მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, უწყებას მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შეაქვს, რომლის თანახმადაც, პრაქტიკოსები, რომლებსაც გამოცდა თუნდაც ერთ კრედიტზე აქვთ ჩაბარებული, უფროსის სტატუსს მიიღებენ.
რატომ იყო ეს გადაწყვეტილება პედაგოგებისთვის მოულოდნელი?
რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მიხელ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკოლა უნდა დაეტოვებინა ყველას, ვინც მასწავლებლის კომპეტენციას მინიმალურად ქულაზეც ვერ ადასტურებდა. ორ დღეში კი აღმოჩნდა, რომ პრაქტიკოსები, რომლებმაც საკუთარი საგნის ცოდნა, ვერ გამოავლინეს, უფროსის სტატუსს მიიღებს. მინისტრი ასევე აღნიშნავდა, რომ სკოლაში ის კადრები უნდა დასაქმებულიყვნენ, რომლებიც ამას იმსახურებდნენ.
რატომ ეწყინათ მინისტრის გადაწყვეტილება პედაგოგებს?
მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, ააღელვა ის უფროსი მასწავლებლები, რომლებმაც გამოცდების ჩაბარებასა და სავალდებულო კრედიტების დაგროვებას წლები მიუძღვნეს. განსაკუთრებით იმედგაცრუებულები დარჩნენ ის მასწავლებლები, რომლებმაც საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა 2014 წლამდე ჩააბარეს. უნდა აღინიშნოს, რომ 2010-2014 წლებში საგამოცდო ტესტები ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე მას შემდეგ, რადგან მაშინ მასწავლებლებს უნდა გამოევლინათ არა მხოლოდ საგნის, არამედ იმ მეთოდების ცოდნაც, თუ როგორ უნდა ესწავლებინათ ესა თუ ის საგანი.
შური თუ უსამართლობის განცდა?
უფროსი მასწავლებლები, კოლეგიალურობიდან გამომდინარე, აღნიშნავენ, რომ პრაქტიკოსი პედაგოგების სკოლიდან გაშვება არ გაუხარდებოდათ, თუმცა საახალწლოდ მათი უფროსის სტატუსით დასაჩუქრებამ უსამართლობის განცდა გაუჩინა.
თბილისის საჯარო სკოლის მასწავლებლები etaloni.ge-ს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ:
„მე-11 წელია გამოცდები მიმდინარეობს, ყველა პედაგოგს გვქონდა საკმარისი დრო, რომ კომპეტენცია დაგვედასტურებინა. ბოლო-ბოლო სულ რომ არაფერი იცოდე და 10-ჯერ გამოცდაზე გახვალ, დაშვებული შეცდომებიდან მაინც ისწავლი ადამიანი. იმ პრაქტიკოსების ნაწილს, რომელსაც მინისტრი სტატუსს ჩუქნის, საკუთარი საგნის ცოდნაც არ აქვს, ნაწილი კი არასერიოზულად ეკიდებოდა თავად გამოცდებს და არც ცდილობდა ცოდნის წარმოჩენას, მე მაინც არავინ გამიშვებსო ფიქრობდა და მართალიც აღმოჩნდა. ამ ქვეყანაში არც განათლება ფასობს, არც სამართლიანობა და არც პასუხისმგებლობა. რა გამოვიდა? ვინც გამოცდებს თავიდანვე პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ, ჩვენ სულელები ვყოფილვართ, ისინი კი, ვინც იმ საგანსაც არ ფლობს, რასაც ასწავლის - ჭკვიანი. უბრალოდ, ძალიან უხერხულია...“
„პრაქტიკოსი მასწავლებლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვღელავდი კიდეც, როცა ამბობდნენ, სკოლიდან უნდა გავუშვათო, ვფიქრობდი, რომ მათი გამოცდილება რამენაირად უნდა გამოეყენებინა სკოლას, მაგრამ არა სტატუსების ჩუქებით. ვულოცავ მათ მინისტრის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ უსამართლობა მახრჩობს. განა იმიტომ, რომ მშურს და მეც ასე ნაჩუქარ სტატუსს ვისურვებდი?! - არა! არ შეიძლება მინისტრი საკუთარ სიტყვას არ სცემდეს პატივს, არ შეიძლება კანონში იმდენად ხშირად წერდნენ იმას, რაც სურთ, როგორც მე - ჩემს უბის წიგნაკში, არ შეიძლება ყველაფრის მორგება პოლიტიკური ქულების დასაწერად. მინისტრის გადაწყვეტილებამ მიგვახვედრა, რომ შრომას, მონდომებასა და პასუხისმგებლობას ჩალის ფასი აქვს. ამ უსამართლო ნაბიჯს სამართლიანად მხოლოდ ერთი რამ გახდის - პროფესიული წინსვლის სქემაში ასევე შევიდეს ცვლილება, რომ 2010-2014 წლებში გამოცდაჩაბარებულებს მიენიჭოთ მენტორის სტატუსი, 2014-2020 წლებში გამოცდაჩაბარებულებს კი - წამყვანის. ეს იქნება სამართლიანი და აღარავის გაეჩხირება თვალში პრაქტიკოსებისთვის მინიჭებული სტატუსი. ჩვენ სტატუსის ჩუქება არ გვინდა - სამართლიანობას ვითხოვთ“.
„მივესალმები სქემაში შესატან ცვლილებას, მაგრამ, მოდი, განვმარტოთ. რა ვუთხარით ამ ნაბიჯით ახალგაზრდებს, რომლებმაც გამოცდები მოქმედ მასწავლებლებზე უკეთ ჩააბარეს და გულანთებული ელოდებიან, როდის დასაქმდებიან სკოლაში? მათ ჩვენ, მასწავლებლებმა ვასწავლეთ, რომ სწავლას ყოველთვის არ მოჰყვება შედეგი, რომ კანონები ფორმალურად გვაქვს. მე ვგრძნობ თავს უხერხულად პრაქტიკოსების ნაცვლად. არც მათი ჩაგვრის მომხრე ვარ და არც მუდმივი წამოძახების, რომ აი, თქვენ გამოცდებს ვერ აბარებთ, მაგრამ ასე არ შეიძლება. განათლების სისტემაში რომ არ ფასობს განათლება, სხვაგან ვის რა უნდა მოვთხოვოთ?!“
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსებს უფროსის სტატუსი მიანიჭა და სკოლაში დატოვა.
იხილეთ ასევე: „ცხრა სიცოცხლე მისცა ჩხენკელმა პრაქტიკოსებს - რა თამაშს თამაშობთ, ბატონო მინისტრო?!“ - მასწავლებლები ახალ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...