„სკოლაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესი ჰიბრიდული ფორმით მიმდინარეობს“- ითხვისის N1 სკოლის დირექტორი გურამ ნადირაძე
11-11-2021
დაკოპირებულია
-
+
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი გურამ ნადირაძე საუბრობს.
- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?
- სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში, ეპიდვითარებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესი ჰიბრიდულად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩვენთან სწავლების ფორმა არის დასწრებითი. მოსწავლეები და მშობლები გაგებით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას და შეძლებისამებრ ცდილობენ არ მოწყდნენ სასწავლო პროცესს. იცავენ რეგულაციის ნორმებს.
- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?
- რაც შეეხება კომპლექსურ დავალებებს, ჩვენს სკოლაში ეს ფორმატი სიახლეა და გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით, თუმცა ტრენინგების შემდეგ ყველა მასწავლებელი პასუხისმგებლობით მიუდგა ამ საქმეს; რამდენად გაამართლებს სწავლების მსგავსი მეთოდი, ამას ალბათ ახლო მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი მეთოდით მეტი შესაძლებლობა მიეცემათ მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების.
- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?
- პანდემიიდან გამომდინარე სასკოლო ღონისძიებების ფორმატი შეიცვალა. თავს ვარიდებთ მასობრივ თავშეყრას სკოლის შენობასა თუ სპორტულ დარბაზებში. ვესწრებით ონლაინ შეკრება - სემინარებს, დაგეგმილი გვაქვს ვაჟა-ფშაველას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ლიტერატურული საღამო.
- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?
- ჩვენი სკოლის მასწავლებელთა და მშობელთა განწყობა ასეთია - ისინი შაბათის სასწავლო დღედ გამოყენებას არ ეთანხმებიან.
- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?
- აცრილია ჩვენი სკოლის თანამშრომლების 63 პროცენტი, რაც შეეხება მოსწავლეთა მშობლებს, მათ შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს.