სიახლეები
სიახლეები

„მე უარს ვამბობ ამ გაკვეთილის სწავლაზე“ - მე-7 კლასის მოსწავლის პროტესტი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხი
08-02-2018
-
+


სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მეშვიდეკლასელი გოგონა ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოდან ერთ-ერთი მოთხრობის ნაწყვეტს კითხულობს და აღნიშნავს, რომ უარს ამბობს ამ გაკვეთილის სწავლაზე. 

„მერე წუპაკა აცეტონზე შეჯდა და ბოლომდე ჩაეშვა, სულ გათიშული დადიოდა. აი, ხო გელაპარაკებოდა არა, ჩვეულებრივად, უცებ აურევდა, სულ სხვაგან წავიდოდა, ბოდავდა თუ რა იყო, არ ვიცი - ხან დედას მეძახდა, ხან მამას, ხანაც რა ვიცი - რას. ბოლოს მოკვდა. ამბობდნენ, გაიყინაო,  მაგრამ ტყუილია, აცეტონით მოიწამლა. ეს სარდაფი რო არ მეშოვნა, მეც წუპაკასავით დამემართებოდა, რადგან, როცა კაიფობ, აღარ გცივა, უფრო სწორად, სიცივეს ვეღარა გრძნობ. თანაც, თითქოს ტელევიზორს უყურებო, ხედავ, როგორ მოდიან სპილოები, ლომები, ჟირაფები. მოდიან და მოდიან, შენ კი უყურებ. მაგრა ასწორებს.“

მეშვიდეკლასელი მოსწავლე ვიდეოში აღნიშნავს, რომ ურჩევნია საერთოდ არ იაროს ისეთ სკოლაში, სადაც ნარკოლოგიურ გაკვეთილებს ასწავლიან. ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდებს, რომ სახელმძღვანელოებში უფრო მეტად ასწავლონ საქართველოს ისტორია. 

მოთხრობა, რომლის სწავლებამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, არის ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში“.
ნუგზარ შატაიძე თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია. მისი მოთხრობები, ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ისწავლება სკოლებში. რაც შეეხება უშუალოდ ამ ნაწარმოებს, მასში ასახულია აფხაზეთის ომის შედეგად დაზარალებული ხალხის ყოფა, მათი ტკივილი, პატარა ბიჭები, რომლებიც დევნილობამ მაწანწალებად აქცია. ყინვისგან გათოშილი მოზარდები რეალობიდან თავის დასაღწევად წებოს ყნოსავენ და შემდეგ იწყება მოგზაურობა შორეულ აფრიკაში სპლოებთან, ლომებთან და ჟირაფებთან ერთად. ნაწარმოების მთავარი გმირი მეგობრის, წუპაკას ტრაგიკულმა აღსასრულმა აიძულა, ახალი ცხოვრება დაეწყო. სწორედ ამ მიზნით ის თბილისიდან აფხაზეთში მიდის მამის საპოვნელად. მოთხრობის მიხედვით გადაღებულია ფილმიც - „გაღმა ნაპირი“.

„მოგზაურობა აფრიკაში“ შედის სავალდებულო საკითხავ მასალაში. ნაადრევი ხომ არ არის მე-7 კლასში ამ ნაწარმოების სწავლება? - ჩვენ ამ კითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ. ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა მიიჩნევს, რომ მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის ამ ნაწარმოების შესწავლა ნაადრევია:

„ეს არის ნუგზარ შატაიძის საკმაოდ საინტერესო ნაწარმოები „მოგზაურობა აფრიკაში“.  ამ მოთხრობის მიხედვით ფილმიც არის გადაღებული „გაღმა ნაპირი“. მიმაჩნია, რომ მე-7 კლასისთვის ეს ნაწარმოები ნამდვილად ნაადრევია, სწორედ ამიტომ განახლებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ის აღარ მოხვდება. ჩვენ დავტოვეთ მხოლოდ კლასიკა, დროში გამოცდილი ლიტერატურა, რაც ვფიქრობთ, რომ სავალდებულო უნდა იყოს. საბაზო საფეხურზე თანამედროვე მწერლების სწავლებაზე აღარ გაგვიკეთებია აქცენტი, ეს საკითხი პედაგოგებს მივანდეთ. სახელმძღვანელოში რა ნაწარმოებები დაემატება, ამას გრიფირების კრიტერიუმებით დავარეგულირებთ, რომ იქაც არ გაიპაროს მსგავსი ტიპის პასაჟები. შეიძლება  ნაწარმოები საკმაოდ კარგი იყოს, მაგრამ ისეთი ტერმინები ან ფრაზები გამოიყენებოდეს, რაც არ არის სასურველი, მოზარდებმა იკითხონ. შეიძლება ამ შემთხვევაში ადაპტირება მოხდეს, გარკვეული მონაკვეთები შეიცვალოს და შესაბამისი მითითებაც გაკეთდეს,“ - აღნიშნა მარიამ ჩიქობავამ Etaloni.ge-სთან საუბრისას.

ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მასწავლებლების დახელოვნების საკითხსაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ეს თემები მოზარდებს ძალიან აინტერესებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგმა სწორად წარმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.

„მასწავლებლის დახელოვნებაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ასეთი ტიპის თემები ამ ასაკის მოზარდებს ძალიან აინტერესებთ და ჩვენ რომ არ მივაწოდოთ არანაირი ინფორმაცია, ისინი ამას თავისითაც შეძლებენ. ამ შემთხვევაში მთავარია, როგორ წარმართავს მასწავლებელი ამ ნაწარმოების სწავლა-სწავლების პროცესს. მე დავინტერესდი, როგორ არის ეს თემა სახელმძღვანელოში გაშლილი. სამწუხაროდ, არ არის ისეთი კითხვები დასმული, რომ ამ პრობლემაზე დააფიქროს მოსწავლე. ასეთ თემებს კი არ უნდა გავექცეთ, პირიქით, სწორი შეხედულებები უნდა ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეებს. ადიქციურ (ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მოხმარება, კიბერდამოკიდებულება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) ქცევაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკში, აუცილებელია, სწორი ფორმებით და სტრატეგიით წარმართოს მასწავლებელმა ამ თემების შესახებ მსჯელობა,“ - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

კერძო სკოლა „ცოდნის“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან ცხომარიაც მიიჩნევს, რომ ეს მოთხრობა მაღალ კლასებში უნდა ისწავლებოდეს.

„ამ მოთხრობას სერიოზული შესავალი სჭირდება. თუ ბავშვმა არ იცის ისტორიიდან, რა არის აფხაზეთის ომი, რა პრობლემაზეა ამ ნაწარმოებში საუბარი, ბუნებრივია, გაიგებს ისე, როგორც გაიგო ამ 12 წლის გოგონამ. სხვათა შორის, ეს მოთხრობა 12 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის არ არის განკუთვნილი, ეს არის 15 წლის ბავშვებისთვის. 12 წლის ბავშვი „დიდოსტატის მარჯვენას“ ან „ჯაყოს ხიზნებს“ გაიგებს? ეს არის მაღალკლასელებისათვის. „მოგზაურობა აფრიკაში“ ფილმთან - „გაღმა ნაპირი“ ერთად უნდა ასწავლოს მასწავლებელმა და პარალელები უნდა გაავლოს. მე ჩემს მოსწავლეებს დოკუმენტური ფილმებიც ვანახე ამ თემაზე და მათ არაადეკვატურად არ გაუგიათ. არც იმ აცეტონზე მიუქცევიათ ყურადღება. ნაწარმოებში აღწერილი ხომ რელობაა? ძალიან კარგად ვიცით, რომ 90-იან წლებში ასეთი რაღაცები ხდებოდა. ეს არის უპატრონო ბავშვების ცხოვრება, ქუჩის ცხოვრება. მასწავლებელმა ასეთი კუთხით უნდა დაანახოს და იმ აცეტონის სუნთქვაზე ნუ მიაქცევინებს ყურადღებას, სოციალურ ყოფაზე გააკეთოს აქცენტი. ნაწარმოებში არის ჟარგონები, ბარბარიზმები, ეს მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს გრამატიკის სწავლებისთვის. „მოგზაურობა აფრიკაში“ ღრმად ფსიქოლოგიური ნაწარმოებია, ტკივილი და სევდაა მასში. როგორ შეიძლება პატარ-პატარ წინადადებები ამოკრიბო და ამის მიხედვით იმსჯელო ამ ნაწარმოებზე?!“ - აღნიშნავს დარეჯან ცხომარია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში

ოლიპიადის შედგების გასაჩივრება დაიწყო -  აპელაციის ვადები და ინსტრუქცია 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია

 ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება