მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მადონა ლომსაძე ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლას უკვე მეშვიდე წელია ხელმძღვანელობს და როგორც აღნიშნავს, ახლაც რომ კარიერული საფეხურის დასაწყისში იყოს, არაფერს შეცვლიდა. პროფესიით გერმანისტმა სკოლის დირექტორობა მოასწავლეებთან უფრო მეტი სიახლოვისა და მათ განვითარებაზე უფრო მეტად ზრუნვისთვის გადაწყვიტა, არჩევანს არც ნანობს და მომავალშიც ამ პოზიციზე აპირებს მუშაობას. თავის მიღწევებზე საუბარი ეუხერხულება და ამ დროს თავმდაბლობას იჩენს, თუმცა სკოლაზე, ამჟამად განათლების სისტემაში არსებულ აქტუალურ საკითხებსა და პანდემიის გამოწვევებზე სკოლებში, საინტერესოდ გვესაუბრა.
- როცა დირექტორობა გადავწყვიტე, ჩემი მიზანი იყო შემერჩია ის სკოლა, სადაც გარკვეულ ხედვებს განვახორციელებდი. დარწმუნებული ვიყავი, ბოლნისის N5 საჯარო სკოლა ამის შესაძლებლობას მომცემდა. მეტ-ნაკლებად ვიცოდი სკოლების რესურსები და ამიტომ თუ არ ვიქნებოდი ამ სკოლის დირექტორი, მერჩივნა, ვყოფილიყავი წარმატებული მასწავლებელი. ვფიქრობდი, რომ ჩემი შეხედულებებისა და მიდგომების ადამიანს, ეს სკოლა მომცემდა წარმატებული დირექტორობის საშუალებას. 7 წელია სკოლის დირექტორი ვარ და ჩემს განვლილ გზას რომ ვაფასებ, ნამდვილად კამყოფილი ვარ.
- როგორ ფიქრობთ, მომავალშიც დირექტორი იქნებით? მაგალითად, თუ განათლების სამინისტრო ჩაატარებს დიდი ხნის წინ დაანონსებულ დირექტორების კონკურსს, მიიღებთ მონაწილეობას?
- როდესაც მასწავლებელი ვიყავი, კლასის დამრიგებელიც გახლდით. იცით, რატომ მომინდა სკოლის დირექტორობა? ვფიქრობდი, რომ ეს მეტად მომცემდა მოსწავლეებთან ურთიერთობის საშუალებას, მინდოდა, რომ უფრო მეტ ბავშვზე მეზრუნა და მათი მომავალი დადებითად შემეცვალა. ვფიქრობდი, დირექტორობით შევძლებდი ამ მიზნების მიღწევას. რაც შეეხება კონკურსს, მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ და ისევ დირექტორი ვიქნები.
- სიახლეებზეც რომ ვისაუბროთ. როგორ დაიწყეთ მეორე სემესტრი და რა მდგომარეობა გაქვთ ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე?
- შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველა დირექტორი დამეთანხმება, რომ ძალიან რთულია პროცესის მართვა ყველა მიმართულებით. ჩვენ მეორე სემესტრი დავიწყეთ საკლასო სივრცეში, ბუნებრივ გარემოში ვართ, შარშანდელიც და წლევანდელი წელიც ნაკლებად ვიყავით დისტანციურ რეჟიმზე გადასულები. ფაქტობრივად, უმეტესი ნაწილი სკოლაში გავატარეთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ რეგულაციების დაცვას სხვადასხვა მიმართულებით - არამხოლოდ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებითა და წესებით, არამედ ადამიანური კუთხითაც. ჩემი თხოვნაა დამრიგებლებთან, რომ კვირა დღეს დაუგზავნონ შეტყობინებები მშობლებს დახურულ ჯგუფებში იმის გასარკვევად, რა მდგომარეობა აქვთ ოჯახებში. ასე ხელს ვუწყობთ საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის შენარჩუნებას და ერთმანეთზეც ვზრუნავთ.
- რა გავლენა იქონიამ პანდემიამ მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე, იმის მიუხედავად, რომ სკოლებმა მეტ-ნაკლებად ფეხი აუწყვეს დისტანციურ სწავლას, რა პრობლემებს აწყდებით?
- დამეთანხმებით, თუ მასწავლებელი ვერ გამოცხადდება, თავს შეუძლოდ გრძნობს ან გაცნობებს, რომ კოვიდკონაქტია, უკვე პრობლემა იქმნება... მაშინ ვაუქმებთ ღონისძიებებს. როცა სკოლაში 4-5 მასწავლებელი არ არის, ამ დროს რთულია საათების გადანაწილება. რთული რეჟიმია, არადა გვინდა, პროცესი იყოს უხარვეზო. ჩემი გუნდის უზომოდ მადლობელი ვარ, ერთმანეთის მხარში დგომისთვის - იქნება ეს კოლეგის მაგივრად ზედმეტი შრომის შესრულება თუ სხვისი სადამრიგებლო კლასის პატრონობა და ყურადღების მიქცევა. მეორე მიმართულებაა, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, დამატებითი აქტივობებით ხელი შევუწყოთ მოსწავლეების განვითარებას. დრო მიდის, თაობები იზრდება და ჩამორჩენა არ უნდა გვქონდეს.
- თქვნი აზრით, ყველაზე მთავარი, რა დაანახა პანდემიამ საგანამანათლებლო სისტემას - პრობლემა ან შესაძლებლობა?
- პირველ წელს, როდესაც დაიწყო კოვიდპანდემია, კიდევაც შევშინდი, მაგრამ ვცდილობდი, ჩემი მასწავლებლების და სკოლის სიძლიერისთვის, არაფერი შემემჩნია. სულ ვამბობდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველანი ერთად შევძლებთ ამ გამოწვევასთან გამკლავებას. ჩემი შემართება გადამდები აღმოჩნდა - ახალი სკოლის მოდელშიც ვართ ჩართულები. მე, როგორც სკოლის დირექტორი, ვესწრები კლასის საათებს. მთელი წლის განმავლობაში გვაქვს გაწერილი სხვადასხვა აქტივობები, ამჯერად პრიორიტეტული მიმართულებაა გარემოს დაცვა, რომელიც სხვადასხვა ჭრილში მოიაზრებს აქტივობებს, როგორიცაა კლასის საათები, კომპლექსური დავალებები, მშობელთა ჩართვა და აქტივობა და ა.შ. არ ვდუნდებით.
პანდემია თითქოს საჩვენოდაც გამოვიყენეთ. მაქსიმალურად კარგად გვქონდა აწყობილი ონლაინ-სკოლა, ჩვენი დამსწრეები, მოსწავლეების გარდა, მშობლებიც იყვნენ. გვქონდა კლასის საათები, შეხვედრები, მოწვეული სტუმრები გვყავდა ონლაინ-გაკვეთილებზე. როცა ეს ყველაფერი დაინახეს მშობლებმა, ბევრად გაიზარდა თითოეული მასწავლებლისა და რა თქმა უნდა, სკოლის ავტორიტეტიც; ამბობდნენ, როგორი საინტერესო გაკვეთილები აქვთ, რა კარგი მასწავლებლები ჰყავთო.
- მშობლების მხრიდან როგორია განწყობა და დამოკიდებულება?
- როგორც აღვნიშნე, თემში სკოლის ავტორიტეტი გაზრდილია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გასულ წელს სკოლა დაასრულა ოცდახუთმა მე-12 კლასელმა და ჩვენ მივიღეთ 63 პირველკლასელი. მოსწავლეთა რაოდენობა, რაც სკოლის დირექტორი ვარ, საგრძნობლად გაიზარდა, ფართიც არ იძლევა მეტის საშუალებას, თორემ ჩვენს სკოლაში სწავლის მსურველი ნამდვილად ბევრია... ასე რომ, მშობლების განწყობაცა და ნდობაც გვაქვს.
- ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში სკოლისა და კლასისთვის იზოლაციის ვადა შემცირდა. მოგწონთ ეს გადაწყვეტილება?
- ახლა აქვთ მშობლებს შესაძლებლობა, რომ თავად გადაწყვიტონ, განსაზღვრონ სწავლის ფორმა შვილებისთვის. ჩვენი სკოლის 17 მოსწავლეა დისტანციურზე და იზოლაციის დღეების რაოდენობის შემცირებაც მომწონს. პირადად მე გადავიტანე კოვიდი და მართლა ვიყავი შრომისუნარიანი, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. ვფიქრობ, რადგან სიტუაცია ძალიან დაძაბულია, მშობლების განწყობაზეც იმოქმედებს. თუმცა იციან, რომ ჩვენთან მათი შვილები დაცულები არიან, კონტროლდება პირბადე და სანიტარული ნორმები.
- მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასები იზრდება, რაც მისასალმებელია, რა თქმა უნდა. არის ეს საკმარისი, რომ დაფასებული იყოს სკოლაში მომუშავე ადამიანების შრომა?
- ჩემს ხელფასს ბევრად უსწრებს მასწავლებლის ხელფასი, მაგრამ მე ორი ამდენიც რომ გადამიხადონ, ამაზე მეტს ვერ გავაკეთებ და ვერც ნაკლებს. ჩემი დამოკიდებულება ასეთია ხელფასთან მიმართებაში. მასწავლებლები და მთელი სკოლის პერსონალი მართლა ბევრს შრომობენ. ატარებენ გაკვეთილებს, ონლაინ გაკვეთილებს, თუ სკოლა სხვადსხვა პროექტშია ჩართული, მაშინ თვითონაც ამ პროექტებში არიან. მარტო გაკვეთილი - ეს არ არის შესაძლებლობა, მოსწავლე მოამზადო 21-ე საუკუნისთვის, ამიტომ გვჭირდება ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. სკოლის შემდეგ სახლშიც მუშაობენ მასწავლებლები - უყვართ თავისი საქმე, სხვანაირად მასწავლებელი ვერ იქნები.- სკოლაში პრაქტიკოსი მასწავლებლები თუ გყავთ და აპირებენ თუ არა ისევ გამოცდაზე გასვლას?
- პრაქტიკოსი მასწავლებელი არ გვყავს. მე მყავს ბევრი მასწავლებელი სკოლაში, რომელიც ნამდვილად იმსახურებს წამყვანის სტატუსს, ისინი აუცილებლად გავლენ გამოცდებზე, ჩემი თხოვნაც იქნება. მე ვიცი მათი შესაძლებლობები, ვესწრები მათ გაკვეთილებს. აქვთ ამის სურვილი, მათ შორის მეც ვიქნები, ყოველთვის ვუწყობდი ჩემს მასწავლებლებს ხელს, წელს კი აუცილებლად მეც გამოვიყენებ შესაძლებლობას და ავიმაღლებ სტატუსს.
- სამომავლო მიზნები და სურვილები როგორია?
- ჩემი სურვილი ყველაზე მეტად არის, ის რომ ყველანი ჯანმრთელები ვიყოთ და გვქონდეს ნაკლები პრობლემები, ჩვენი საფიქრალი იყოს ჩვენი საქმე. სკოლასა და მშობელს შორის გაჩნდა რაღაც დისტანცია. ამ შეზღუდვების გამო, სკოლის კარი აღარ არის ისე ღია. მე მინდა უფრო მეტი შეხვედრა და კონტაქტი მშობელთან, მთავარი დამკვეთი ჩვენი სწორედ მშობელია, ორივე მხარე ვართ ის. რომელსაც გვაინტერესებს ამა თუ იმ ბავშვის წარმატება. რაც შეეხება გეგმებს, ჩავერთეთ ახალ პროექტში არაფორმალური განათლების კუთხით, ეს არის „მეწარმეობის კომპეტენციების განვითარება“. ევროკავშირი საქართველოსთვის არის პროექტი დამფინანსებელი, 11 სკოლაში შეირჩა ჩვენი სკოლა. პილოტირების რეჟიმში მიდის ასევე პროექტი შუა რგოლის გაძლიერება სკოლაში. მოწმდება დირექტორი, შესაბამისად მოწმდება სკოლაც, ამიტომ სკოლის პულსზე უნდა გედოს ხელი და გრძნობდე მის მაჯისცემას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...