„შაბათის სასწავლო დღედ გამოყენება მოსწავლეებისთვის ზედმეტი დატვირთვაა“-ხუცუბნის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ბასილაძე
11-11-2021
დაკოპირებულია
-
+
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ბასილაძე საუბრობს.
- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?
- ამ ეტაპზე დასწრებითი სწავლების ფორმით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.
- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?
- მასწავლებლების ნაწილს მოსწონს კომპლექსური დავალებები, რადგან მოსწავლეები მეტი ჩაღრმავებით ეკიდებიან მის შესრულებას, ნაწილი კი თვლის, რომ ახალია და ჯერჯერობით გათავისებული არ აქვთ. აღნიშნავენ, რომ ამ კუთხით საჭიროებენ ტრენინგებს. მშობლებს მიაჩნიათ, რომ ეს ბავშვისთვის რთულია, რესურსებიც ბევრია საჭირო, შრომატევადია და ლამის მთელი ოჯახია ჩართული მის შესრულებაში.
- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?
- მხოლოდ საკლასო აქტივობებით, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ,რომ რადგან სკოლა მეორე ცვლაში მუშაობს, დრო ამისთვისაც არ ჰყოფნით. სკოლა მონაწილეობს აჭარის საგნობრივ და ეროვნულ ოლიმპიადებში.
- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?
- მიუხედავად იმისა, რომ სირთულეები მართლაც იქმნება სასწავლო პროგრამის ათვისებაში, შაბათი დღის სასწავლო დღედ გამოყენება მოსწავლეებისთვის დამტვირთველია, ამიტომაც აღნიშნულს სკოლა არ გეგმავს.
- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?
- მასწავლებელთა 84 % აცრილია, რაც შეეხება მშობელთა ვაქცინაციას, ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ვფლობთ.