მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების რეფორმის ფარგლებში მასწავლებლებისთვის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე აქტუალური საკითხი სტატუსები და კრედიტები იყო. სამინისტროს გადაწყვეტილებებმა არაერთხელ გამოიწვია პედაგოგების დაპირისპრება. დღეს, მასწავლებელბის ნაწილი ცვლილებებსა და კარიერულ წინსვლაზე პესიმისტური განწყობით გამოირჩევა და აღნიშნავს, რომ სქემამ, რომელიც მათ პროფესიულ ზრდაზე უნდა იყოს ორიენტურებული, აზრი დაკარგა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებებით მასწავლებლობის მსურველებიც უკმაყოფილოები არიან - სასკოლო საზოგადოების ეს უკმაყოფილობა კი ღიად არის გამოხატული, როგორც საინფორმაციო სივრცეებში, ისე სოციალურ ქსელებში. ისინი აღნიშნავენ, რომ უწყება უთანასწორობასა და უსამართლობას ნერგავს. პედაგოგებმა etaloni.ge - ს გაუზიარეს მოსაზრებები, თუ რომელი ბრძანებებია მათთვის ყველაზე უსამართლო. კერძოდ:
უფროსის სტატუსი მისცეს, თუმცა კარიერული წინსვლის უფლება - არა - მასწავლებლებს, წლების განმავლობაში, უფროსის სტატუსის მისაღებად კრედიტების დაგროვების საშუალება ჰქონდათ. ამ უფლებით იმ პედაგოგებმა ისარგებლეს, რომლებმაც საგამოცდო ბარიერი ვერ გადალახეს ანუ ტესტში ქულათა 60%-ზე ნაკლები მიიღეს. მასწავლებლებს გამოცდებზე 1, 4 და 7 კრედიტის შესაბამისი ქულაც ჩაეთვალათ, მათი სავალდებულო აქტივობებიც შეფასდა და სტატუსიც დაიმსახურეს, თუმცა სტატუსის ამაღლების გამოცდაზე გასვლის უფლება მხოლოდ იმ მასწავლებლებს ექნებათ, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენცია 50%-იანი ბარიერის გადალახვით დაადასტურეს. გამოდის, რომ მიუხედავად მიღებული სტატუსისა, ისინი სხვა უფროს მასწავლებლებთან შედარებით დაბალ საფეხურზე დგანან.
წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოპოვება ადრე და ახლა - თუ ადრე უფროსი პედაგოგი წამყვანის ან მენტორის სტატუსს გარე დაკვირვებით იღებდა, ამჯერად კარიერული წინსვლისთვის მას შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, შემდეგ კი პრაქტიკულ საქმიანობაში შემოწმდება. თუ ადრე გარე დაკვირვებაში მხოლოდ ერთ გაკვეთილზე დასწრება მოიაზრებოდა, ამჯერად, მასწავლებელს მთელი ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დააკვირდებიან და სხვადასხვა კლასში ჩატარებულ გაკვეთილებს შეუფასებენ. გარდა გარე დაკვირვებისა, მასწავლებელს პორტფოლიოსაც შეუმოწმებენ, პორტფოლიოს აქამდეც ექცეოდა ყურადრება, თუმცა მასწავლებელს ყველა წვრილმანის დოკუმენტურად დადასტურებისა და ატვირთვის ვალდებულება არ ჰქონდა. ამ სიახლეზე, ალბათ, არავინ ამოიღებდა ხმას, რომ არა უთანასწორობის შეგრძნება. მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი პედაგოგთა ნაწილმა უგამოცდოდ მიიღო, რადგან შესაბამისი გამოცდა წელს პირველად ტარდება. ისინი არც პორტფოლიოს მიხედვით შეფასებულან კრიტიკულად. ეს არ ნიშნავს, რომ მათ სტატუსის ასამაღლებლად არ უშრომიათ, თუმცა კარიერული წინსვლისთვის მასწავლებლებს განსხვავებული გზის გავლა რომ მოუწევთ, ეს ფაქტია.
დირექციის წევრები, რომლებიც, ამავდროულად, გამოცდაჩაბარებული, სტატუსიანი მასწავლებლები არიან, შესაბამის დანამატს ვერ იღებენ - დირექციის წარმომადგენლებს ხელფასი განსხვავებულად უანგარიშდებათ და სტატუსის შესაბამის დანამატს ვერ იღებენ. ისინი ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა უსამართლობაა, რომ ზოგ შემთხვევაში დირექციის წევრებს იმაზე ნაკლები ხელფასი აქვთ, ვიდრე მასწავლებლად მუშაობისას, სტატუსის დანამატიანად ექნებოდათ.
მოქმედი მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდაზე ქულათა 50%-ის გადალახვა საკმარისია, რომ კარიერული წინსვლა განაგრძონ მაშინ, როდესაც მასწავლებლობის მსურველმა საგამოცდო ტესტში 60%+1 ქულა უნდა მიიღოს, რომ გამოცდა წარმატებულად ჩააბაროს - გამოდის, რომ მასწავლებლობის მსურველს საგნის ცოდნა წამყვან და მენტორ მასწავლებლებზე მეტად მოეთხოვება. 50%-იანი ბარიერის გადალახვით (როგორც აქამდე იტყოდნენ 7 კრედიტიანი) მაძიებელი ჩაჭრილად ითვლება, მოქმედ მასწავლებელს კი წამყვანისა და მენტორის გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა. აქამდეც გაურკვეველი იყო, რატომ ეთვლებოდა მასწავლებელს მინიმალური ქულა მაშინ, როდესაც პედაგოგობის მსურველი 60%+1 ბარიერის ვერ გადალახვის შემდეგ ჩაჭრილი იყო.
ერთი კვირის ხელფასი ერთი თვის ნაცვლად - კიდევ ერთი, რასაც პედაგოგები ვერ ხსნიან, ხელფასის დაანგარიშების წესია. მასწავლებლები ანაზღაურებას საათობრივი დატვირთვის მიხედვით იღებენ. პირობითად, თუ ერთი საათის ხელზე ასაღები ანაზღაურება 21 ლარია, პედაგოგი კვირაში 15 გაკვეთილის ჩატარების შემდეგ 315 ლარს უნდა იღებდეს, 4 კვირაში კი - 1260-ს, ამას უნდა ემატებოდეს სტატუსის შესაბამისი დანამატი. რეალურად კი მასწავლებლები მხოლოდ ერთი კვირის საათობრივ ანაზღაურებასა და სტატუსის დანამატს იღებენ.
ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც მასწავლებლებში კითხვებს ბადებს, უკმაყოფილებას იწვევს და მათ უსამართლობის შეგრძნებას უჩენს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ