სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ
08-02-2018
დაკოპირებულია
-
+
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც ყველამ ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო უნივერსიტეტის სტუდენტის, ლევან ნოზაძის ხსოვნას, რომელიც ახლახან გარდაიცვალა. მას დღეს წითელი დიპლომი უნდა აეღო.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ახალგაზრდებს სწავლის დამთავრება მიულოცა, გზა დაულოცა და ცხოვრების ფართო ასპარეზზე წარმატებები უსურვა. დაჯილდოებას სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ომარ არდაშელია უძღვებოდა.
„ამაღლვებელია დღევანდელი დღე და მე მიხარია, რომ უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციამ საფუძველი ჩაუყარა ასეთ ლამაზ ტრადიციას და ჩვენ საზეიმო ვითარებაში გადმოგცემთ დიპლომებს,“- აღნიშნა ომარ არდაშელიამ.
კურსდამთავრებულებს დიპლომები და საჩუქრები უნივერსიტეტის რექტორთან, ბატონ ზურაბ ხონელიძესთან ერთად მისმა თანაშემწემ, თინათინ გაბედავამ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თამარ ბელქანიამ გადასცეს. ღონისძიების დასასრულ, „ვივა აკადემია“-ს ფონზე, კურსდამთავრებულებმა რექტორთან და ფაკულტეტის პროფესორებთან ერთად, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.