სიახლეები
სიახლეები

„რატომ დავტოვე თანამდებობა?! იმიტომ, რომ მხოლოდ სამინისტრო სფეროს აღარ კურირებს“ - მინისტრის მოადგილე წასვლის მიზეზს განმარტავს
12-01-2022
-
+


განათლების მინისტრის მოადგილეები უკვე შეიცვალა - პირველი მოადგილე ეკა დგებუაძის მაგივრად თამარ მახარაშვილი იქნება, ხოლო თამარ ქიტიაშვილი, რომელიც პროფესიული განათლების მიმართულებას კურირებდა, ამიერიდან უნარების სააგენტოს უხელმძღვანელებს. ქიტიაშვილი ამ ფაქტს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„როცა 2019 წლის ნოემბერში მინისტრისგან შეთავაზება და ამასთან, ჩემი ამბიციური ხედვის მხარდაჭერის დაპირება მივიღე, ეს მომენტი ცხოვრების დიდ შესაძლებლობად ჩავთვალე და თავს 1-წლიანი გეგმა დავუსახე. პანდემიის გამო ეს ერთი წელი ორ წლამდე გაგრძელდა, მაგრამ დღეს ეს გეგმა და დაპირება შესრულებულია.

ახლა მთავარი კითხვა, რატომ დავტოვე მინისტრის მოადგილის პოზიცია?! იმიტომ, რომ მხოლოდ სამინისტრო სფეროს აღარ კურირებს და მინისტრის მოადგილის როლი და დატვირთვა შეიცვალა ანუ შეიცვალა ის პორტფელი, რაც აქამდე მინისტრის მოადგილეებს ჰქონდათ. ახლავე მოგახსენებთ:

ჩვენი გუნდის ორწლიანმა თავაუღებელმა შრომამ პროფესიულ განათლებაში მხოლოდ ახალი წესები კი არ დანერგა, არამედ, თავიდან ბოლომდე ამოატრიალა ამ სფეროს პოლიტიკის აღქმა და მისი მართვის მოდელი. განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე გადავედით. კერძო-საჯარო პარტნიორობით, სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად, სრულიად უპრეცედენტო ფორმით, სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა ახალი ორგანიზაცია, ააიპი პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც არ გახლავთ არც სამინისტროს სსიპ-ი და არც მის სისტემაში შემავალი სტრუქტურა, თუმცა სამინისტრო მის მართვაში შემდეგი ფორმით მონაწილეობს: სააგენტოს ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც, 6 უწყებიდან მინისტრის მოადგილეები, (მათ შორის ჩემი ძვირფასი კოლეგა, ალეკო გობრონიძე) და 6 უმსხვილესი ბიზნესგაერთიანებაა, საბჭო კი თავის მხრივ ირჩევს გენერალურ დირექტორს 5 წლის ვადით.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამჯერად უკვე როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა გამომიცხადეს ნდობა, შესაბამისად, თავს კარიერულადაც დაწინაურებულად მივიჩნევ.

ჩემი არჩევა ივლისის თვეში მოხდა და დღემდე ამ ორ თანამდებობას ვითავსებდი სააგენტოს სრულ ამოქმედებამდე, თუმცა ეს დროებითი გადაწყვეტა იყო და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რადგან საჯარო-კერძო პარტნიორობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას ერთ-ერთი მხარე, მით უმეტეს პოლიტიკური თანამდებობის პირი არ უნდა მართავდეს.

ამიერიდან, სააგენტო იმუშავებს პროფესიული განათლების სისტემის უნარების ეკოსისტემად გარდაქმნაზე და უამრავ ახალ ფუნქციასთან ერთად, აქტივობათა იმ დიდ ნაწილზე აიღებს პასუხისმგებლობას, რასაც აქამდე სამინისტრო ახორციელებდა. ხოლო სამინისტრო, როგორც სააგენტოს თანადამფუძნებელი, თავის პოზიციას დამფუძნებელთა კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ფორმატში წარადგენს, რომელიც კერძო სექტორის მხარესთან შეჯერებით, საბოლოო ეროვნულ პოლიტიკად ჩამოყალიბდება. სწორედ ამ პარტნიორობის კულტურის დანერგვაა ჩვენი ორწლიანი სამუშაოს მთავარი მონაპოვარი!

ცხადია, სახელმწიფოს მხარეს პოლიტიკურ პოზიციებს დამუშავება და ანალიზი ესაჭიროება, რასაც სამინისტროში უკვე რეორგანიზებული, მცირე, მაგრამ ქალთა უყოჩაღესი გუნდი შეასრულებს, ისევე, როგორც გაუძღვება საჯარო კოლეჯების კოორდინაციას. ამ ფუნქციებს ჩემი უძვირფასესი კოლეგა, ვალერიან გობრონიძე გაუწევს კურაციას.

ვიცი, არ არის ადვილი ამ რთული მოდელის გაგება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სააგენტო მალე ხმამაღლა ალაპარაკდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, ასევე გარწმუნებთ, რომ ჩემს კოლეგებს სამინისტროში კიდევ უფრო აქტიურად დავუჭერ მხარს და ჩვენი თანამშრომლობა ისეთი ეფექტიანი იქნება, როგორც არასდროს, მითუმეტეს, რომ სამინისტროს გუნდს კიდევ ერთი პროფესიონალი და ბრილიანტი ადამიანი შეემატა ჩვენი თამარის სახით! აქვე მივულოცავ მასაც და ჩვენს თავსაც!

მინდა დავასრულო მადლიერებით, პირველ რიგში, ბედის თუ განგების მიმართ, რომ ამგვარი შესაძლებლობა მარგუნა! ბატონ მინისტრს, ბატონ მიხეილს, მხოლოდ ამ შესაძლებლობის მოცემას კი არ ვუმადლი, არამედ პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩემი უპირობო მხარდაჭერისა და წარმოუდგენელი გაბედულებისთვისაც ვუხდი მადლობას, რადგან ასეთი თამამი ნაბიჯი ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც არ გადაუდგამს!

ეროვნული პოლიტიკის გატანა სამინისტროდან და კერძო სექტორთან ერთად მისი დანერგვის დაწყება, ძალიან გაბედული და დასაფასებელი ნაბიჯია.

დასასრულს, გეტყვით, რომ რომ არა ჩემი პატარა ერთგული გუნდი სამინისტროსა და ახლა უკვე სააგენტოშიც, მე ვერც სამინისტროში დაბრუნებას გავბედავდი, ვერ ასეთი თამამი ვიქნებოდი ჩემს ნებისმიერ მოქმედებაში და ამ შედეგებსაც ცხადია ვერ მივაღწევდით ერთად.

გამიგრძელდა, მაგრამ თუ ისე მაინც სურვილი გაქვთ თვალი გადაავლოთ ამ ორ წელიწადში ჩვენს მიერ მიღწეულ შედეგებს, გააგრძელეთ კითხვა:

პარტნიორების მონაწილეობით შემუშავდა უნარების ეკოსისტემის მართვის ახალი, ინოვაციური მოდელი, რის შედეგადაც კერძო-საჯარო პარტნიორობის პრინციპით შეიქმნა და ამოქმედდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც დაკომპლექტდა პროფესიონალთა გუნდით. სააგენტო გაწევრიანდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უნარების აქსელერატორთა პლატფორმაზე;

შემუშავდა კერძო სექტორთან თანამშრომლობის სისტემატიზაციის მოდელი და შემუშავდა რეგულაციათა პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს დარგობრივი უნარების ორგანიზაციების გაძლიერებას; შემუშავდა პროფესიული განათლების ეროვნული სტრატეგია;
 განხორციელდა კანონში ცვლილება, რის შედეგადაც, პროფესიულ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაუვადდათ სწავლის დასრულებამდე; ამოქმედდა და ინერგება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის ახალი სტანდარტი და წესი; შეიცვალა კოლეჯების კოორდინაციასთან დაკავშირებული მიდგომა და დაიწყო მართვის დეცენტრაციის პროცესი, ასევე დაიწყო სამეწარმეო კოლეჯის მოდელის დანერგვა; ამოქმედდა პროფესიულ განათლებაში ხარისხის ექსპერტთა სერტიფიცირების სისტემა; დაინერგა საშუალო პროფესიული პროგრამები, რომლებშიც ინტეგრირებულია საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა; დაინერგა პროფესიულ მასწავლებელთა შერჩევის, მხარდაჭერის, ქოუჩინგის პრაქტიკა; გაიზარდა მასწავლებელთა და ადმინისტრაციის ანაზღაურება; დაინერგა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ჩარიცხვის ახალი მოდელი; დაიწყო დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობა; შემუშავდა კვალიფიკეციების განვითარების ახალი მეთოდოლოგია; გაიზარდა პროგრამების, აპლიკანტებისა და ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა;

შემუშავდა სტუდენტური სერვისების განვითარების ხედვა; შეიქმნა პირველი ინტეგრირებული სასწავლო სახელმძღვანელო მეცნიერებაში, პროფესიული სტუდენტებისთვის; ამოქმედდა პროფესიული სასწავლებლების ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი წესი და შემუშავდა სამეწარმეო კულტურისა და ეკოსისტემის ხედვა პროფესიულ სასწავლებლებში; შემუშავდა ინკლუზიური პროფესიული განათლების მარეგულირებელი წესი; შემუშავდა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესები;შემუშავდა პროფესიის სტანდარტისა და საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების წესი; შემუშავდა რეგულირებად პროფესიებში არაფორმალური განათლების აღიარების წესი; შემუშავდა გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელის მოდელი; შემუშავდა პროფესიული მასწავლებლის განვითარების ახალი მოდელი; დაიწყო რამდენიმე მასშტაბული პროექტი კერძო-საჯარო პარტნიორობით, მათ შორის კავკასიის გასტრონომიული სკოლის პროექტი;

ორი წლის მანძილზე დაიწყო და მიმდინარეობს 30-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი.

წარმატებით ამოქმედდა აზიის განვითარების ბანკის მასშტაბური პროექტი, რომელიც რეფორმის დანერგვას შეუწყობს ხელს. პროექტი ასევე ითვალისწინებს 20 საჯარო სკოლაში პროფესიული პროგრამების დანერგვას და ორი კოლეჯის ტრანსფორებას უნარების ჰაბად;

გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობის შედეგად, პროფესიული უნარების რეფორმის მხარდასაჭერად KFW ფონდმა გრანტის სახით გამოყო 24 მილიონი ევრო ორი საერთაშორისო სკოლოს გასავითარებლად;

წარმატებით შესრულდა ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები;

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ქართული მხარის ინიციატივით დაიწყო არაერთი ახალი პროექტი რეფორმის მხარდასაჭერად;

ორი წლის მანძილზე პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მართვა ხდებოდა სასწავლებლებთან მჭიდრო კოორდინაციით, შედეგად გამოიძებნა მრავალი მოქნილი მექანიზმი სასწავლო პროცესის შეუფერხებელი გაგრძელებისთვის“, - წერს თამარ ქიტიაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება