მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ დირექტორის სახით გულშემატკივარი და მეგობარი ჰყავთ“,- ამბობს ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ენდი ნემსვერიძე. ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მასწავლებელი გახდებოდა. პროფესიისა და საგნის სიყვარული პედაგოგმა ჩაუნერგა. პირველად სკოლაში მუშაობა 1991 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო. მოსწავლეებთან ურთიერთობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც დღემდე სკოლის ერთგულია. გარდა დირექტორობისა, ის პოეტიცაა. წერს ლექსებს და მას საზოგადოებასაც უზიარებს. 2016 წელს კონკურსში მონაწილეობდა და წლის პოეტის ტიტულის მოპოვებაც შეძლო. წუხს, რომ სკოლის მასწავლებელთა შორის გენდერული ბალანსი დაცული არ არის და მამაკაცი მასწავლებლები თითზე ჩამოსათვლელი არიან.
ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექტორი საკუთარი პროფესიის, საქმიანობის, სკოლისა და არსებული გამოწვევების შესახებ etaloni.ge-ს ესაუბრა.
- როდის დაიწყეთ სკოლაში მუშაობა და როგორ მოხვედით დირექტორობამდე?
- პროფესიით ისტორია-სამართალმცოდნეობის მასწავლებელი ვარ, უმაღლესი განათლება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში მივიღე. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ისტორიისა და სამართალმცოდნეობის პედაგოგად დავიწყე, სადაც 10 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. სკოლაში დავაარსეთ გაზეთი „სულის აკვანი“, რომლის რედაქტორიც მე ვიყავი. მას სკოლის მხარდაჭერით, დირექტორთან ერთად გამოვცემდი. ქუთაისის კლასიკური გიმნაზია ისეთმა ადამიანებმა დაამთავრეს, რომლებიც შემდეგ მთელი საქართველო გახდნენ. გაზეთშიც სწორედ მათზე ვწერდით. ვთანამშრომლობდით მოსწავლეებთანაც, მათ ლექსებსა და ჩანახატებს ყოველთვიურად გამოვცემდით.
2001 წელს ქუთაისის N37 საჯარო სკოლის, ხოლო 2006 წელს ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექტორი გავხდი და დღემდე ამ თანამდებობაზე ვმუშაობ.
- დირექტორობის პარალელურად, საგანს ასწავლით?
- ახლა საგანს არ ვასწავლი, მხოლოდ დირექტორი ვარ. სკოლაში საათები მასწავლებლებს არ ჰყოფნით და მე ვერ ავიღებდი. მასწავლებლობას არ მოვწყდებოდი, მაგრამ ასე მომიწია.
- თქვენთვის მოსწავლეებთან კონტაქტი რამდენად მნიშვნელოვანია?
- იმან, რომ სკოლაში აღარ ვასწავლი, ჩემზე უარყოფითი გავლენა იქონია, რადგან მე მოსწავლეებთან ურთიერთობის გარეშე არ შემიძლია. საგაკვეთილო ურთიერთობა აბსოლუტურად სხვა რამეა, ვიდრე დირექტორთან ოფიციალური ურთიერთობა. არ დავიტრაბახებ, მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი იმით, რომ კარგი მასწავლებელი ვიყავი, მოსწავლეებს ჩემი გაკვეთილი უყვარდათ. იმ კატეგორიის მასწავლებელს არ მივეკუთვნები, ვისი გაკვეთილის გაცდენაც უხარიათ.
- თქვენ, როგორც დირექტორს, როგორი ურთიერთობა გაქვთ მოსწავლეებთან?
- სკოლის დირექტორობა რაღაც განსაკუთრებული ფენომენია, რადგან სკოლა ცოცხალი ორგანიზმია. თანამდებობას სახელიც ვერ შევუცვალე, როდესაც საქმე სკოლაზე მიდგება, ცოტა მკაცრი სახელია. ძირითადად, მოსწავლეებთან მეგობრული და თბილი ურთიერთობა მაქვს, არ აქვთ იმის განცდა, რომ დირექტორის ეშინოდეთ და თავიანთ პრობლემებზე ვერ მესაუბრებოდნენ. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, თვის განმავლობაში რამდენჯერმე გამოვნახავ ხოლმე დროს, რათა მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში შევხვდე და ვესაუბრო. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ დირექტორის სახით გულშემატკივარი და მეგობარი ჰყავთ. მათთვის მხოლოდ ოფიციალური პირი არ უნდა იყო. მოსწავლეს გულახდილი საუბარი და პრობლემების ღიად დასმა უნდა შეეძლოს. მათთან ამ სახის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
- როდესაც მოსწავლეს სწავლა უჭირს ან ეზარება, მათ მიმართ მიდგომა როგორი უნდა იყოს?
- ის მოსწავლეები, რომელთა სწავლით მშობელი დაინტერესებულია და აკონტროლებს, კერძოდ ემზადებიან. ასეთია სამწუხაროდ, 70%-ზე მეტი. ეს დიდი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ განათლების კანონი კრძალავს, რომ საკუთარ მოსწავლეს კიდევ დამატებით ამეცადინებდე, მაინც ხშირად ასე ხდება. საგაკვეთილო პროცესის მერე ამას სკოლის დირექტორი ვერ გააკონტროლებს. ამას როგორც დადებით, ისე უარყოფითი მხარეებიც აქვს. ძირითადად აქცენტი ეროვნული გამოცდების საგნებზე კეთდება. მასწავლებელს საკუთარი მოსწავლის დამატებით მეცადინეობა რომ ეკრძალება, პრაქტიკაში არ მუშაობს და მაინც ამეცადინებენ. ეს რომ სკოლის დირექციის კონტროლით ხდებოდეს, გაცილებით იაფიც იქნება და პედაგოგს შესაბამისი პირობები ექნება. ახლა ეს რადგან კანონით აკრძალულია, მასწავლებელი სკოლის გარეთ გადის, სივრცეს ქირაობს. კანონით რომ არ იყოს აკრძალული, შეიძლებოდა, რომ სკოლის შენობა გამოგვეყენებინა. ეს ყველასთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა.
- მოსწავლეებთან ურთიერთობისას ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით?
- ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ფსიქოლოგიურ ბარიერებს ქმნის არის ის, რომ მოსწავლეთა 50%-ზე მეტს მშობელი ემიგრაციაში ჰყავს. მოსწავლეები გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით განიცდიან ამ სიტუაციას. სკოლაში ამ საკითხებს თუ ყურადღება არ მიექცა, მერე დიდ პრობლემად ექცევათ. კლასის ხელმძღვანელები, მასწავლებლები და კათედრები ძალიან ბევრს მუშაობენ იმაზე, რომ მოსწავლეებთან ისეთი ურთიერთობა გვქონდეს, რაც მათ ფსიქოლოგიურ ჩამოყალიბებაში ხელს შეუწყობს. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს ნათესავთან, მეზობელთან ან ბებია-ბაბუასთან ტოვებენ და მათი დამოკიდებულება მშობლებისაგან განსხვავებულია. ეს მათ მობილიზებას ხელს უშლის. ასეთი შემთხვევები საყურადღებოა და ჩვენ ამ პრობლემას თავს ვართმევთ.
- რამ განაპირობა, რომ ამდენი წლის განმავლობაში სკოლას ხელმძღვანელობთ, როგორ ახერხებთ, რომ ეს საქმიანობა რუტინად არ იქცეს?
- ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მატერიალურად ისე უზრუნველყოფილი, რომ ადამიანს ეს კითხვა არ გაუჩნდეს. პროფესიაში ამდენი ხნით დარჩენა საკუთარი საქმის სიყვარულმა და იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ მოსწავლეებთან, ახალგაზრდებთან ურთიერთობას ეჩვევი და გსიამოვნებს. ამიტომ ვერც კი წარმომიდგენია, რომ სკოლა მივატოვო. შემიძლია გითხათ, რომ სულითა და ხორცით მასწავლებელი ვარ. სკოლა, უნივერსიტეტი და ისევ სკოლა.
არის მეორე ფაქტორიც, როდესაც ქვეყანაში გენდერულ პოლიტიკაზეა საუბარი, უნდა გადახედოთ სკოლებს. ფაქტობრივად, სკოლაში მამაკაცები არ მუშაობენ, დირექტორებიც თითზე ჩამოსათვლელი არიან და გამოდის, რომ სკოლა ქალბატონების სამუშაო ადგილად გადაიქცა. სახელმწიფომ ამასთან დაკავშირებით უნდა იფიქროს, ძალიან დიდი მინუსები აქვს, რომ სკოლაში მხოლოდ ქალები არიან.
- თქვენი აზრით, რამ განაპირობა, რომ სკოლაში უფრო მეტი ქალი მუშაობს, ვიდრე მამაკაცი?
- ეს საკითხი საქართველოში ტრადიციულად ასე არ იყო. ეს განაპირობა წინა წლებმა, მასწავლებლებს სათანადო ანაზღაურება არ ჰქონდათ. ადრე საქართველოში სხვა დამოკიდებულება იყო, ოჯახის მარჩენლად მამაკაცი ითვლებოდა და არა ქალი. ამიტომ, მამაკაცისთვის პედაგოგად მუშაობა იმ მატერიალური საშუალების მიმცემი ვერ იქნებოდა, რომლითაც ოჯახის რჩენას შეძლებდა. ამან სკოლა, თანდათანობით, მამაკაცების გარეშე დატოვა. როდესაც საქმე პროფესიის არჩევაზე მიდგებოდა, მამაკაცები სწავლას ამ მიმართულებით არ აგრძელებდნენ. შესაბამისად, ბაზა ქალბატონებით ივსებოდა.
- იქ ხართ, სადაც წლების წინ წარმოგედგინათ რომ იქნებოდით?
- მასწავლებელი მყავდა ტრისტან გუგავა, რომლის სიყვარულითაც ეს პროფესია ავირჩიე. ეს კაცი ჩემთვის თვისი საქმითა და დამოკიდებულებით, იდეალი იყო. ამიტომ მე მე-7 - მე-8 კლასიდან ვიცოდი, რომ მასწავლებელი უნდა გამოვსულიყავი. სკოლა ერთადერთხელ 90-ან წლებში დავტოვე. გადავწყვიტე, რომ აღარ დავბრუნებულიყავი, მაგრამ შემდეგ, დაბრუნება შემომთავაზეს, დიდ ხანს ვფიქრობდი, რა მექნა და საბოლოოდ, დაბრუნება გადავწყვიტე. თანამედროვე პირობებში დირექტორის საქმე ძალიან შრომატევადია და 1000-1500 ლარი დღესდღეობით არაა დიდი თანხა. მე მიმუშავია იმ პერიოდში, როდესაც კუპონი იყო, სკოლაში 33 ლარზეც მიმუშავია. წლები უცებ გარბის და ამ წლებმა იმდენად ჩამითრიეს, რომ ახლა უკვე არჩევანი არ მიდგას, ვემსახურები პროფესიას.
- როგორც ვიცი, ლექსებს წერთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამას თქვენს ცხოვრებაში?
- ლექსების წერას სერიოზულად ვუდგები. წერის სურვილი სკოლის მოსწავლეობიდან გამიჩნდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, რაიმე სახის პრეტენზია არასოდეს მქონია. დღესდღეობით, ჩემი ამ დამოკიდებულების გამომჟღავნება სოციალურმა ქსელებმა გამოიწვია - დავიწყე ლექსების გამოქვეყნება და სხვებისთვის გაზიარება.
ჩემმა ქალაქმა და სკოლამ შემოქმედებითი საიუბილეო საღამო მომიწყო. ქალაქმა წიგნიც გამომაცემინა. 2016 წელს კონკურსში ვმონაწილეობდი და წლის პოეტის წოდება მომენიჭა. ახლა უკვე ადამიანებმა იციან რომ ვწერ და მცნობენ. მე ლექსების წერის გარეშე არ შემიძლია, ეს თავისთავად მოდის, გამოგონილი რამე არაა, ჩემი მოწოდება და შინაგანი სამყაროა.
- როგორ უმკლავდება თქვენი სკოლა პანდემიიდან გამომდინარე გამოწვებებს?
- ამ გამოწვევის წინაშე ყველა აღმოვჩნდით. თავიდან, როდესაც ონლაინზე გადავედით, ყველა წუხდა. ახლა ეს სიტუაცია დაიხვეწა და დღეს, ამ გამოწვევისთვის ჩვენი სკოლა მზადაა. ვიცავთ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს. მასწავლებლები იტესტებიან და თუ შემთხვევა გამოვლინდა, მხოლოდ ის კონკრეტული კლასი გადადის ონლაინზე.
- რამდენად აქტიური მოსწავლეთა თვითმმართველობა გყავთ?
- მოსწავლეთა თვითმმართველობა აქტიურია, იკრიბებიან, უტარდებათ ლექციები. ირჩევენ სალექციო თემას. შექმნეს ჯგუფი, რომლითაც უცხოელ მოსწავლეებს ინტერნეტით უკავშირდებოდნენ და ასე კორეული ენა ისწავლეს. აქტიურები არიან სპორტულ ღონისძიებებშიც. ჩვენს ქალაქში თეატრალური ფესტივალი ტარდება, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები არჩევენ მოსწავლეებს და სპექტაკლებს დგამენ. აღსანიშნავია, რომ წინა ფესტივალზე ჩემმა სკოლამ პირველი ადგილი აიღო.
- რას ფიქრობთ მასწავლებლების გამოცდასთან დაკავშირებით?
- ჩემს სკოლაში ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია. საგამოცდო პროცესი პრობლემური იყო მაშინ, როდესაც იწყებოდა და ახალი იყო. ახლა უკვე ამ დღის წესრიგსა და რეჟიმში მუშაობას შეეჩვივნენ. სკოლა ისეთი რამეა, რომ არ შეიძლება ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება და ის საკმარისი იყოს. ყოველ დღე სიახლეებია საძიებელი. იყო ბევრი ისეთი შემთხვევაც, როდესაც სერტიფიცირების გამო სკოლის დატოვება მოუწიათ და მე როგორც დირექტორს, შემიძლია ვთქვა, რომ ბევრმა ღირსეულმა მასწავლებელმა ვერ მოახერხა მობილიზება, გამოცდებზე გასვლა, ჩაბარება და სერტიფიკატის აღება. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც კარგად ჩააბარეს, მაგრამ პრაქტიკაში უჭირთ. ეს საკითხები ცოტა დასახვეწია და ალბათ ამაზე განათლების სამინისტროც მუშაობს.
- როდესაც პედაგოგს პრაქტიკული ცოდნა აქვს და მას მოსწავლეებსაც წარმატებით უზიარებს, რა განაპირობებს იმას, რომ გამოცდებზე პრობლემა ექმნებათ?
- უფროსი თაობისთვის, არამარტო ის იყო სიახლე, რომ გამოცდა უნდა ჩაებარებინათ, არამედ სიახლე იყო ისიც, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებთან ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ. მათ კი ამგვარი გამოცდილება არ ჰქონდათ. ეს ყველაფერი რომ ერთბაშად მოუწიათ, ამან ცოტა დაძაბულობა გამოიწვია და ბუნებრივია, ამან, ვნებათაღელვამ, გამოცდის წინ ნერვიულობამ ძალიან იმოქმედა და ხელისშემშლელ ფაქტორად ექცათ. ამ ბოლო დროს, დაიძლია ეს პრობლემები, რადგან ტექნოლოგიების ფლობის ტრენინგებიც გაიარეს და შესაბამისი ცოდნა მიიღეს. ფსიქოლოგიური პრობლემა რომ არ არის, ამან განაპირობა ისიც, რომ არასერტიფიცირებულები აღარ გვყავს.
- კიდევ ერთი სიახლეა მთლიანად ელექტრონული ჟურნალების დანერგვა, რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
- მიმაჩნია, რომ ელექტრონული ჟურნალი კარგი ფორმაა. მასწავლებლებიც ალღოს უღებენ. მატერიალურ ჟურნალთან მუშაობისას ბევრი პრობლემა იჩენდა თავს. სამწუხაროდ, დღესდღეობითაც კი ზოგადად, საზოგადოება მოსწავლეებთან დაკავშირებით, იმას უფრო აქცევს ყურადღებას თუ რა ნიშანი აქვთ, ვიდრე სწავლის ხარისხს. მატერიალურ ჟურნალს თავისი მანკიერი სახე ჰქონდა, მაგალითად, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, ნიშნის ჩამატების შესაძლებლობა იყო. ნიშნით შეფასება პანაცეა არაა, შეძლება საერთოდ უნიშნო სისტემა იყოს, ამაზე მიდის საუბარი. მასწავლებელიც ოფიციალურ მუშაობას ეჩვევა. როდესაც შეფასება შეაქვს, იცის, რომ იმის შესწორება აღარ მოხდება იმ დოზით, რაც მატერიალურში ხდებოდა. ტექნიკურად გამართულობა თუ არა შეუშლის ხელს, სხვა რაიმე უარყოფითი მხარე ელექტრონულ ჟურნალს არ აქვს. მასწავლებელმა იცის, რომ უნდა იმუშაოს და ნიშანი შეიტანოს, ასე ის მოსწავლის შეფასებასაც უფრო ფრთხილადაც უდგება. მოსწავლეებმაც იციან შეფასების კრიტერიუმები და ისინიც პასუხისმგებლობით უდგებიან ამ საკითხს და საბოლოო ჯამში, ჩვენ ხარისხისადმი მეტ ყურადღებას მივიღებთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოთხი მწერალი, რომლის შემოქმედებაც საგამოცდო პროგრამაში აღარ არის - ეროვნულები 2025
„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ღია კომუნიკაცია...“
სვანეთის მუზეუმთან და მესტიის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პრეზენტაციები გამართეს
„ჩვენ ბევრჯერ დავწერთ ისტორიას. ბევრ მწვერვალს დავიპყრობთ, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტულ სარბიელზე“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე