სიახლეები
სკოლები

„დაგვეხმარეთ, რომ 130-წლიანი ისტორიის მქონე სკოლა არ დავანგრიოთ!“ - მაცხოვრისკარელი გოგონას წერილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს
13-02-2018
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის მაცხოვრისკარში 130 წლის წინ ხისგან აშენებული, ერთსართულიანი სკოლის დანგრევა და მის ადგილზე ახალი სკოლის აშენება იგეგმება. სკოლის შენობის შენარჩუნების თხოვნით, მაცხოვრისკარელმა ირმა ჭანტურიამ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიმართა. გთავაზობთ მის წერილს:

„სალამი ბატონო მიხეილ! სტუდენტი გოგონა, მომავალი ისტორიკოსი გწერთ დიდი იმედებით აბაშიდან. არ გეგონოთ, პირადი მიზნებისთვის გაკარგვინებდეთ ძვირფას დროს. დარწმუნებული ვარ, თქვენი განთლების მქონე ადამიანი პოსტს ისე არ ჩაიბარებდა, რომ მემკვიდრეობისათვის არ გადაეხედა, რომელიც საკმაოდ მძიმეა და რომელსაც ახლა „კარგი ხელი“ სჭირდება.

მოგეხსენებათ, პრობლემურია სოფლებში (არაფორმალური/პროფესიული) განათლების მიღება და როგორ გამორბიან ახალგაზრდები მათი მშობლიური ადგილებიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ვერ განვითარდებიან, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, სწორედაც იქცევიან, მგონი ვერც თქვენ გაამტყუნებთ. იქ, სადაც არ ჩანს განვითარების პერსპექტივა, რთულია, დარჩე და ელოდო, როდის გაუმჯობესდება მდგომარეობა. აი, მაშინ კი, როცა თავად ხდები გაუმჯობესების ინიციატორი, ბევრ წინააღმდეგობას აწყდები და მეტიც, აქ მხოლოდ შენ და შენი მეგობრები რჩებით დიდი სახელმწიფო მანქანის პირისპირ, სადაც სრულიად, გაუსაძლისად უძლური ვართ.

ჩვენთან, აბაშის მუნიციპალიტეტში, ასეთი სოფელია - მაცხოვრისკარი, სადაც გავიზარდე და სადაც ჩამოვყალიბდი ადამიანად. სოფელს განათლების წყარო მხოლოდ ერთი აქვს - საუკუნოვანი ისტორიის მქონე სკოლა, რომელიც ახლა გაქრობის საფრთხის წინაშეა, რადგან მის ადგილზე ახლის აშენება გადაწყდა. სკოლა ძველი ტაძრისა და ერთ-ერთი თავადის სახლის მასალებით არის აშენებული. ახლა ამბობენ, რომ ტაძრის კუთვნილი მასალა მასვე უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ რისთვის? შეშად რომ გამოიყენონ?! სამშენებლო მასალად ხომ არ გამოდგება საუკუნის ფიცარი?! ვიცი და მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია სოფელს ახალი სკოლა და ბავშვებს განათლების გაუმჯობესებული ხარისხით მიღების საშუალება ჰქონდეთ, მაგრამ არა ისტორიის დავიწყებისა და განადგურების ხარჯზე.

თუ სკოლას სხვა ადგილზე ავაშენებთ, მაგალითად, იქვე ახლოს მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამჟამად საპატრიარქოს საკუთრებაა (საპატრიარქო კი თანახმაა მიწა სკოლისთვის დათმოს) და ფართი იმდენივეა, რამდენიც ახლა არსებული სკოლის ეზო და თუ  შენობა, რომელშიც ახლა სკოლაა განთავსებული, ერთდროულად მუზეუმად და განათლების ცენტრად იქცევა, რომელიც ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი იქნება, სადაც ჩვენი და უფროსი თაობის ადამიანები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებთ. დარწმუნებული ვარ, როგორც სოფლისთვის, ისე ქვეყნისთვის ეს განათლებისა და წინ წაწევის კიდევ ერთი ახალი შანსი იქნება.

გთხოვთ, მხოლოდ აკადემიური განათლების ინტერესს ნუ დაიცავთ და ახალგაზრდული ინიციატივებისა და არაფორმალური განათლების სერვისებს ხელს ნუ შეუშლით!

ჩამობრძანდით ბატონო მინისტრო, თქვენი თვალით ნახეთ, რა შეიძლება დავკარგოთ. მერე რა, რომ პროფესიით მათემატიკოსი ხართ, ხომ იცით ჩვენი ქვეყნის ისტორია? ხომ გაგიგიათ ილიას სიტყვები „ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებსო“. ჰოდა, არამგონია, თქვენი მიზანი ეს იყოს, თქვენ ხომ თქვით ერთ-ერთ ინტერვიუში „ჩემს ენერგიას, ცოდნასა და გამოცდილებას მოვახმარ საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმესო“.

ჰოდა, დაგვეხმარეთ, რომ ისტორია არ დავანგრიოთ! დაგვეხმარეთ, რომ ქვეყანას ისტორია შევუნარჩუნოთ, სოფელში ახალგაზრდებს შეკრების სივრცეები არ გავუნადგუროთ სამუდამოდ და სოფლად დარჩენილი ბავშვებისა თუ ახალგაზრდების განვითარებაზე სკოლის მიღმაც ერთად ვიზრუნოთ. სოფლიდან ისედაც გარბიან ქალაქში, გაქცევის კიდევ ერთ მიზეზს ნუ დავუმატებთ!“

მაცხოვრისკარის სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოკუჩავა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ძველი შენობის ადგილზე ახლის აშენება მთელი სოფლის მოთხოვნაა:

„მთელი სოფელი ფეხზე დგას, რომ ძველი შენობის ადგილზე ახალი სკოლა აშენდეს, მხოლოდ ერთია წინააღმდეგი. ირმა ჭანტურია ჩვენთან პირველ კლასში სწავლობდა რამდენიმე თვე, შეიძლება ერთი წელიც. შემდეგ გადავიდა აბაშის N1 საჯარო სკოლაში და ის სკოლა დაამთავრა.“

კულტურის სამინისტროს დასკვნის მიხედვით, შენობას კულტურულ-ისტორიული ღირებულება არ აქვს. სკოლის დირექტორის თქმით, ავარიულ შენობაში სწავლება შეუძლებელია, სწორედ ამიტომ სასწავლო პროცესი ამჟამად საკრებლოს შენობაში მიმდინარეობს.

„2017 წლის ოქტომბერში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დასკვნით,  შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს. დღესაც იყვნენ სააგენტოს წარმომადგენლების მოსულები, შენობას სურათები გადაუღეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ამ სკოლის ამბავი და, სავარაუდოდ, ამიტომაც ჩამოვიდნენ. რა დასკვნას გამოიტანენ, არ ვიცით. ჩემი აზრით, ეს ისეთი შენობა არ არის, რომ კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსი მიენიჭიოს, მაგრამ თუ მიანიჭებენ, ეს მათი პრეროგატივაა. ადრე შენობა თავადს ეკუთვნოდა, მერე კომუნისტების დროს ჩამოართვეს. მასალები სხვა ტერიტორიაზე გადმოიტანეს და სკოლა ააშენეს. 30-იან წლებში ამ შენობას სოფლის ეკლესიის მასალები მიუმატეს. ეკლესია თავის კუთვნილებას ითხოვს, ზოგი კი ამ შენობაში მუზეუმის გაიხსნას ითხოვს, რისი მუზეუმი იქნება, არ ვიცით. სოფელში სკოლას მეტი ფართი არ აქვს და ავარიულ შენობაში მუშაობა და ბავშვების სწავლება, შეუძლებელია. როდის დაგვენგრევა თავზე, არ ვიცით. ბავშვები გაყვანილი გვყავს დროებით სხვა შენობაში. ახლა 56 მოსწავლე სწავლობს, 120-130 ბავშვი ყოველვის მყავდა, მაგრამ ასეთ პირობებში ძალიან რთულია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი გაკვეთილის ჩატარება, შედგეების მიღწევა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან დამირეკეს და მითხრეს, რომ აუქციონი გრძელდება. მათი ინფორმაციით, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადების პროცესი შეჩერდება. მერე, ალბათ, სხვა ინსტრუქცია წამოვა. ასეთი სიტუაცია საქართველოში არ ყოფილა.“

აბაშის რესურსცენტრის უფროსის, მერაბ მიგინეიშვილის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექპერტები კიდევ ერთხელ განიხილავენ შენობის სტატუსს:

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ექპერტები იყვნენ ჩამოსულები, კიდევ ერთხელ დაათვალიერეს შენობა. ადრე მათ მიერ არის გაცემული ცნობით, ეს შენობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მაგრამ, რადგან ასეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს, კიდევ ერთელ განიხილავენ, თქვეს, რომ ახალი გარემოებები აქვთ. 25 წელია, ეს სოფელი ითხოვს ახალი სკოლის აშენებას. 300-ზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს, რომ ძველის სკოლის ადგილზე ახალი აშენებულიყო. ჩვენ შეთანხმებული ვართ ერთ საკითხზე - ეს შენობა სკოლად არ გამოდგება, ბავშვებს სჭირდებათ ახალი სკოლა. შენობა ავარიულია, რის გამოც, ბავშვები მე-2 სემესტრიდან გაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილას. სკოლაში უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, არც პირობებია. მაგრამ თუ ძველ შენობას დატოვებენ, სოფელი ახალ ადგილს გამონახავს სკოლის ასაშენებლად.“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება