საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სკოლებში სწავლა დასწრებით რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა კოვიდინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს და სკოლებში მდგომარეობის დამძიმების რისკი არსებობს.რა მდგომარეობაა საქართველოს საჯარო სკოლებში, როგორია მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი და კოვიდინფიცირების გამო ხომ არ დავდექით მასწავლებელთა კადრის დეფიციტის წინაშე - ამ კითხვებით
etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.
თამარ წიკლაური, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის დირექტორი:სკოლაში ჯერჯერობით ცუდი მდგომარეობა არ არის და ასე თუ ისე ვუძლებთ. ამ ეტაპზე დასწრებით სწავლებაზე ვართ. დისტანციურად სწავლის სურვილი დეკემბრის თვეში სამმა მოსწავლემ გამოთქვა და რაოდენობა ჯერ არ გაზრდილა. პედაგოგებიც 2 კვირაში ერთხელ ვიტესტებით, რამოდენიმე მათგანმა ვირუსი გადაიტანა კიდეც. მასწავლებლების დეფიციტი არ გვაქვს. მშობლებშიც კარგი განწყობაა, ისინიც ფრთხილობენ და ჩვენც მეტად ვამახვილებთ ყურადღებას, რათა სკოლაში სიმპტომიანი არ მოხვდეს. ახლა, ვირუსის პიკი ნამდვილად წამოვიდა, თუმცა ჩვენ სტაბილური ვითარებაა.
ჟუჟუნა შევერდოშვილი, ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის დირექტორი:ამ ეტაპზე სწავლა მიმდინარეობს დასწრებით რეჟიმში და პედაგოგების დეფიციტი ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა 1 პედაგოგი დისტანციურ სწავლებაზეა დარეგისტრირებული. სულ 2 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს - ერთი მოსწავლე და 1 პედაგოგი. რაც სეეხება დისტანციურ სწავლებას, ონლაინზე 14 მოსწავლეა დარეგისტრირებული. მშობლები მაქსიმალურად ფრთხილობენ, რადგან გარდა კოვიდინფიცირებისა სეზონური ვირუსებიც გავრცელებულია და სიფრთხილე ამითაც არის განპირობებული.
მერი ჭიაბერაშვილი, აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჯერჯერობით კოვიდის მხრივ საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს, თუმცა პროგნოზის გაკეთება ძნელია, არ ვიცით ხვალ რა იქნება... ამ ეტაპზე კონტაქტური სწავლება გვაქვს. გაცდენები არ არის, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ბავშვებს ვირუსი დაუფიქსირდათ და ასევე, 2 მასწავლებელს, ხოლო ერთი პედაგოგის პასუხს ველოდებით. ორი მასწავლებლის ცხრილის ჩანაცვლება შესაძლებელია, მაგრამ ეს რიცვი თუ 4 ან 5-ით გაიზარდა მაშინ უკვე ძალიან რთული იქნება. დისტანციურად სწავლის სურვილი მშობლებშიც ნაკლებია, მაგრამ კოვიდმა თუ შემოაღწია სკოლის კედლებში, მაშინ უსაფრთხოების მიზნით მოგვიწევს ონლაინ სწავლებაზე გადასვლა.
ლალი გელაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის დირექტორი:ამ ეტაპზე სკოლაში ცუდი მდგომარეობა არ არის; კოვიდინფიცირებულია 1 მოსწავლე და ორი პედაგოგი; სწავლა პირდაპირ რეჟიმში მიმდინარეობს და დისტანციური სწავლების სურვილი არც ერთ მოსწავლეს არ დაუფიქსირებია. ჰიბრიდულ სწავლებას მხოლოდ მაშინ მივმართავთ, როდესაც მთლიანად კლასი გადადის სწავლების ონლაინ ფორმატზე.
ნანა ბეჟაშვილი, ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლის დირექტორი:
დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, რადგან ვირუსი რამდენიმე კლასში დაფიქსირდა. შექმნილი მდგომარეობა ჯანდაცვას ვაცნობეთ და 1 კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მოვითხოვეთ. მაშინ როდესაც სწავლა პირდაპირ რეჟიმში მიმდინარეობდა პედაგოგებიდან ყველა იყო ადგილზე და დასწრებაც არაჩვეულებრივი იყო, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში. უბრალოდ, წინა კვირას როგორც ჩანს მოსწავლეები თბილისში იმყოფებოდნენ და ასე მოხდა ვირუსის გავრცელება... აქამდეც იყო რამოდენიმე შემთხვევა, მაგრამ ახლა აშკარად მოიმატა. პედაგოგებისგან ვირუსი არავის აქვს, მხოლოდ ერთს - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტს დაუდასტურდა. მშობლებს ბავშვების სკოლაში გამოშვების არ ეშინოდათ და არც პანიკა იყო. რაღაც ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის გრიპი, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ აქამდეც გვქონია ონლაინ სწავლების გამოცდილება ვფიქრობ, ახლა ეს 8 დღე არაფერს დაგვაკლებს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ სკოლამ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა არსებული წინააღმდეგობები დაგვეძლია. პედაგოგებიც და მოსწავლეების ძალიან კარგად მუშაობდნენ. ვფიქრობ, ახლანდელ პერიოდში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა აუცილებელი იყო, რადგან ბოლო 2 დღის განმავლობაში დასწრება ძალიან ცუდი გვქონდა, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა აშკარად შემცირდა. დისტანციური სწავლების სურვილიც აქამდე ბევრ მათგანს არ გამოუთქვამს, სულ 10 მოსწავლე იყო ონლაინ სწავლებაზე.
დავით როსტომაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი:ამჟამად ჩვეულ რეჟიმში, კონტაქტურ ფორმატში ვსწავლობთ, თუმცა მოსწავლეთა დასწრება სახარბიელო არ არის... მასწავლებლების დეფიციტი გვაქვს; ტესტირებას სიმპტომიანები იკეთებდნენ, თუმცა პასუხები უარყოფითი მოსდიოდათ. ახლა ყველა რეკავს და მეუბნება, რომ სიცხე აქვს და სკოლაში ვერ მივა. ასეთი მასწავლებელი 20 - 30-ია. ისე დაემთხვა, რომ ამჟამად მეც იზოლაციაში ვიმყოფები და როდესაც სკოლაში გავალ რა დამხვდება არ ვიცი... ჩემი მოადგილეც რთულ სიტუაციაშია, რადგან რომელი ერთი გაკვეთილი გადაანაცვლოს აღარ იცის. ბავშვებიც აცდნენ, მაშინ როცა გაკვეთილს 25 მოსწავლე უნდა ესწრებოდეს არის ათი ბავშვი.. სწავლა, მართალია დასწრებით ფორმატში მიმდინარეობს, მაგრამ ამას რა აზრი აქვს არ ვიცი.
მაია ოზბეთელაშვილი, გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის დირექტორი:
ეს სასწავლო წელი შერეული რეჟიმით დავიწყეთ. გაკვეთილები ტარდება როგორც ონლაინ, ისე დასწრებით რეჟიმში. ბოლო დროს ექიმთან მიმართვიანობის რიცხვმა მოიმატა, შესაბამისად ინფიცირებულთა რაოდენობაც გაიზარდა. ექიმის ინფორმაციით ეს როგორც კოვიდის გამოა განპირობებული, ასევე სეზონური ვირუსებიც გახშირდა. ასე თუ გაგრძელდა, სავარაუდოდ მოგვიწევს ონლაინ სწავლებაზე გადასვლა, მაგრამ ამ ეტაპზე დასწრებით ფორმატს ვინარჩუნებთ... ახლა ვირუსი სამ პედაგოგს აქვს დადასრუტრებული, რომლებიც გაკვეთილებს ონლაინ ატარებენ. ჯერჯერობით ცხრილი გვაძლევს საშუალებას, რომ მასწავლებლემა გაკვეთილები შეუფერხებლად ჩაატარონ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა ინფიცირებულების გაზრდა, მაშინ სასკოლო ცხრილი კონტაქტურ სწავლებას ვეღარ გაუძლებს. არის მშობლების კატეგორია, რომლებსაც ეშინიათ და ურჩევნიათ შვილმა ონლაინ ისწავლოს, გვყავს კიდეც მოსწავლეები, რომლებმაც ონლაინ სწავლების ფორმატით თავიდანვე ისარგებლეს. თუმცა, არიან ისეთებიც რომლებსაც ურჩევნიათ ბავშვი სკოლაში იყოს.
აბულფათ ფაშაევი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის დირექტორი:ჩვენს სკოლაში სწავლება ამ ეტაპზე დასწრებით რეჟიმში მიმდინარეობს. ნორმალური სიტუაციაა, თუმცა ბავშვები აცდენენ გაკვეთილებს, მასწავლებლებიდანაც ზოგი ავად არის, მაგრამ დეფიციტს არ განვიცდით. მშობლებს კარგი დამოკიდებულება აქვთ და ბავშვებს სკოლაში უპრობლემოდ უშვებენ.
ნინო ბურდიაშვილი, გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორი:ჩვენი სკოლა 1 კვირაა, რაც დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა და ონლაინ გაკვეთილებს ვატარებთ. დისტანციურ სწავლებას თავს ვართმევთ, რადგან გასული წლის გამოცდილება გვაქვს. მინდა აღვნიშნო, რომ ონლაინ სწავლება ნიშნავს, სასწავლო პროცესის კალაპოტის შენარჩუნებას. მეტ-ნაკლები გამოცდილება დაგვიგროვდა, თან ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელშია“ ჩართული და პროექტებით სწავლებასაც ვიყენებდით. მინდა ჩემს პედაგოგიურ კოლექტივს დიდი მადლობა გადავუხადო, ნამდვილად არ ვაჭარბებ და ამ სკოლაში ძალიან სერიოზული, პროფესიონალი გუნდი მუშაობს; აქედან გამომდინარე, მათ ყველა სირთულეს თავი ღირსეულად გაართვეს. მაქვს რწმენა, რომ ეს პანდემია ამ გაზაფხულზე მაინც დასრულდება და ამ სირთულეებიდან გამოვალთ. ჩიხური სიტუაცია არ არსებობს... ჩემი აზრით და ეს რეალობამაც აჩვენა, მოსწავლეები ყველაზე მეტად სკოლაში არიან დაცულები, რადგან აქ ყველა რეგულაციასა თუ რეკომენდაციას ზედმიწევნით ვიცავთ. პედაგოგების დეფიციტიც არ გვაქვს, რადგან კათედრაზე მაპროფილირებელი საგნების მასწავლებლები მუშაობენ და მონაცვლეობას ვახერხებთ.
შაისმაილ ისლამოვი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:ამ ეტაპზე სწავლა დასწრებით ფორმატში მიმდინარეობს, თუმცა მოსწავლეები აცდენენ... ავად არიან და აქედან გამომდინარე სკოლაში არ მოდიან. მასწავლებლები ჯერჯერობით სკოლაში არიან და გაკვეთილები შეუფერხებლად ტარდება. მშობლებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ზოგიერთს კოვიდინფიცირების ნამდვილად ეშინია.
პაატა ჩხეიძე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლის დირექტორი:განათლების სამინისტროს განცხადებით დღეს მივმართავთ, რათა 1 კვირით გადავიდეთ დისტანციურ სწავლებაზე. სიტუაცია მძიმეა, რადგან კოვიდინფიცირებული გვყავს - 3 პედაგოგი და 10 თუ 12 მოსწავლე. შიდა იზოლაციაში კი კონტაქტების გამო 70 – 80 ბავშვი იმყოფება. ახლა, თუ დისტანციურ სწავლებაზე არ გადავედით, მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება. პედაგოგების დეფიციტი არ გვექნება, ვინაიდან ისინი გაკვეთილებს დისტანციურად ჩაატარებენ.
ენზო ბერიძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის დირექტორი:ამჟამად სკოლაში სტაბილური მდგომარეობაა. დისტანციურ სწავლებაზე 1 თუ 2 მოსწავლეა, რადგან სიმპტომები აღენიშნებათ. მასწავლებლებს რაც შეეხება, ჯერჯერობით არავინაა დისტანციურის მსურველი. სწავლა ჩვეულ რეჟიმში, დასწრებით ფორმატში მიმდინარეობს. ზოგადად, ონლაინ სწავლებას სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ბავშვები არ ერთვებიან გაკვეთილებზე და საჭიროება თუ არ მოითხოვს ონლაინ სწავლების სურვილი არ გვაქვს.
ავთანდილ მახარაძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის დირექტორი:სკოლაში ამ ეტაპზე კარგი სიტუაციაა, ყველა პედაგოგი და მოსწავლე ესწრება გაკვეთილს. ახლა სიმშვიდეა, თუმცა შექმნილი ზოგადი მდგომარეობის ფონზე შემდეგ რა იქნება არ ვიცით. მშობლებს ბავშვების სკოლაში გამოშვების ზოგადად არ ეშინიათ. დისტანციურად სწავლის სურვილი სულ ხუთმა თუ ექვსმა მოსწავლემ გამოთქვა.