მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდამავალი დებულების მიხედვით, 2023 წლამდე მასწავლებლად დასაქმება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვინც იმ საგნის კომპეტენციას დაადასტურებს, რომლის სწავლებაც სურს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებლის პროფესიაში შესვლის კარი სხვა პროფესიის წარმომადგენლებს მას შემდეგ გაუღო, რაც აღმოაჩინა, რომ პედაგოგების ნაწილმა გამოცდა ვერ ჩააბარა.
მასწავლებლები, რომელიც კომპეტენციას ვერ დაადასტურებდნენ, სკოლიდან უნდა წასულიყვნენ და რადგან აღმოჩნდა, რომ კომპეტენციადაუდასტურებელი პედაგოგი ათასობითაა, სკოლები კადრების დეფიციტის წინაშე რომ არ აღმოჩენილიყვნენ, მასწავლებლობის მსურველებს პედაგოგთა გამოცდაზე გასვლის უფლება მისცეს. კანონში კი გაჩნდა ჩანაწერი - „მაძიებელი“.
მასწავლებლობის მსურველთა რიცხვი გაიზარდა, ათასობით ადამიანს გაუჩნდა პროფესიის შესვლის სურვილი. ყოველ წელს მატულობს მასწავლებელთა გამოცდაზე გასულა რიცხვიც. რა თქმა უნდა, პედაგოგის გამოცდებზე გასული სხვა პროფესიის ადამიანები მარტივად ვერ ადასტურებდნენ კომპეტენციას. მაგალითად, 2021 წელს გამოცდა 18 320 მსურველიდან 4 488-მა ჩააბარა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლობის მსურველმა ზღვარი რომ გადალახოს, ქულების 60%-ზე მეტი უნდა აიღოს მაშინ, როდესაც მოქმედ პედაგოგებს 31%-იც კი ეთვლებოდათ (1 კრედიტი).
ყოველ წელს ათასობით მასწავლებლობის მსურველი აბარებს გამოცდას, მაგრამ სკოლაში ვერ საქმდებიან, რადგან სკოლების დიდი ნაწილი არჩევანს გამოცდაჩაუბარებელ პედაგოგებზე აჩერებს და არა მსურველებზე. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლობის მსურველებს უფრო მეტი მოეთხოვებოდათ გამოცდაზე, ვიდრე თავად პედაგოგებს, მასწავლებლები გამოცდაჩაბარებული, მაგრამ სხვა პროფესიის ადამიანების სკოლებში დასაქმების წინააღმდეგები არიან.
„დაეტიეთ თქვენს პროფესიებში“, „ყველას ახლა მოუნდა მასწავლებლობა“, „მაშინ რატომ არავის უნდოდა პედაგოგობა, როდესაც ძალიან დაბალი ხელფასი იყო?!“ „ბანკირმა მათემატიკა როგორ უნდა ასწავლოს?!“ - ეს კომენტარები ის მცირე ჩამონათვალია, როგორც ეხმაურებიან მასწავლებლები ახალგაზრდა, მაგრამ მონდომებული ადამიანების სკოლაში დასაქმებას.
დღეს საქართველოში არაა ის სიტუაცია, რომ ყველას ეძლეოდეს საკუთარი პროფესიით მუშაობის საშუალება და თუ ვინმე პროფესიის შეცვლის სურვილს გამოთქვამს, რატომაა ეს გასაკრიტიკებელი, მითუმეტეს თუ კომპეტენციასაც დაადასტურებს?!
ხშირად, მასწავლებლები საკუთარ არგუმენტებად ასახელებენ, რომ მათ უნივერსიტეტში ისწავლეს და ასე მოიპოვეს პედაგოგის სახელი, მასწავლებლობის მსურველებმა კი შეიძლება იცოდნენ საგანი, მაგრამ არ იცოდნენ - როგორ ასწავლონ ბავშვს. არც ეს არგუმენტია მყარი, რადგან მსურველებისთვის მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება არაა საკმარისი, ისინი უნივერსიტეტში ერთწლიან პროგრამაზე აბარებენ და პროფესიულ უნარებს სწავლობენ. გარდა ამისა, უნივერსიტეტში წლების წინ მიღებული დიპლომი არ ნიშნავს, რომ პროფესიონალია ადამიანი და წლების შემდეგაც ისეთივე ცოდნა ექნება, თუ განვითარების სურვილს არ გამოხატავს. ესაც რომ არ იყოს, თავად მასწავლებლებმაც ხომ ოდესღაც გამოუცდელებმა დაიწყეს და შემდეგ, პრაქტიკაში უფრო მეტი ცოდნა შეიძინეს?!
ის ფაქტი, რომ მასწავლებლობის მსურველები აბარებენ გამოცდას და ზოგიერთი პედაგოგი - ვერა, უკვე გულისხმობს, რომ მსურველს უფრო მეტი თეორიული ცოდნა აქვს, ვიდრე მოქმედ პედაგოგს. წარმოუდგენელია, იცოდე საგანი და თავად ვერ აბარებდე გამოცდას, რომელსაც წლებია ასწავლი. მასწავლებლებს რაც ყველაზე მეტად უჭირთ - ეს თვითშეფასებაა და ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემაც აღნიშნა.
თვითშეფასების კარგი უნარი ნიშნავს, შეგეძლოს საკუთარ თავში ნაკლის აღმოჩენა, მასზე მუშაობა და სრულყოფა. „მე პედაგოგის დიპლომი მაქვს და ამიტომ ყველაფერი ვიცი“ - სწორედ ეს მიდგომაა, რაც მასწავლებლებს უკან ხევს და კონკურენციის დროს აბოროტებს. ჯანსაღი კონკურენცია ყველა სფეროში დასაფასებელია. რაც შეეხება მასწავლებლობის მსურველების კრიტიკას, თუ მოქმედმა პედაგოგებმა სხვა პროფესიის ადამიანებზე მეტი იციან, რატომ ხდება, რომ მსურველები ადასტურებენ მასწავლებლის კომპეტენციას 10 კრედიტზე და არა ყველა მოქმედი პედაგოგი? - პასუხი რთული მისახვედრი არ არის.
იხილეთ ასევე: „მასწავლებლებს თვითშეფასების კარგი უნარი არ აქვთ“ - ეკატერინე დგებუაძე
2023 წლამდე მასწავლებლად დასაქმება ნებისმიერს შეუძლია - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლობის მსურველი?
2021 წლის გამოცდა მასწავლებლობის 18 320 მსურველიდან მხოლოდ 4488-მ ჩააბარა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა