„სკოლა ამაყობს, როცა მისი კურსდამთავრებული სამაგალითოა“- ქვედა სიმონეთის N2 სკოლის კურსდამთავრებულის თედო ხუსკივაძის ნახატების გამოფენა გაიმართა
11-11-2021
დაკოპირებულია
-
+
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის თედო ხუსკივაძის ნახატების გამოფენა თერჯოლის სამხატვრო სკოლაში გაიმართა.
სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულით და ცხოვრების გზაზე უდიდეს წარმატებას უსურვებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ თედო ხუსკივაძემ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე განაგრძო.
„სკოლა ამაყობს, როცა მისი კურსდამთავრებული სამაგალითოა, როცა მომავალი თაობები მხოლოდ დადებითს ხედავენ მასში და აღმზრდელი პედაგოგები კი კმაყოფილებას განიცდიან თავიანთი შრომის გამართლებით. სწორედ ასეთია ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თედო ხუსკივაძე. ამ დღეებში, თერჯოლის სამხატვრო სკოლაში თედოს პერსონალური გამოფენა გაიმართა. ფერწერასა და გრაფიკაში გაცოცხლებული ახალგაზრდა მხატვრის ჩანაფიქრი და განცდილი არამარტო პროფესიონალის, არამედ ყველა დაინტერესებული პირის ყურადღებას იპყრობს. რა თქმა უნდა, დიდია თვით ოჯახის და ყველა იმ პედაგოგის დამსახურება, ვინც თედოს წარმატებებში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის კი განსაკუთრებულია მშობლიური სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წვლილი, რომლის ხელშეწყობითაც გაღვივდა თედოს შემოქმედებითი აზროვნება. საკუთარ ლექსებსა თუ ლიტერატურულ ჩანახატებში გადგმულ ფესვებზე აღმოცენდა თედოს თვალით დანახული ქართველ მწერალთა პორტრეტები, პერსონაჟთა სახეები თუ უახლეს ადიამიანთა ტიპაჟები. საინტერესოა, რომ ახალგაზრდა ხელოვანმა პროფესიად ზუსტი მეცნიერება - ბიზნეს ეკონომიკა აირჩია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მის მრავალმხრივ ნიჭიერებაზე. ვუყურებთ თედოს ნამუშევრებს და ვგრძნობთ სამყაროს სუნთქვას, ფერთა სიუხვეს და შეხამებას, სილამაზეს, მუსიკის ჰარმონიით შეზავებულს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.