მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იმის მიუხედავად რომ პანდემიის გამო სკოლების დღის წესრიგი შეიცვალა, სასწავლო პროცესის დროსაც მკაცრი რეგულაციების დაცვაა საჭირო, წინასაახალწლო განწყობა და სამზადისი მაინც შენარჩუნებულია.
Etaloni.ge-მ გაარკვია, როგორია საახალწლო განწყობა სკოლებში, რა აქტივობებს გეგმავენ და რა სურვილები აქვთ მომავალი 2022 წლისთვის. ამისთვის სკოლების დირექტორებს დავუკავშირდით და წინასაახალწლო სამზადისის შესახებ ვესაუბრეთ.
ქეთევან მურცხვალაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ვფიქრობთ 29 დეკემბერს, ცოტა ვიწრო წრეში, მაგრამ მაინც, საახალწლო ღონისძიება ჩავატაროთ, რა თქმა უნდა, ყველა რეგულაციის დაცვით. მშობლებსაც არ ვასწრებთ. ბავშვებს ნაძვის ხე, შესაბამისი დეკორაციები და ნომრები უკვე მომზადებული აქვთ, ყველაფრის მიუხედავად მაინც ვიძახით „მრავალჟამიერი ახალო წელო“. ახლა, ძალიან მოთოვა და ამანაც თუ არ შეგვიშალა ხელი, აუცილებლად გავაკეთებთ. რაც მთავარია მშვიდობა მინდა ვისურვო მთელს საქართველოში, სწავლების მხრივ უფრო საინტერესო წელი ყოფილიყოს ბავშვებისთვის, რაც შეეზღუდათ პანდემიის გამო, უკვალოდ გამქრალიყოს“.
ხათუნა ხეცურიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორი:
„რა თქმა უნდა, დაგეგმილია ღონისძიებები, მხოლოდ შეზღუდული ფორმით რეკომენდაციებიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ სკოლის სივრცეში იქნება და გარეშე პირების, მშობლების შემოსვლა ამ ეტაპზე არ იქნება დაშვებული. ეს იქნება სკოლის ყველა კლასის ერთობლივი ღონისძიება 29 დეკემბერს. სკოლაც და კლასებიც მოვრთეთ დეკორაციებით და ასე ვთქვათ, საახალწლო მზადება დაწყებული გვაქვს. მთავარია, რომ სიმშვიდე და ჯანმრთელობა იყოს ქვეყანაში, დასრულდეს კოვიდპანდემია. ესაა ალბათ ყველაზე დიდი სურვილი“.
ლელა სიჭინავა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის დირექტორი:
„განათლების და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით ვმართავთ ღონისძიებებს, მათ შორის საახალწლო აქტივობებს. ერთიანი დიდი ზეიმი, როგორც გასულ წლებში გვქონდა, წელს, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება. კლასები თავისთვის მოკრძალებულად აკეთებენ პატარ-პატარა აქტივობებს. ყველა საკლასო ოთახი და სკოლაც მორთულია. ჩემი მთავარი სურვილი მომავალ წელს არის, რომ მალე დასრულდეს პანდემია, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ყველა ოჯახს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს“.
ნათია დევაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
„საახალწლოდ რეგულაციების დაცვით ვგეგმავთ ღონისძიებებს, მიმდინარე კვირაშიც გარკვეული აქტივობები გვქონდა, თუმცა უამინდობაა და იმედია ეს ხელს არ შეგვიშლის. გვექნება საახალწლო კარნავალი, რომლისთვისაც ბავშვები მთელი მონდომებით ემზადებიან, რა თქმა უნდა რეკომენდაციების სრული დაცვით მოხდება ყველფერი. მინდა, რომ 2022 წელს პანდემიის გარეშე გავაგრძელოთ ცხოვრება. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და წარმატებული წელი ვუსურვო „ეტალონს“ და თქვენს ყველა პროექტს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ