მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გარე დაკვირვების გავლის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია გამოაცხადა. გარე დაკვირვების გავლა უწევს უფროსი კატეგორიის მასწავლებელს, რომელსაც წამყვანის სტატუსის მოპოვება სურს. გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მასწავლებელი 4 კრედიტქულას მიიღებს. გარე დაკვირვების გავლის უფლება აქვს უფროს მასწავლებელს, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთერთ მოთხოვნას:
1) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კრედიტქულებიდან მოპოვებული აქვს არანაკლებ 13 კრედიტქულა.
როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში Etaloni.ge-ს განუცხადეს, 13 კრედიტქულა პედაგოგს როგორც დამატებითი, ასევე სავალდებულო აქტივობებით უნდა ჰქონდეს მოპოვებული:
„ამ 13 კრედიტქულიდან 2 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობიდან უნდა იყოს მოპოვებული - პედაგოგს ჩატარებული უნდა ჰქონდეს ან 2 სამოდელო გაკვეთილი თითო-თითო კრედიტქულიანი, ან 1 კვლევა 2 კრედიტქულიანი, დანარჩენი 11 კრედიტქულა უნდა იყოს დამატებითი აქტივობებიდან,“ - განმარტეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
2) უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან, მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მიმართულებით ან, იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის.
I ეტაპი - რეგისტრაცია გარე დაკვირვების გავლის მსურველი პირი რეგისტრაციას ახორციელებს eschool-ის ელექტრონულ სისტემაში, სპეციალურ ბმულზე და აუცილებელია, რეგისტრაციის დროს შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) საგანი, რომელსაც ასწავლის მასწავლებელი და რომელშიც სურს გარე დაკვირვების გავლა;
ბ) კლასი, რომელშიც გეგმავს გარე დაკვირვებისთვის საგაკვეთილო პროცესის წარმართვას.
II ეტაპი - გაკვეთილის წარდგენა
რეგისტრაციის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, დარეგისტრირებული მასწავლებლების საათობრივი დატვირთვის გათვალისწინებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს გარე დაკვირვების განხორციელების პერიოდს თითოეული მასწავლებლისთვის.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირებული მასწავლებლებისთვის გრაფიკის დადგენას, ასევე შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმირებას.
გარე დაკვირვებაზე რეგისტრირებული მასწავლებელი მისთვის განსაზღვრული პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე ვალდებულია ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს შესაბამის პერიოდში მიყოლებით ჩასატარებელი 5 გაკვეთილის გეგმა, რომელთაგან ერთერთზე განხორციელდება გარე დაკვრივება.იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი გათვალისწინებულ ვადაში არ წარადგენს გაკვეთილის გეგმასა და მოთხოვნილ დოკუმენტაციას, მის გაკვეთილზე არ განხორციელდება გარე დაკვირვება. მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის ჩატარება დაგეგმოს რეგისტრაციის დროს მითითებულ საგანსა და კლასში. მასწავლებლისთვის გაკვეთილის ჩატარების განსაზღვრული პერიოდის ან/და მასწავლებლის მიერ წარდგენილი ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმის ცვლილება დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით.
გარე დაკვირვება ერთჯერადი პროცესია და მოიაზრებს ერთ საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებას, თუმცა ის 4 ეტაპისგან შედგება: წინასაგაკვეთილო შეხვედრა; გაკვეთილზე დაკვირვება; გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა; გაკვეთილის შეფასება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცვლილება შეეხო გარე დამკვირვებელთა რაოდენობას. საპილოტე რეჟიმში გაკვეთილს ორი გარე დამკვირვებელი აფასებდა.
ცვლილების შედეგად, გარე დამკვირვებელი იქნება მხოლოდ ერთი, ცენტრის მიერ დაქირავებული კვალიფიციური კადრი, რომელსაც საგაკვეთილო გამოცდილებაც აქვს, ამ მიმართულებით, სანდოა და მაღალი ავტორიტეტით გამოირჩევა.
გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32,
გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 24 ქულას. სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში კი გაკვეთილების შეფასების მაქსიმალური ქულაა 28. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ მასწავლებელი დააგროვებს არანაკლებ 21 ქულას. თუ მასწავლებელი უარყოფით შეფასებას მიიღებს, მას ხელახალი გარე დაკვირვების უფლება მომდევნო სასწავლო წელს მიეცემა.
შედეგის ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია გაასაჩივროს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. აპელაციის საფასური 50 ლარს შეადგენს.