მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროფესიით ფიზიკოსმა ნუგზარ კედელაშვილმა პედაგოგიური საქმიანობა, ფაქტობრივად, მეგობრის თხოვნით დაიწყო. ამბობს, რომ მასწავლებლობაზე არასოდეს უფიქრია, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი სამეცნიერო საქმიანობა იყო, თუმცა მოსწავლეებთან ურთიერთობამ ძველი სურვილები გადაწონა. იმ დღის შემდეგ, რაც პირველად სკოლაში ფეხი შედგა 25 წელი გავიდა, დღეს კი ნუგზარ კედელაშვილი აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის დირექტორია. მისი თქმით, ცხოვრებას ამოცანის ამოხსნასავით უდგება და მათემატიკური ფორმულები ყოველდღე და ყოველ წამს ეხმარება. ნუგზარ კედელაშვილი Etaloni.ge-ს თავისი საქმიანობის, სკოლის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მოსწავლეებთან ურთიერთობის შესახებ ესაუბრა. მის კაბინეტში შესვლისას პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, შემინული კედელია, რომელიც ამ ოთახს კანცელარიისგან ჰყოფს. ამბობს, რომ ამით უშუალობასა და პედაგოგებთან ღია ურთიერთობას ინარჩუნებს; კიდევ ერთი დეტალი, რაც ყურადღებას იქცევს, მის კაბინეტში პედაგოგთა თავისუფალი მიმოსვლაა, მათ ოთახში შესვლა და მოსწავლეთა მიერ შესრულებული ტესტების დატოვება, კარზე დაკაკუნებისა და ოფიციალური მომართვის გარეშე შეუძლიათ. ნუგზარ კედელაშვილი განსაკუთრებით მოსწავლეთა თვითმმართველობით ამაყობს. როგორც აღმოჩნდა, მათ პანდემიის მიმდინარეობისას საკუთარი ტელევიზია დაარსეს და ონლაინ საჭადრაკო ტურნირი მოაწყვეს. დირექტორის თქმით, სხვა მრავალ მიზეზთან ერთად, ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რატომაც მოსწავლეებს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაში სწავლა სურთ.
- ბატონო ნუგზარ, როდის დაიწყეთ პედაგოგიური საქმიანობა?
- ფიზიკოსი ვარ და უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ძალიან საინტერესო თემატიკაზე ვმუშაობდი, მაგრამ 1996 წელს, მეგობარმა N117 სკოლაში ფიზიკის გაკვეთილების ჩატარება მთხოვა - ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და დამეხმარეო. მეც გადავედი და სკოლაში ჩემი კარიერა ამ დღიდან დაიწყო. სასიამოვნოცაა, როდესაც პატარა ბავშვებთან გაქვს საქმე და შედეგს აღწევ, თუმცა ეს არ არის მარტივი... სკოლაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მომიწია ყოფნა, ჯერ N125 სკოლის დირექტორი ვიყავი, შემდეგ N117 და ბოლოს N42 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, 2012 წლიდან კი, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლას ვხელმძღვანელობ.
- თქვენთვის ამ სკოლის დირექტორობა გამოწვევაა თუ მიღწევა?
- არ მიფიქრია, ასე თუ მოხდებოდა, მაგრამ როდესაც დირექტორის მოადგილედ გადმოვედი, ჩემთვის სასიამოვნო ფაქტი იყო, ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებულ სწავლებას რომ ვემსახურებოდი. დირექტორობაზე არ მიფიქრია და პრესტიჟული სკოლის ხელმძღვანელობა გამოწვევა ნამდვილად არის. ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი სკოლაა, სადაც ახალგაზრდები ხარისხიან განათლებას იღებენ და მსურდა, ჩემი დირექტორობის დროს სკოლაში საქმე კი არ გაფუჭებულიყო, არამედ წინსვლა და სტაბილურობა გვქონოდა. სიახლეების მომხრე ვარ...
- ერთ-ერთი სიახლე ელექტრონული ჟურნალია. თქვენი სკოლის მასწავლებლები რამდენად გამართულად იყენებენ მას?
- აქ, 70 წელს მიღწეული, ისეთი მასწავლებლები ასწავლიან, პროფესიულად მაღალ შედეგებზე რომ გავიდნენ და თანამედროვე მოთხოვნებისთვის ფეხის აწყობაც შეუძლიათ, მაგრამ დახმარება მაინც სჭირდებათ. მე ასეთი მიდგომა მაქვს - მომმართეთ, ეგება მოგეხმაროთ, თქვენს გვერდით ვარ. სკოლაში ამ ადამიანებმა წლები იმუშავეს, მიაღწიეს უმაღლეს შედეგს, ჰყავთ ეროვნულ ნაკრებში, საერთაშორისო დონეზე გამარჯვებულები - მათემატიკოსებსა და ფიზიკოსებზე მაქვს საუბარი და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ თანამედროვე გამოწვევებს ფეხი აუწყონ.
ვაღიაროთ - პედაგოგთა ნაწილს ამ ჟურნალში მუშაობა უჭირს, ამიტომ მონიტორინგი ჩავატარეთ, ერთად გავდივართ საკითხებს, იციან, რომ კეთილგანწყობილი ვარ... ჩივილები არის ჟურნალის პროგრამასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, მთელ მსოფლიოში ასეა, მაგრამ მთავარია უკეთესობისკენ ვიმოძრაოთ; მესმის, გადართვა ძნელია, მაგრამ ვიემორებ - თანამედროვე გამოწვევებს ფეხი უნდა ავუწყოთ.
- თუმცა, პედაგოგებს ამ სიახლის მიღება დიდად არ ხიბლავთ და მიაჩნიათ, რომ მატერიალური ჟურნალიც უნდა ფუქნციონირებდეს..
- ყოველთვის მინდა სიახლესა და გამოწვევაზე ვიმუშაო. ჩემი სკოლის პოტენციალი ვიცი და კარგი იყო, როდესაც ორივე ჟურნალი მოქმედებდა; წელს კი მთლიანად ელექტრონულ ჟურნალზე გადავედით და მასწავლებლები ერთმანეთს ხშირად ეხმარებიან - ეს მიდგომა რომ არ გვქონდეს, უფრო გაგვიჭირდებოდა.
- დირექტორიც ხართ, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით - ალბათ, უკეთ ხედავთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელთა წინაშეც მასწავლებლები დგანან. როგორ ათავსებთ ამ ორ საქმიანობას?
- იოლი არ არის, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობ. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, მით უმეტეს, პანდემიის დროს. შეუძლებელია, დირექტორი მოდუნდეს. უამრავი საკითხია, რასაც დიდი ყურადღება სჭირდება. ერთი კლასი მყავს და ჩემთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა პროფესიულად უმნიშვნელოვანესია. მხოლოდ ჩინოვნიკივით ჯდომა არ შემიძლია, მოსწავლეებთან კონტაქტი მჭირდება, მით უმეტეს, თუ შედეგზე გადიხარ - ეს დიდი ბედნიერებაა.
ჩემი მიზანი არაა, მასწავლებელი დავსაჯო, ჩასაფრებულ პოზიციაში ვიყო და ხარვეზები აღმოვუჩინო, მთავარია შედეგზე გავიდე, ამისთვის კი მასწავლებელსა და მოსწავლესთან უნდა ვითანამშრომლო. მხოლოდ ადმინისტრაციული მეთოდებით, შედეგზე ვერ გახვალ.
- მოსწავლეებთან ურთიერთობა მართალია სასიამოვნოა, თუმცა დამეთანხმეთ, სირთულეებიც ახლავს...
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა ნებისმიერ სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეს უნდა სჯეროდეს მასწავლებლის. მასში მოწინააღმდეგეს კი არა, იმ ადამიანს უნდა ხედავდეს, ვინც მასზე ზრუნავს და ხვდება საჭიროებებს. მე ასე ვარ ყველა მოსწავლის მიმართ და მიხარია, რომ პრობლემებზე მესაუბრებიან - ეს დიდი მიღწევაა. მოსწავლეს მასწავლებლის უნდა სჯეროდეს, ჩვენ ტესტირების ისეთი სისტემა გვაქვს, რომ მოსწავლე დარწმუნებულია, მის მიმართ ტენდენციური ვერავინ იქნება - ნაშრომს 5 ადამიანი ასწორებს, აქვთ აპელაციის საშუალება და ისე დგინდება საბოლოო შეფასება. მსიამოვნებს, როდესაც მოსწავლე თავის პოზიციებს იცავს - ესაა უკვე საბოლოო შედეგი.
- ამ სკოლაში მუშაობის განმავლობაში რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა და როგორ მოაგვარეთ იგი?
- ზოგადად, პრობლემაა, რომ მოსწავლეთა 15-20% ამ სკოლაში მშობლების სურვილით სწავლობს. თავიდან შეიძლება თავისი სურვილით მოხვდა, მაგრამ მერე აღარ უნდა ფიზიკა-მათემატიკის გაღრმავებული კუთხით სწავლა და მშობელს კი ამის მიღება უჭრის... ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მშობელთან დიალოგი, რაც ნამდვილად არ მეზარება - მშობელმა უნდა აღიქვას, რომ ყველა ბავშვს არ შეუძლია ისწავლოს ფიზიკა-მათემატიკა. ჩვენთან მე-11 კლასში უმაღლესი მათემატიკის ელემენტებია, რაც ჩვეულებრივ სკოლაში არ ხდება. იქ ბავშვი შეიძლება 10 ქულას იღებდეს, მაგრამ ჩვენთან ასეთი შეფასების დამსახურებას დიდი შრომა სჭირდება.
ერთ ამბავს გავიხსენებ: მე-9 კლასელმა მათემატიკა და ფიზიკა ვერ დაძლია, არადა მამამისსა და მამიდამისს ეს სკოლა ჰქონიათ დამთავრებული და აცხადებდნენ, რომ სხვა სკოლაში ვერ გადაიყვანდნენ. ბავშვს ცალკე ვესაუბრე - იტირა, ჟურნალისტობა სურდა, შესანიშნავი მეტყველება და აზროვნება ჰქონდა, მშობელს კი მისი არ ესმოდა. ეს არის ძალადობა და დრო დაგვჭირდა, საკითხის მოსაგვარებლად. დღეს ის გოგო წარმატებული და ბედნიერია.
- თქვენი აზრით, რატომ აძალებენ მშობლები შვილებს კონკრეტულ სკოლაში სწავლას?
- ჩვენი კურსდამთავრებულების შედეგები ძალიან მაღალია. მათი 100% უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში ან საზღვარგარეთ აგრძელებს. ყველა მათგანი წარმატებულია და მიზეზიც ესაა.
- ღირს დაძალება იმ შედეგად, რასაც იღებენ? ვგულისხმობ იმ შემთხვევებს, როდესაც მოსწავლეებს ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლა არ უნდათ.
- რა თქმა უნდა, არა! მშობლებს შვილისთვის კარგი უნდათ, მაგრამ ძალადობით მიღწეული შედეგი არასასურველია. მოსწავლე, რომელსაც მათემატიკის ბუნებრივი ნიჭი აქვს, ასეთ წინააღმდეგობაში არ ვარდება. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მშობლები მოსწავლეებს მხოლოდ დასაწყისში აძალებდნენ სწავლას, შემდეგ კი ამის სურვილი თავად გასჩენიათ.
- ბევრ ბავშვს სურს თქვენს სკოლაში სწავლა?
- დიდია კონკურენცია - წელს მე-7 კლასში 125 მოსწავლე უნდა მიმეღო, კონკურსში კი დაახლოებით 900 მოსწავლე მონაწილეობდა. ეს მარტო მე-7 კლასში, დანარჩენ კლასებში კი გამოთავისუფლებულ ადგილებზეა კონკურსი.
- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ აპლიკანტები?
- მოსწავლის ცოდნა უნდა იყოს ახლოს ჩვენი სასკოლო გეგმით დადგენილ პროგრამასთან.
- როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირთ სწავლა თქვენს სკოლაში იმ მოსწავლეებს, რომელებიც ძველ სკოლაში ათოსნები და სანიმუშოები იყვნენ?
- ჩვენთან გაღრმავებული სწავლებაა და მოსწავლეს უწევს 10-ჯერ მეტი შრომის ჩადება პროგრამის დასაძლევად. შემწყნარებლები უნდა ვიყოთ, რადგან მოსწავლეები განსხვავებულ ფორმაციაში ხვდებიან. თუ მოსწავლემ ტესტი დაძლია, აქვს პოტენციალი, პროგრამა დაძლიოს.
- იმ აბიტურიენტთა რიცხვი, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკასა და ფიზიკას აბარებენ, სხვა საგნებთან შედარებით დაბალია. როგორ ფიქრობთ რამ განპირობა ეს?
- მოსწავლეებისთვის ეროვნული ოლიმპიადის ტურები ძალიან წამახალისებელი იყო, მე-7 კლასიდან ერთვებოდნენ და ტურიდან ტურში გადასვლა უხაროდათ. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა შეიზღუდა, მე-7, მე-8, მე-9 კლასელთათვის ოლიმპიადის ტურები აღარაა. ჩვენ ვცდილობდით, ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებს შორის შეჯიბრის ჩატარებას, მაგრამ ეროვნულ ოლიმპიადას სხვა დატვირთვა ჰქონდა, ბევრად პრესტიჟული იყო. ერთ-ერთი ფაქტორი ესეცაა, რამაც ეს პოზიციები უკან დახია. ასევე, მათემატიკისა და ფიზიკის სწავლა დიდ შრომასთანაა დაკავშირებული ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში ასეა.
- რა უდნა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსწავლეებს ფიზიკა-მათემატიკის მიმართ ინტერესი გაეზარდოთ?
- ოლიმპიადა თუ აღდგება და ჩატარდება საბაზო საფეხურის მოსწავლეთა შორის, ეს ამ საგნების მიმართ პოპულარობას გაზრდის.
- ისეთი მოსწავლე თუ გყოლიათ, თქვენს მოლოდინს რომ გადააჭარბა, ან პირიქით, ისეთი ვინც ვერ გაამართლა იმედები?
- ერთი საინტერესო მოსწავლე მყავდა, ოქროს მედალზე დაამთავრა ჩვენი სკოლა და კონსერვატორიაში ჩააბარა - ასეთ ადამიანებს უზარმაზარ პატივს ვცემ, მას თავისი „მე“ ჰქონდა, იცოდა, რა უნდოდა, საოცარი ნიჭი ჰქონდა და გაოცებული დავრჩი, როდესაც მისი დაკრული ჯაზური იმპროვიზაცია მოვისმინე. ეს ძალიან საინტერესო ფაქტი გახლდათ.
- ბატონო ნუგზარ, გამოტყდით, თავად როგორი მოსწავლე იყავით?
- უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, როდესაც ამოცანას ამოვხსნიდი... ოჯახიც მიწყობდა ხელს, დედა მყავდა მათემატიკოსი და სხვათა შორის არ მამეცადინებდა. უბრალოდ, თუ გამიჩნდებოდა კითხვა, მაძლევდა სწორ მიმართულებას. მე თვითონ რომ ვჭრიდი მათემატიკურ პრობლემებს, ამან გადამაწყვეტინა კომაროვში გადასვლა, სადაც მე-8, მე-9, მე-10 კლასებში ვსწავლობდი.
- ახლაც ხსნით მათემატიკურ ამოცანებს?
- დღეს, როდესაც გამოწვევას ვხედავ, ვმოქმედებ და შედეგზე გავდივარ, ეს მაძლევს დიდ სტიმულს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათემატიკური უნარები ძალიან მეხმარება. ანალიზი, სუსტი და ძლიერი მხარეები, რა გამოწვევასთან მაქვს საქმე და გამოსვლის გზები - ეს არის ცხოვრების წესი!
- ახლა იქ ხართ, სადაც წლების წინ წარმოგედგინათ თავი?
- უფრო სამეცნიერო კუთხით განვითრება მსურდა, ბევრ გამოკვლევაში ვმონაწილეობდი. შედეგიც იყო და ეს ძალიან დიდ სიამოვნებს მანიჭებდა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ მოსწავლესთან ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის.
- რა არის ამ ეტაპზე თქვენი მიზანი?
- ჩემი მიზანია, სკოლის ხარისხი და დონე შევინარჩუნოთ. ასევე, სკოლამ ინფრასტრუქტურული პრობლემები მოაგვაროს. ძველ შენობაში ვართ, ბევრი გამოწვევაა, ფართის მწვავე ნაკლებობას განვიცდით. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვაქვს, განათლების სამინისტრო მხარში გვიდგას. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდეს. ამიტომ, ახლა ეს არის ჩემი მიზანი. სამომავლოდ, მინდა წარმოვიდგინო, რომ სკოლას აქვს ახალი ინფრასტრუქტურული შენობა, ლაბორატორიები. შედეგად, მეტი თავისუფლება მოგვეცემა, რომ ფრთები გავშალოთ და უფრო მაღალ მიღწევებზე ვიფიქროთ, რადგან ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ამ ეტაპზე მოსწავლეთა რაოდენობა ბევრია და ინფრასტრუქტურულად შესაძლებლობები ნაკლებია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა