესტატე გადარჩა,
აქედან წასული ძმები, ისპაანს და სტამბულს დამრჩა.
ვიცით: სოფელ ქობულეთი, სავანეა ლამაზ ქალთა,
ღმერთმა აქ ხალხს დააბერტყა, სიყვარულის სუფთა კალთა.
ჭახათელთა იუმორმა გაბროველიც გადარია,
კოხის კონცხი, სკურას სკები, ედემ-ბაღის სადარია.
გელაურში გხვდება ხალხი, ბოშა თუ ქართველია;
ყველა თავის პატრონია, ყველა თავის მმართველია!
ოჩხამურის თევზებს წვავდნენ, ცეცხლაურის საცეცხლურში,
იმ აგურით შენდებოდა ციხე-კოშკი ფაზის-ცხუმში.
თეთროსანზე თეთრი ქვები, ანდრონიკეს ნაკურთხი,
ქრისტეს მადლით ცხებულია, ცხრა მხრითა და ცხრა კუთხით.
თიკერელებს თათბირი აქვთ; რომ ნაკრძალი როგორ ქრება,
აქ ირემი აღარ ყვირის, დათვი ბუნაგს აღარ წვება.
სამებაში, ღვთის სოფელში, ღვთისნიერი ცხოვრობს ხალხი,
ანდრიადან წამოსული უზიდიათ ქრისტეს ცა მხრით.
ბუკნარელი ფუტკრის ხმაზე, სამშობლოსთვის იწვის, თავს ხრის,
არ ენახოს ქვეყნის ცაზე, ბურუსი და ნისლი-თალხი.
ჩეხედნელი მტერს ჩეხავდა, გააპარტახა მომხდურები,
სოფელში კვლავ იზრდებიან; სუფთა სულის ლომგულები.
ჩაისუბნელს ჩაი უყვარს, ჩაქვისთაველს მთის კალმახი,
გოგმეჩაურელს აჩმა მოსწონს, საჩინოელებს ჩანახი.
შუაღელეს შუა ცეცხლზე, მწვადი იწვის, მჭადი ცხვება,
იქვე ბებო რძეს ჩაკვეთავს, არის ჭყინტი ყველის წყება.
გორგაძეებს გორგაძეთა გვარისკაცი აღარ დარჩა,
მათი ბაღჩა და ბოსტანი, შემოსტუმრებულებს დარჩა.
სახალვაშო ქობულეთის კარიბჭეა სამხრეთიდან,
ჩრდილოეთით ჩოლოქია, ჩანჩქერებით ჩქეფს მთებიდან.
გაიხედავ ზღვისპირისკენ, რა მზე არის რა დარია,
ქობულეთმა (ვინც კი ნახა) ლამის ჭკვაზე გადარია“.

მინაწერი: რასაც ჰქვია ქობულეთი, ვლოცავ, ვეტრფი იმ ადგილებს,
„რადგან ჩემი მათთან ყოფნა, ქვეყნად ყოფნას მიადვილებს“.

გზები

„ბევრი ვიარე, ვიარე ცოტა,
ვიარე მთით თუ, ვიარე ბარით,
სადაც ვყოფილვარ,  ყველგან მახსოვდა;
ვისი გორის ვარ, და ვისი გვარის.

დღესაც იმ საქმის მხრებს მაწევს ჯაფა,
რაც ბავშვობაში ამოვარჩიე,
და მე ქალაქის ასფალტის საფარს,
სოფლის მტვრიანი გზები ვარჩიე.

ამ გზებზე ბევრი სიკეთე მახსოვს,
ვხარჯავდი, აქ ჩემს ახალგაზრდობას,
სიკეთეს - ბარი, სიყვარულს მთა ქსოვს,
ორივეს მინდა ვუთხრა მადლობა.

ამ გზებზე კვლავაც ამაყად დავალ,
არ მეშინია მიხედვის უკან,
დაა ამ ქვეყნიდან როდესაც წავალ,
კეთილ საქმეთა დარჩება რუკა“.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება