ახალი დიოკნისის საჯარო სკოლამ საგრანტო კონკურსში მოპოვებული დაფინანსებით სასათბურე მეურნეობა მოაწყო
18-11-2021
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ გამოცხადებულ კონკურსში 5000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს.
სკოლის დირექტორის, ნათია ფუტკარაძის განცხადებით, მიღებული თანხა მთლიანად საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოს განაშენიანებას მოხმარდა; თავისი წვეთოვანი სისტემით გაკეთდა სასათბურე მეურნეობა; ასევე სკოლამ შეიძინა ბოძები, რომლებსაც ვაზის გასაშენებლად გამოიყენებენ.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ პროექტში სკოლა იანვრში ჩაერთო და მიზანი სკოლის ტერიტორიაზე არსებული სივრცის მწვანე ნარგავებით განაშენიანება და ასევე სასათბურე მეურნეობის დაწყება იყო.
„მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნო ბავშვების ჩართულობა. პროექტში განსაკუთრებით მეთორმეტე და მეათე კლასის მოსწავლეები აქტიურობდნენ. სკოლაში ისეთი ბავშვები გვყავს, რომელთა ოჯახებს სასათბურე მეურნეობა აქვთ და ამ სფეროში დიდი გამოცდილებაც. სწორედ ამ მხრივ ვიფიქრეთ არსებული გამოცდილება თანაკლასელებისთვის გაეზიარებინათ. სკოლას თითქმის ერთი ჰექტარი განაშენიანების ადგილი აქვს და ვიფიქრე, ეს საქმე რაღაც სარგებელს მოგვცემდა. გადავწყვიტეთ სათბურის გაკეთება, რაშიც დიდი თანხა გვჭირდებოდა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ არ გვქონდა. აღნიშნულ ორგანიზაციაში შევიტანეთ განაცხადე და დაგვიფინანსეს 5000 ლარით. ჩვენ ამ თანხით სათბური და ამ სათბურში წვეთოვანი სისტემაც გავაკეთეთ. შევიძინეთ ბოძები, რომელთაც სკოლის ეზოში ვაზის გასაშენებლად გამოვიყენებთ. ამ საქმიანობაში სკოლასთან ერთად მშობლებიც არიან ჩართულები. ერთ-ერთმა მშობელმა სალათის ფოთლის ნერგები უსასყიდლოდ გადმოგვცა. თანხა, რომელიც ამ სასათბურე მეურნეობიდან შემოვა აუცილებლად ბავშვებისთვის აქტივობებში გაიხარჯება. ეს არის სამეწარმეო საქმიანობა, რომელშიც მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები არიან ჩართულები“, - აღნიშნავს დირექტორი ნათია ფუტკარაძე.
დირექტორი ასევე, აცხადებს რომ სამომავლოდ სკოლის ტერიტორიაზე, რომელიც ერთ ჰექტამდრეა ხეხილის გაშენებაც იგეგმება.
აღნიშნული პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.