მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ ფორმატში გრძელდება. პროექტი, ტრადიციულად, მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და მათი მოტივაციის გაზრდაზე ზრუნავს, მთელ საქართველოს მოიცავს და მუნიციპალიტეტების მიხედვით მიმდინარეობს. 9 ნოემბერს კონკურსის პირველი ეტაპი მარნეულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.
პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მარნეულელი მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. სიგელები მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში დიდი სიამაყით გააზიარეს და მილოცვებიც მიიღეს.
მარნეულის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს:
რუსლან ბოლქვაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენი სკოლიდან „ეტალონში“ პირველ ტურში მონაწილეობა 12-მა მოსწავლემ მიიღო და მათგან 5 მეორე ეტაპზე გადავიდა, რითაც მთელი სკოლა ძალიან ვამაყობთ. რა თქმა უნდა, მათ შემდეგ ტურეშიც წარმატებებს ვუსურვებთ. უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვების დაინტერესება „ეტალონის“ მიმართ დღითიდღე იზრდება. ეს პროექტი ერთგვარი მოტივაციაა მათთვის, რათა უკეთ ისწავლონ და მომავალშიც წარმატებებს მიაღწიონ. ის ფაქტი, რომ ჩემპიონატი დისტანციურად ჩატარდა, ხელისშემშლელი არ აღმოჩნდა, პირიქით, ბავშვები გაცილებით კმაყოფილები დარჩნენ. ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებს „ეტალონი“ - ასეთი მასშტაბის დისტანციური კონკურსის ჩატარებით, ზრუნავთ მომავალი თაობის განვითარებაზე. ჩვენი სკოლა სიამოვნებით მეგობრობს თქვენთან და მომავალშიც გააგრძელებს ამ ურთიერთობას“.
ქეთევან მერაბიშვილი, ქალაქ მარნეულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
„ეტალონში“ მონაწილეობა ნებისმიერი სკოლისთვის საამაყოა. ამიტომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის მოუთმენლად ელიან ამ პროექტის დაწყებას და აქტიურად არიან ჩართულები, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, გულშემატკივრობენ. ჩემპიონატის დისტანციურად ჩატარებას, მოსწავლეების მოტივაციისთვის ხელი არ შეუშლია. საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს და მომავალში უფრო დიდი წარმატების იმედი გვაქვს, რადგან „ეტალონი“ მუდმივად იძლევა შედეგების გაუმჯობესებისა და მოტივაციის მომატების საშუალებას. თითოეული სერტიფიკატი თუ ჯილდო, რასაც მოსწავლეებს გადასცემთ, საამაყოა. უფრთხილდებიან ამ წარმატებას და ცდილობენ, წინ წავიდნენ. ყველა აქტივობა, რაც მოსწავლის განვითარებას ხელს შეუწყობს, სასურველი და მისაღებია, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როდესაც სასწავლო პროცესი გარკვეულწილად მაინც ფერხდება სკოლისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო“.
სალომე მაყაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლის დირექტორი:
„წლევანდელ ჩემპიონატში ნამდვილად გამორჩეული მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჩვენი სკოლიდან სამივე მონაწილემ შეძლო მეორე ტურში გადასვლა, რითაც თვითონაც და ჩვენც - მასწავლებლები, უზომოდ ვამაყობთ. მათ უკვე მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატები „ეტალონისგან“ და მეორე ტურის სამზადისსაც მეტი შემართებით შეუდგნენ. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ტესტირების ჩატარების ფორმატიც, რადგან შედეგებს დასრულებისთანავე ხედავენ. ვფიქრობ მსგავსი პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ სკოლებისთვისაც. როცა მოსწავლეები ხედავენ, რომ მათი თანატოლების ცოდნა დაფასებულია, თვითონაც უჩნდებათ მიბაძვის სურვილი. უფრო კარგად სწავლობენ და წარმატებასაც აღწევენ. „ეტალონი“ მათ ყოველთვის უდგას გვერდით და შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს“.
ნანა პაკელიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ტესტირების პროცესი სრულყოფილად მიმდინარეობდა, ბავშვები კმაყოფილები იყვნენ. 4 მოსწავლე მონაწილეობდა ჩვენი სკოლიდან, სამწუხაროდ, მეორე ეტაპზე გადასვლა ვერ მოახერხეს, თუმცა ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემთ, რომ მომავალში უკეთ მოემზადონ, არ შეწყვიტონ მიზნისთვის ბრძოლა. ძალიან კარგი პროექტია, გვიყვარს „ეტალონი“, რადგან ცოდნის, უნარების გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, აზროვნებასა და ინტელექტს მოითხოვს მათგან. „ეტალონში“ მონაწილეობა საამაყოა მოსწავლეებისთვის, იციან - რაც უფრო კარგად ისწავლიან, გაიღრმავებენ ცოდნას ამა თუ იმ სფეროში, მეტ წარმატებას მიაღწევენ“.
ანარ ალიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის დირექტორი:
„ყოველწლიურად უფრო და უფრო ინტერესდებიან ბავშვები, რომ „ეტალონში“ მიიღონ მონაწილეობა, რადგან ხედავენ - მათი შრომა, ცოდნა ფასდება. ეს პროექტი მოსწავლეებს წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში როგორ შეიცვალა სასკოლო ცხოვრება, ამ ფონზე „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ნათელი სხივია მოსწავლეების ცხოვრებაში. პირველ ტურში ჩვენი სკოლის 14 მოსწავლე მონაწილეობდა, სამი მათგანი მეორე ტურში გადავიდა და მონდომებით ემზადებიან, რომ შემდეგ ეტაპებზეც ასეთივე კარგი შედეგი აჩვენონ“.
მურად მაისურაძე, მარნეულის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენი სკოლის სამი მონაწილიდან, ორმა მოახერხა „ეტალონის“ მეორე ეტაპზე გადასვლა, პროცესითაც და შედეგითაც ძალიან კმაყოფილი ვართ. როგორი ფორმატითაც უნდა ტარდებოდს „ეტალონი“ ის ყოველთვის კარგადაა ორგანიზებული და თითქმის ორი ათეული წელია დგას მოსწავლეების განვითარებისა და წარმატების სამსახურში. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის დისტანციური ფორმატი ძალიან მოსახერხებელი იყო. მოსწავლეები მიღებული შედეგებით კმაყოფილები იყვნენ და დიპლომებმაც ძალიან გაახარა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა