სიახლეები
სკოლები

ბათუმის N13 საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრები შთამბეჭდავ ნაშრომებს ქმნიან
03-02-2022
-
+


ბათუმის N13 საჯარო სკოლაში ერთი წელია, რაც ლიტერატურული კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს. 

კლუბის წევრებს ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარული აერთიანებთ, ისინი კვირაში 2-ჯერ იკრიბებიან და სხვადასხვა ნაწარმოებს სიღრმისეულად განიხილავენ. აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას და აზრებს ერთმანეთს უზიარებენ. 

„კლუბი დაკომპლექტებულია მაღალკლასელი მოსწავლეებით, რომელთაც ღრმა ინტერესი აქვთ ჰუმანიტარული საგნების, განსაკუთრებით, ლიტერატურის მიმართ. კლუბის წევრები იკრიბებიან კვირაში ორჯერ. აქ იკითხება კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები და ეწყობა ღრმა განხილვები კითხვის დასაწყისში, პროცესში და დასრულებისას. ხშირად ეს განხილვები სხვადასხვა აქტივობების სახით ხდება, მაგალითად: ბავშვები ქმნიან კონკრეტულ თემებზე თამაშებს, ონლაინ ქვიზურ თამაშებს, კონკურსებს, ტარდება დებატები, პრეზენტაციები და მრავალი სხვა სახის აქტივობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი აქტივობა აქ კითხვის შემდეგ არის წერა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლა ამაყია თავისი მოსწავლეებით და გვიზიარებს მათ მიერ შესრულებულ ნაშრომებს. პირველი თემააა ფრანც კაფკას „გარდასახვის“ არარსებული მეორე ნაწილის განხილვა ხორხე ლუის ბორხესის „საავტორო სტილში“, ხოლო მეორე თემაა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის „სულო ბოროტო“ პოეტური ინტერპრეტაცია: წერილობითი დიალოგები ღმერთს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სულსა და დაცემულ ანგელოზს შორის.

აღნიშნული ნაშრომების ავტორები არიან მოსწავლეები მონიკა ტუნაძე, ნინო ვარშანიძე, ანა გარაყანიძე, თეკლა ცეცხლაძე, ნეა დევაძე.

მხატვრულ-კრიტიკული ნაშრომი - გარაყანიძე ანა

„აბსურდომორფოზა“

დღე მეორე:

შვიდ საათსა და ხუთ წუთზე რაღაც სასწაულმა ის საზარელი მწერი ისევ მოავლინა ცხოვრებას, მაგრამ როგორც ტარაკნად არა, როგორც ადამიანად, რომელსაც ორი ხელი და ორი ფეხი ჰქონდა. გრეგორი სრულიად შოკირებულია ამ სასწაულით, მას უკვე შეუძლია ადგომა და გავლა, თავისი ხელით კარის გაღება.

მაგრამ გრეგორს იმდენად უკვირდა  მომხდარი, რომ სახლის სიცარიელე და მარტოობა ვერ შეამჩნია. ბოლოს, როდესაც შეამჩნია, რომ ის სახლში მარტო იყო, გადაწყვიტა, გაეგო, სად იყვნენ მშობლები და და; რატომ იყო სიცარიელე სახლში. ის გადის ოთახიდან, სადაც ხედავს, რომ მამამისის სავარძელიც კი აღარ ჩანს. როდესაც გრეგორი იმ ადგილს მიუახლოვდა, თვალი მოჰკრა გაზეთს, რომელსაც მამა კითხულობდა ხოლმე და დაინახა სახლების ჩამონათვალი რომელთაგანაც ზოგიერთი წრით შემოხაზულიყო და გრეგორმა მაშინვე დაუსვა ეს შეკითხვა თავის თავს: „ნუთუ, მართლაც სახლი დატოვეს? და საცხოვრებელი შეცვალეს?..“ მან ამოგლიჯა სახლის მისამართი, გამოაღო კარი და წავიდა მათ მოსაძებნად. მაგრამ ერთი რამ დაავიწყდა: მატარებლის განრიგი, რომელიც არასდროს არ დავიწყებია. მატარებელი ცხრა საათსა და ორმოცდახუთ წუთზე გადიოდა, ამიტომ მას დიდხანს ლოდინი მოუწია. როდესაც მატარებელი მოვიდა, ის ჩაჯდა და გაჰყვა იმ დიდი იმედით, რომ ნახავდა მათ და, რა თქმა უნდა, ნახა კიდეც. როდესაც გრეგორმა კარს მიუკაკუნა, კარი გაიღო და მან თავისი და დაინახა. გრეტას, როდესაც კარის გასაღებად წავიდა, ხელში წყლით სავსე ჭიქა ეჭირა და როდესაც გრეგორი დაინახა, სავსე ჭიქა ძირს გაუვარდა. შიშველ ფეხებზე შეესხა გრეგორს წყალი. გრეტამ გრეგორის დანახვაზე იფიქრა, ძველი ცხოვრების კოშმარული ხილვები დამეწყოო, მაგრამ როდესაც გრეგორმა ამდენი ხნის შემდეგ ხმის ამოღება და დასთან ჩახუტება გადაწყვიტა, დაიჯერა, რომ ეს, მართლაც, გრეგორი იყო და დიდი, ძლიერი შეხებით ძმას ჩაეხუტა. მშობლები, როდესაც ჩაგდების ხმა გაიგონეს, ოთახიდან გამოვარდნენ და რას ხედავენ: თავისი ამაყი და მორიდებული მზერით გაღიემებულ და ცოტათი აცრემლებულ გრეგორს. „გრეგოორ!!! ეს შენხაარ? შვილოოო!!“ გრეგორი გამორბის მშობლებისკენ და მათ ეხუტება.

რა თქმა უნდა, ისეთი ბედნიერები იყვნენ, რომ ამას სიტყვებით ვერ აღწერდნენ. ოჯახი აცრემლებული გაეშურა დედის უგემრიელესად მომზადებულ სუფრასთან. გრეტა, როგორც ადრე, ადგა და გრეგორს თავისი ხელით მოუტანა რძით სავსე ქილა, რომელის გემოც გრეგორს ძალაიან მონატრებული ჰქონდა და მან დიდი სიამოვნებით გამოართვა ის.

დილით ყველა სამსახურში წასასვლელად გაემზადა და როდესაც ეს გრეგორმა დაინახა, რომ გრეტა მომზადებულიყო სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, ის შეაჩერა და უთხრა: „გრეტა! სად მიდიხარ?“  გრეტამ მთვლემარე სახით უპასუხა, სამასახურშიო. გრეგორმა ის მოაბრუნა და უთხრა, დაემასხოვრებინა ის, რომ ამიერიდან ის არ იმუშავებდა, მხოლოდ სწავლას მიხედავდა და ამ სიტყვებით გახარებული და გრეგორს დიდი სიყვარულით ჩაეხუტა და აკოცა .

რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ოჯახმა შენიშნა, რომ გრეტა აღარ უთმობდა ძალიან დიდ დროს სწავლას, აღმოაჩინეს, რომ სატრფო ჰყავდა, რომელზეც შეყვარებული იყო და მათ დაქორწინება სურდათ. ოჯახი ცდილობდა, რომ ეს აბავი გრეგორის ყურამდე არ მისულიყო, მაგრამ მაინც მივიდა . გრეგორი თავიდან კი გაბრაზდა, ჯერ არავითარი ქორწინება არ იქნებაო, ჯერ სწავლას უნდა მიხედოო, მაგრამ გრეტა იმდენად იყო შეპყრობილი ამ სიყვარულით, რომ თავისი ძმის სიტყვებს, რა თქმა უნდა, არანაირი გავლენა არ ჰქონია, თუმცა, შევარდა თავის ოთახში, კარი დიდი სიმწარით მოაჯახუნა და ტირილი მორთო. მეორე დღის დილას, როდესაც გაიღვიძა, დედამ მოამზადა საუზმე და ყველას დაუძახა. ყველა გამოვიდა გრეტას გარდა. ეგრევე გაიქცნენ გრეტას ოთახისკენ და ოთახში არავინ იყო. ისინი დაეჭვდნენ, რაღაც მომენტში ისიც კი გაიფიქრეს, თავი ხომ არ მოიკლაო. შეშინებულმა გრეგორმა სამუშაო მაგიდაზე გრეტას მიერ დატოვებულ წერილს მოჰკრა თვალი და ჩქარა ჩაიკითხა, გრეტას წერილში ეწერა, მე გავიპარე და ძალიან ბედნიერი ვარო. გრეტას, რა თქმა უნდა, წერილში თავისი სატრფოს სახელიც ეწერა და როდესაც ეს სახელი და გვარი მშობლებმა გაიგეს, უფრო მეტად აღელდნენ. აღმოჩნდა, რომ გრეტას ქმარი დიდი არამზადა იყო და ამის გაგონებაზე დედამ გულის შეტევა მიიღო. ის მალე გარდაიცვალა. გრეტა დედის დაკრძალვაზეც კი არ მოსულა, თუმცა, ეს მხოლოდ მამას და გრეგორს ეგონა ასე. სინამდვილეში, გრეტა ყოველ დღე დედის საფლავზე ტიროდა. ამასობაში გავიდა წამი, წუთი, საათი, თვე და წლებიც კი და გრეგორს ორი ტყუპი შვილი ეყოლა საოცრად მომხიბვლელი ქალბატონისგან, რომელიც ძალიან უყვარდა გრეგორს. ჟამთასვლაში, მამა ძალიან მოხუცებული რომ გახდა, ნეკრესის სნეულებამ შეიპყრო და მალე გარდაიცვალა. გრეგორი მარტოსულად გრძნობდა თავს და თავისი და, გრეტა, ენატრებოდა, მაგრამ ამაოდ. დრო გავიდა და გრეგორმა გრეტასგან შეიტყო, მისი ქმარი ციხეში ჩაუსვამთ, გრეტა კი მარტო დარჩენილა, უფულოდ, უპუროდ და საწყლად. გრეგორმა ეს ამბავი როგორც კი გაიგო, მაშინვე გრეტას ჩამოსაყვანად წავიდა. როდესაც გრეტამ გრეგორი დაინახა, მას უთხრა: „ძმაო, ვიცი, ძალიან გვიანია, მაგრამ ბოდიში მინდა, მოგიხადო, რადგან ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს და შენგან პატიებას ვითხოვ. გრეგორმა მას მკლავზე ხელი მოჰკიდა და გულთან მიიკრო: მეც ძალიან მომენატრე, გრეტა, და ძალიან მიყვარხარ! ღმერთო ჩემო, ვერ ვიჯერებ, რომ უკვე შვილები გვყავს და ისევ ერთად ვართ.“ - უთხრა გრეგორმა აცრემლებილი თვალებით, თავისთან წაიყვანა და მას შემდეგ ბედნიერად ცხოვრობდენენ ისინი...

ეპილოგი:

ეს ნაწარმოები (გარდასახვა 2) არის ანტინაწარმოები, რომელიც თავს იდებს სიიაფეს მკითხველზე ზრუნვის მოტივით, რათა მივხვდეთ, რომ:

ზოგერ მწერად გარდასახვის ტრაგედია უფრო შეიცავს ადამიანური ყოფიერების უფსკრულებს, ვიდრე გარდაუსახველად მუდმივი ადამიანობა ყოველდღიური აბსურდიზმის ორნამენტებით. მკითხველმა განსაჯოს, რომელი იყო ადამიანი და რას გულისხმობს ფრანც კაფკა სიტყვაში „გარდასახვა“.

„გარდასახვა მეორედ“ - თეკლა ცეცლაძე

(ორი წყეული დღე გოთურ ჟანრში)

დიახ, ეს მე ვარ, ნაგავში გადაგდებული გრეგორის ცხედარი. ჩემი წარსული ყველამ წაიკითხეთ, თუ ვინ ვიყავი, რა გავხდი და რა ვარ. ცხოვრება რთული ყოფილა.თურმე, ოჯახის წევრებსაც შეუძლია, გაგვწირონ ნებისმიერ დროს, თუ თავად სარგებელს არ წარმოადგენ. კი, კი, მეც ასე მჭირს, ერთ დროს ყველაზე კარგი გრეგორი ვიყავი ჩემი ოჯახისთვის, შემდეგ უსარგებლო ნივთების დონეზე დავეცი მათ თვალში, რადგან მათნაირად ჩვეულებრივი სხეულით არ ვიყავი შემოსილი. შემდეგ კი საზიზღობადაც ვიქეცი. ყველაფერზე დავხუჭე თვალი. უკვე სიცოცხლეზეც.

-შემდეგი დღე-

15 ნოემბერია, რაღაც მცივა, თვალებს ვახელ, შოკში ვარ. ჩვეულებრივ ფეხებს და ხელებს ვხედავ. ტანიც მაქვს და თითებიც. მოიცა, ეს რეალობაა ?!

- გაკვირვებული გრეგორი ნაგვიდან გადმოდის, რაღაც შეცვლილია. ნაგავში გატეხილი სარკე გდია, რომელშიც იხედება. თმის ფერი სულ სხვა აქვს. გრძელი, კულულა, შავი. თვალები ცისფერი, ადრე რომ ყავისფერი ჰქონდა.

ცხოვრება დამცინის? ჩვეულებრივი ვარ და ჩემით ვმართავ სხეულს. ხალხი გაკვირვებული მიყურებს. ახლა მოვწესრიგდები და ძველი სახლისკენ გავეშურები, როგორ მაინტერესებს, სად არიან ჩემები. ორი დღის ბოდიალის შემდეგ იმ ძველ ნაქირავებ სახლს ვპოულობ და კარზე ვაკაკუნებ. ვიღაც მოხუცი  ქალი შემოაღებს კარს. ძალიან უცნაურად იყურება. მე ვესალმები და ვეუბნები:

- როგორ ხართ, ქალბატონო ლალა, ხომ გახსოვართ? ადრე თქვენი სახლი ვიქირავე გრეგორ ზამზამ.

ლალა ერთწამს გაკვირვებული შემცქეროდა, შემდეგ წარბების აწევით მითხრა:

- გრეგორ, ეს შენ ხარ? შემობრძანდი, როგორ შეცვლილხარ. ვერ გიცანი, სულ სხვა ხარ, ქერა, მოკლე თმებით და საშუალო სიმაღლით. სულ სხვა ხარ. გაზრდილხარ კიდეც, როგორ მახსოვს, ერთი პატარა ბიჭი როგორ უვლიდი მთელ ოჯახს. შენიანებს ხშირად ვხედავ.

- მართლა? სად არიან, მომიყევი! რამდენი ხანია, არ მინახავს, სად ცხოვრობენ, ხომ არ იცით?

მთელი ინტერესით ვუსმენდი მოხუც ქალბატონ ლალას და თან ყავას ვსვამდი.

- გრეგორ, აქვე, „სტივვარტების“ ქუჩაზე, 66 ნომერში, აგურებიან სახლში. გრეტას შვილებს ხშირად ვხედავ, სამ მოუსვენარ ბავშვს, სულ რომ დახტიან.

- მართლა? ძალიან კარგია. ახლა შვედეთში ვცხოვრობ, ხომ ხვდებით,  ეს საქმეები... ამიტომ, იშვიათად ვხვდები ოჯახს.

- ვიცი, გრეგორ, შენ როგორი ადამიანიც ხარ, ყველასთან კარგი. როგორი ოჯახიც გყავს.

- მართლაც, ყოველდღე მკითხულობენ ჩემი ოჯახის წევრები, რამე ხომ არ მაკლია, განსაკუთრებით, დედაჩემი.

- მიხარია, გრეგორ, რა სასიამოვნოა ოჯახში იდილია!

ცოტა ხნის შემდეგ წამოვედი ქალბატონ ლალასგან და პატარა ქოხთან გავათენე. ხვალისთვის სერიოზული გეგმები მაქვს.

16 ნოემბერია. არ ვიცი, როგორ დავიწყო, მაგრამ ვიწყებ. დღეს ჩემს „უსაყვარლეს“ ოჯახთან მივდივარ. მაინტერესებს, როგორ ცხოვრობენ ჩემ გარეშე. მივედი იმ დღის ხუთ საათზე ჯელტმენივით გამოპრანჭული. კარებზე ვაკაკუნებ, კარებში შავად ჩაცმული, დანაოჭებული პირსახის ქალი დგას და მეკითხება, რა მსურს. ეს დედაჩემია. ვუთხარი, რომ ბინის ქირაობა მჭირდებოდა, რაზეც დამთანხმდა და სახლში შემომიპატიჟა.

მისაღებში გრეტა დამხვდა. ოდნავ გასუქებული, ბავშვს რაღაცას ელაპარაკებოდა. ოთახში შესვლისას მაგიდაზე შავ ჩარჩოში მიყუდებული მამაჩემის ფოტო. მოიცა, მოკვდა? მეკითხებოდა მოუსვენარი გული. ჩემს წინ გრეტას ქმარი, ბატონი ჯონი ჰემეტი, იჯდა, თბილად მომესალმა, შემდეგ კი გადაშალა და კითხვა დაიწყო. გრეტას სამი შვილი ჰყოლია, ორი გოგო: ჰერსა და ბერნე  და ბიჭი - კირკი. სამივე ერთმანეთზე ლამაზი.

დედაჩემი დაჯდა და მითხრა, რომელ ოთახსაც აქირავებდა. მე ეგრევე დავთანხმდი. ცოტა ხანში ოთახში ავედი. „რა ადვილი ყოფილა სხვის წამებაზე აიწყო ბინძური ცხოვრება“ - ვფიქრობდი გულში და ეშმაკი გულს მითხრიდა.

ჩემებს მაშინვე შევატყვე, მონებივით მემსახურებოდნენ. არაფერს მაკლებდნენ, საჭმელზე მპატიჟებდნენ. ხოლო შემდეგ გრეტას ვაჟი, კირკი, მიკრავდა ელექტრო გიტარას. ცოტა წარსულის სევდა მეუფლებოდა, მაგრამ შურისძიება მწყუროდა. დედაჩემი მამაჩემის სურათს შესტიროდა და ჩურჩულებდა: „არ გემშვიდობები, მეც მოვალ ადრე თუ გვიან“ და მომითხობდა, როგორ გარდაიცვალა გულის შეტევით.

ერთი თვეც გავიდა. არ შემეძლო, დამევიწყებინა ის ყველაფერი, რაც ამ წყეულმა ოჯახმა მომისაჯა. შენი აზრით, გადამიარა თითოეულმა მათმა ქმედებამ?

მოთმინება მეყოფა!!

ერთ დღეს საჯაროდ  განვაცხადე, რომ მე დავპატიჟებდი დესერტზე ოჯახს, რაზეც სიხარულით მადლობებით ამავსეს. წინა დღეს საწამლავი გამოვიტანე ჩუმად, შემდდეგ ნამცხვარი გამოვაცხე და მივართვი  „საზოგადოებას“, ბავშვების გარდა. ბავშვები, ჯონის ვთხოვე, გაესეირნებინა.

ყველა შეექცა ნამცხვარს. გრეტა არ ჩერდებოდა. ჯერ ერთი შეჭამა, შემდეგ - მეორე. ჭამა რომ დაასრულეს, დავიწყე მოყოლა:

- ერთ დილას ერთი ახალგაზრდა, რომელიც სულ გადამკვდარი იყო თავის ოჯახზე,  მწერად გადაიქცა და განმარტოვდა. თუ ადრე მას სიხარულით მოიხსენიებდნენ, ახლა ზიზღს ჰგვრიდათ. ის ძალიან საცოდავი იყო, დაც კი არ ეკარებოდა, მშობლებიც კი ცუდად  მოიხსენიებდნენ.

გრეტას სინდისის ქენჯნა დაეწყო, ცრემლიანი დაბლა დაეცა და ამოღერღა.

- ეგ საიდან იცი?

დედა პირგადმოვარდნილი იყურებოდა და ძლივს სუნთქავდა. მე ვაგრძელებდი, ვუყურე სანამ სიკვდილმა და სინდისმა არ ამოხადათ სული. მეც იქვე დავამთავრე სიცოცხლე. ვეგდეთ სამივე დაცრემლიანებულები და ცხოვრების წამებს ვითვლიდით. ჩემი ბოლო ჩასუნთქვა იყო, გავშეშდი. საბოლოოდ აგვაფარა სიკვდილმა მანდილი და წაგვიყვანა თავისკენ, სადღაც შორს, განუმარტავში, ცხელში და ცივში მწარეში თუ ტკბილში. მივდივართ და თან ვრჩებით. მამასთან ერთად ბავშვები სიკვდილს არ ვაჩვენე. არ ვიცი, ახლა როგორები არიან, მგონი, კარგად უნდაიყვნენ. რადგან ტრაგედია ხანმოკლეა. მიჭირს მაღლიდან დანახვა.

ჩემი გარდასახვა შურისძიება იყო. გული დავიმშვიდე. ყველაფერი ჩაივლის.

ხორხე ლუის ბორხესის კრიტიკულ სტილში - მონიკა ტუნაძე

„მეტაგენეზისი“ - კრიტიკული ანალიზი

ექსპრესიონისტი და სურეალისტი ავტორის, ფრანც კაფკას, ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია „მეტამორფოზა“, რომელიც 1916 წლით არის დათარიღებული. ისტორია იწყება გრეგორი ზამზას, ვაჭარი მოგზაურის, მეტამორფოზოთ, რომელიც გიგანტურ მწერს დაემსგავსა. რაც დრო გადიოდა, გრეგორი მეტად შორდებოდა ოჯახს. ოჯახი კი ფულის გარეშე რჩებოდა, რადგან ერთადერთი შრომინუნარიანი ოჯახის წევრი გრეგორი იყო და ის ზრუნავდა მშობლებსა და დაზე. გრეგორი თანდათან მწერის იერს ითვისებდა. აღარავის სურდა მასზე ზრუნვა და აღარც სიცოცხლის გაგრძელება უნდოდა. მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა მწერად ქცეული გრეგორი მკვდარი იპოვეს, სევდაზე მეტი შვება იგრძნეს და მალევე ახალი ცხოვრების დაწყება გადაწტყვიტეს. ამ გზით კაფკა აფიქსირებს თავის შეხედულებებს ადამიანის დაუნდობელი და ეგოისი ბუნების შესახებ, რომელიც დღემდე აქტუალურია და საზოგადოების მოწონებას იმსახურებს.

ამასთან, გუსტავო ვოლტმანის მტკიცებით, აღნიშნული ნაწარმოების 1914 წლის ვერსია უკეთესია, სადაც ავტორი მეტად ღრმა და საინტერესო სიუჟეტს ავითარებს, ვიდრე დაუძლურებელი მწერის საცოდავი ისტორიის დასასრულს სიკვდილის გარდაუვალი გზაა. ვოლტმანი გაკვირვებულია, რატომ აიტაცა ხალხმა ეს ისტორია და არა - მისი რჩეული, რომელიც შემდეგგვარად ვითარდება: გაუთავებელი მგზავრობის მიზეზით მატარებლის სადგურში მყოფ გრეგორს თვალში მოხვდა დიდ მუყაოს ქაღალდზე დაწერილი: „საკუთარი თვალით დანახული საკუთარი თავი“. იფიქრა, „მკითხავი თვალწინ სარკეს მიგაბჯენს - დაინახე შენი თვალით შენი თავიო და ამაში ფულს მოითხოვს“. სისულელეაო და წავიდა. მომდევნო მგზავრობისას, გრძელი ნაბიჯებით მატარებლისკენ მიმავალ გრეგორს მკითხავი აედევნა იმ განსაკუთრებული ბროშურით ხელში. დიდხანს მისდევდა კოჭლობით და უმეორებდა: არ ინანებ! არ ინანებ! გრეგორს მაინც ჯიუტად სჯეროდა, რომ ეს ყვითელთვალებიანი მკითხავი სარკეს ამოიღებდა განიერი პალტოდან. გრეგორი მატარებელს რომ მიუახლოვდა, ღრმად ამოისუნთქა და მკითხავს მოუბრუნდა. თვალებში როგორც კი ჩახედა, სულის სიმწარემდე მოუნდა, დათანხმებოდა. მატარებლის გასვლამდე ცოტა დრო კიდევ იყო დარჩენილი, ამიტომ შეჩერდა და დაელოდა, როდის დაიწყებდა მკითხავი ლაპარაკს. ყვითელთვალებიანმა დედაბერმა მხრებზე ხელები დაადო და მიუახლოვდა. გრეგორს ესმოდა აქამდე არსმენილი სიტყვები და სახეზე აშკარა გაბრუება ეტყობოდა. დედაბერმა ხელები ჩამოუშვა და გრეფორისთვის ნაცნობი ენით განაგრძო: „საკუთარი ოთახი გაქვს?“ გრეგორმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. „აირჩიე კედელზე დაკიდებული ისეთი ნივთი მთელ ოთახს, რომ უყურებდეს.“ „სურათი მაქვს სამუშაო მაგიდის თავზე, თითქმის მთელ ოთახს უყურებს.“ პასუხობს სიტუაციისგან ვერგამორკვეული გრეგორი. მკითხავმა თქვა, რომ ეს სურათი იქნებოდა გრეგორის თვალები და დაინახავდა თავის თავს, მაგრამ არა სამსახურისთვის მზადების და მაღვიძარა საათის მომართვის პროცესს, არამედ დაინახავდა საკუთარი თავის სხვა მხარეს, სწორედ იმას, სარკეში, რომ ვერ ხედავს. დაინტერესებულმა გრეგორმა მისცა თავს უფლება, მკითხავს გაჰყოლოდა. მივიდნენ ვიწრო ბინაში, სადაც ათამდე ადამიანი იყო. დიდი ალბათობით გრეგორის მსგავსი გამვლელები, რომელთა ყურადღებაც იმ ბროშურამ მიიქცია. ყვითელთვალებიანმა დედაბერმა გრეგორს აუხსნა: „როგორც კი თვალებს დახუჭავ, შენს ოთახს დაინახავ იმ სურათიდან, სამუშაო მაგიდის თავზე რომ გაქვს.“ ოთახში მყოფებს თვალები დახუჭული ჰქონდათ და იატაკზე ისხდნენ. მხოლოდ ერთს ჰქონდა თვალები ფართოდ გაღებული და კანკალებდა. გრეგორიც იატაკზე მოეწყო, სულ დაავიწყდა მატარებლის განრიგი, სამსახური და უფროსი. დედაბერი ჩაიმუხლა და დაამატა: „შენ უკვე სახლში ხარ, შენს ოთახში და დასაძინებლად ემზადები, მაგრამ აქაც ხარ და ეს ერთადერთი ნაბიჯია ამ წლების მანძილზე, რომელიც შენი თავისთვის გადადგი. დახუჭე თვალები და დააკვირდი. დილით რაც მოხდება, ნუ შეგაშინებს. გრეგორი თვალებს ხუჭავს და ხედავს, როგორ სძინავს საკუთარ ოთახში. ყველაფერი ძველებურადაა. ჩვეულებრივზე სწრაფად თენდებოდა. გრეგორი მზად იყო, არ შეშინებოდა დილით მომხდარის, მაგრამ ამ საზიზღარი მწერის დანახვა არ ესიამოვნა, რომლის წვრილი ფეხების ქაოსურ მოძრაობას კარგად ხედავდა. ეს არ აშინებდა, რადგან იცოდა მკითხავის შესაძლებლობები და მისი იმედი ჰქონდა. ახლა მხოლოდ ოჯახის მდგომარეობა აღელვებდა და საკუთარ თავზე მეტად მათზე დაკვირვება სურდა. ესიამოვნა, როცა მოუხერხებელი სხეულით შეძლო კარის გაღება, თრგუნავდა ოჯახისთვის შექმნილი პრობლემები, ხედავდა, რომ ეს იმ გიგანტურ მწერსაც აწუხებდა. გრძნობდა სიძლიერეს საკუთარ თავში და სისუსტეს ოჯახის წევრებში. ბევრ მომენტში გადაწყვიტა თვალების გახელა და სახლში დაბრუნება, მაგრამ ინტერესის ეს გრძნობა იმენად არ ასვენებდა, რომ უფრო მაგრად ხუჭავდა თვალებს. ღიზიანდებოდა და მშვიდდებოდა, ტიროდა და იღიმოდა საუთარი თავის დანახვისას. შეიცნო საკუთარი თავი და შეიცნო ოჯახი უკეთესად. ნანობდა თავის ქმედებას და უფრო მძაფრად ნანობდა ოჯახის ქმედებას. არც მაშინ გაახილა თვალები, როცა მწერის სხეულში მყოფი გრეგორი მოკვდა, რადგან ამ დროის განმავლობაში, ამ დაკვირვებით, ამ თვალებით დანახული ყველაფერი ამაზრზენი ეჩვენა. არავინ იცის, რა ინსტიქტი ამოძრავებდა გიგანტურ მწერს, რომელმაც იმ სურათის შენარჩუნება გადაწყვიტა, რომელიც გრეგორის თვალებს წარმოადგენდა, მაგრამ, რაც უნდა ყოფილიყო, აღარ სურდა ამ ცხოვრებით, „რეჟიმივით დაუნდობელი შეფით“ და მსგავსი ოჯახით კიდევ ბევრი წლის გატარება. თვალი რომ გაახილა, ოთახში მარტო იყო. გადაწყვიტა სამხრეთისკენ წასულიყო, სადაც მზის სხივები გააღვიძებდა და არა წვიმის წვეთების კაკუნი. დედაბრის მკითხავის თვალებიც მზეს ჰგავდა, გრეგორის ცხოვრებაში რომ შეაღწია და წლებით ნაგროვი ნისლი და სიბნელე გააქრო.

ვფიქრობ, ვოლტმანი საფუძვლიანად უპირისპირდება საზოგადოებას. ის ამბობს: „1914 წელს ეს მოთხრობა რომ წავიკითხე, ჩემს საყვარელ ნაწარმოებად იქცა მეორე ნაწილის გამო. 1916 წელს კი მოთხრობის მეორე ნაწილს აღარავინ კითხულობს. თავს უფლებას ვერ ვაძლევ, შევეგუო ამ უსამართლო ფაქტს.“

ნიკოლოზ ბარათაშვილის პასუხი ბოროტ სულს

გულაღმა წევს წარბშეკრული და მთრთოლვარე. ახლა სიბნელე არსებობს მისთვის, რათა არ ჰქონდეს მნიშვნელობა თვალთა ხამხამს, არ ჰქონდეს მნიშვნელობა დროს, არ ჰქონდეს მნიშვნელობა მატერიას. სივრცე არსებობს მხოლოდ საკუთარ თავში და არსად - მის გარეთ, რადგან ბოროტი სულის სამყოფელი საკუთარ თავშია და არსად - მის გარეთ. ერთადერთი, რაც ახლა იწურება, მოთმინებაა. შუბლზე მკრთალი ნაოჭებია ოფლის წვეთებით. წარბებსშორისი ნაოჭი ყველაზე ღრმაა. ჰგონია, რომ მზად არის და იწყებს გაუბედავად:

თუ შენი სახელის ბოროტად შერაცხვა დაცემად მიგაჩნია, მაშ დავცემულვარ ყველაზე ძლიერად, დაცემათა შორის. ჩავვარდნილვარ უმდაბლეს დაბლობში მწვერვალთა მწვერვალიდან.

მე ჩემი ფიალა შევსვი ბოლო წვეთამდე, მაგრამ შენ, ჩემი მტერი, არ დაიცალე. მე ბროწეულის ხეზე შეგაბი, ვით ჩემი გულისთქმით ნაჯერი ნაჭერი,  მაგრამ შენ სიოს დაძახებაზე უკუჰქმენ კვანძი და დაიკარგე. მე კოკა ვიყავ, სავსე ყწარო წყლით, წყარო კი შენ იყავ, მაგრამ შენ ჩემგან იგივე არ წარმოსდინდი. მე ფესვი ვიყავ, შენ კი ნაყოფი, რამდენად შორი და რამდენად ახლო. ტკბილი ხარ მათთვის, ვის ჯერ აქამდე არ დაუკარგავს ბავშვის სავანე. თბილი მხარის ჩიტი ვიყავ, მზიანეთში მივფრინავდი, და შენ შემოდგომა იყავ, ქარტეხილით მოფრინავდი, ფრთა რომ მომტყდა რად დაუჩქარ, რატომ შემიტოკე მხარი? ცხრათვალა ვიყავ, მზე სათნო, წმინდა და ჩემს სინათლეს გინაწილებდი, შენ მთვარე იყავ, ახალი, რკალი, ძველი, ხან - სავსე, და კაცი შენთან გულს შლიდა ფართოდ. გავხელდი, განზე გაგიდექ, მაგრამ მზის სხივს დღემდე გაწვდი. მე რწმენა მქვია, ხოლო შენ - ვარსქენ, უკუმაგდებ და კარს მომიხურავ, ვით უგუნური ავხორცი კაცი. შენ ძვირი ჰღირხარ მე კი იაფი, შენის ნატვრით დაფერფლილმა მე მიყიდა, შმაგი, უშნო, უმადურ მზერით. მე მთიელი ვარ ჩემი ცხვრის ფარით, და შენ მგელი ხარ რუხი ეშვებით. მოხვალ დამირბევ, შემიჭამ სამ ცხვარს, სამჯერ დამიმტვრევ ლერწმის სალამურს.

ვწუხვარ, რომ გიზიარე ჩემი ფიქრი, ზრახვები, ცის ფერს ვერ შეველიე წარსულ, თუ გინდ, წინამორბედთ ზეციური ამბებით. კვლავაც ცისკენ მივიწევ, და მას საზღვრიანს, თუ უსაზღვროს სამყოფელად მივიჩნევ.

თენდება და მზე ამოდის, მუქ ფარდაში სხივი აღწევს, ხმა კი ისევ არსით ისმის, ბგერა... ნოტი... ჩურჩულიც კი არსით ისმის.

ღმერთის წერილი ბოროტ სულს

შენი სტრატეგიებით, რომ დასცემ, გააუბედურებ, დასუსტებულს ვინ აღადგენს? მოქმედება, ჩარჩოს გახსნა რომ არ ძალგიძს, ხმა გაქვს მძაფრად მოელვარე. მე თუ არ მცნობს, შენი თავი სულ თან ახლავს. ჩასჩურჩულე და ეუბნე რწმენის მადლზე, იმედზე და მომავალზე.

ნუ დაუგმობ თავისუფალ ნებას, ჩემგან მიწოდებულს, ნუ გაიხდი მტრად და შარად, იგი არის შენი დედა, შენი შვილიც, შენი ყველაც. მის სხეულში დავანებულს არ გაწუხებს მდუმარება. მუდამ მისით სარზრდოობ და იკვებები, ირჯები და ვითარდები, რისთვის? რომ შენი ხმა მიამსგავსოს ეშმაკის ხმას? დაგმოს შენი ვითარება, დაგმოს რჩევა, დარიგება.

შუბლის მკრთალი ნაოჭები დაუცხრომელ ძიებას რომ გაუკვალავს, რატომ ერთხელ არ ანიშნე, რომ ყველაზე სანდო მხარეს ახლა არის, ახლა ჭკნება, რატომ ერთხელ არ ანიშნე?

მან რომ ფიქრი გიზიარა, ოცნება რომ გიზიარა, წილი სითბო გიზიარა, შენ რად არ უპასუხე იგივეთი?

არამატერიალურმაც ბოროტება შეითვისა, ამიტომ  სურს ადამიანს ზეცის მიღმა.

ნიკოლოზის ბარათაშვილის წერილი ბოროტ სულს - ნეა დევაძე

ჩემი აზრები ერთმანეთს ებრძვიან, რომ დასძლიონ შეცდომა, რომელშიც დამიჭირე და მივაღწიო ჭეშმარიტებას, ანუ არა - შენ (პლატონი). ჩემი სინათლე („აზრი - ეს სინათლეა“ - ვიქტორ ჰიუგო) ბუნებით საოცარი, უებრო, სწორუპოვარი რამ იყო და მხოლოდ უცნაურმა ნაკლმა უაზრობად მიქცია, ანუ შენ (ბლეზ პასკალი) და თან  ძალზედ ძნელია ჩემი აზრები, იშვიათად თუ შემიძლია შევასრულო ის აქტი, რომელსაც აზროვნება ჰქვია (მერაბ მამარდაშვილი). ესაა სულის სუნთქვა და შენ მნახე მკვდარი ცხოველი(მორიც გოტლიბ საფირი), მხოლოდ მაშინ ჩამიგდე ქვესკნელის ბრჭყალებში.

და იქნებ ეს იყო ბედი ჩემი?

სიყვარული არ ყოფილა ერთადერთი,  რაც გამაღლებს და გკლავს, მასავით უდიდესია აზრის თავისუფლება ყველა ბედნიერებათა შორის (რომენ როლანი). ღმერთმა მომცა გონება, რათა მეაზროვნა და მეძია ჭეშმარიტება. აზროვნება არ იქნებოდა საჭირო, რომ მზა ჭეშმარიტება არსებულიყო (ალექსანდრ გერცენი).

და რაც გყავარ შენს ხელში,  როგორც ორთქლი, რომელმაც ვეღარ იპოვა საჭირო გამოსავალი, გაგლიჯა ქვაბები და მანქანები, სწორედ, ისევე, თავის ნორმალურ განვითარებაში შეკავებულმა აზრმაც შეწყვიტა შემოქმედებითი საწყისის საქმიანობა და დამანგრეველ ძალად მექცა. ეს ხომ მე ვარ, უკვე ფერფლად ქცეული (ვლადიმირ ოდოევსკი).

ღმერთის წერილი ბოროტ სულს

არარსებული და ჩაკეტილი ხარ, ცდილობ, დაეუფლო იმას, რაც არც გაქვს და რაც არც გეკუთვნის - თავისუფლებას, მაგრამ, არა, შენ ვერასდროს იქნები თავისუფალი, რადგან ვერასდროს იაზროვნებ დამოუკიდებლად (ბერთოლდ აუერბახი).

ბოროტება - ესაა უფლის საქმიდან განდგომა თავისი საქმისკენ, ვიდრე რაიმე საქმე - აი აქაც შენი არარაობა.

ცბიერება - ეს შენი აზროვნების წესია, რომელიც ძალზე განსხვავდება ჭკუისგან, რომელსაც ძალზედ ჰგავს გარეგნულად (იმანუელ კანტი).

ეშმაკის წერილი ორივეს

არ ვიარსებებდი გონიერი ქმნილება თავისუფალი აზრით რომ არ ყოფილიყო შემოსილი (წმინდა ეფრემ ასური).

ღმერთის წერილი ბოროტ სულს

შენ უძლურებისგან დაიბადები (ჟან ჟაკ რუსო).

ეშმაკის წერილი ბარათაშვილს

მე არ ვვარსებობ, რომ შეგიქმნა რამე გზა, რომელსაც აირჩევ, გაჰყვები, როგორც სიბნელე - არარსებული. ნუთუ? როგორ ხედავ მას? შეიგრძნობ მხოლოდ სინათლეს და, მაშ, როგორ მწამებ სულის მშვიდობის წარღებას?

ყველაფერი, რაც თუ მომხდარა, შენი ბედია, შენივე შექმნილი, რომელსაც მიჰყვები - არსებულს.

არარსებული წიგნის განხილვა ხორხე ლუის ბორხესის კრიტიკულ სტილში - ვარშანიძე ნინო

„რემეტამორფოზა

წიგნი, რომელზეც უნდა გესაუბროთ, არის ფრანც კაფკას „გარდასახვის“ გაგრძელება, სახელწოდებით - „რემეტამორფოზა“. მისი ავტორი უცნობია, თუმცა ეპილოგში ნათლად წერია, რომ ის მოწმეა იმ ამბებისა, რომელიც ზამზების ოჯახს თავს დაატყდა გრეგორის სიკვდილის შემდეგ. ავტორის თხრობის სტილი ძალიან ჰგავს კაფკას სტილს, მაგრამ ვარაუდი, რომ „რემეტამორფოზა“ კაფკამ დაწერა, გამორიცხულია, რადგან მისი ორიგინალი ხელნაწერი დანიის ერთ მყუდრო, მიტოვებულ სახლში უპოვნიათ 1970 წელს, მაშინ, როდესაც კაფკა კარგა ხნის გარდაცვლილი იყო და ამ ქვეყანაშიც არასდროს მოხვედრილა. მეოცე საუკუნის ცნობილი არკადიელი მწერალი, რომელიც „რუმანტას“ ფსევდონიმით ჩნდება, „რემეტამორფოზაზე“ წერს: „ეს წიგნი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ცხოვრება ბუმერანგის პრინციპით მუშაობს. ასევე, ადამიანი არასწორად იყენებს არჩევანის საშუალებას. როცა საკუთარი არჩევანი უფსკრულამდე მიგიყვანს, მაშინაც კი ბედავ და უკანასკნელი დამნაშავესავით ცდილობ საკუთარი სიბინძურის კვალის წაშლას, ბედს ემდური, ან სხვას ადანაშაულებ, ეს გაცილებით მარტივია.“ - ამბობს რუმანტა, რომელსაც ამ ნაწარმოებზე რანდენიმე რეცენზია აქვს დაწერილი. მას „რემეტამორფოზას“ მკვლევარადაც კი მოიხსენიებენ. საჭიროდ მიმაჩნია, წიგნის მოკლე შინაარსი მოგითხროთ, რადგან გაერკვეთ, თუ რა მოხდა ზამზების ოჯახში გრეგორის გარდაცვალების შემდეგ.

პირველი თავი იწყება გრეტა ზამზას გამოჩენით. როგორც მშობლები ვარაუდობდნენ, მალევე გათხოვდა და ცოლად გაყვა საკმაოდ მდიდარი ოჯახის ვაჟს - ანდრეი როლბონს, რომელსაც გრეტა სიგიჟემდე უყვარდა. მათი ოჯახის იდილიის აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ, რადგან არაფერია ისეთი მნიშვნელოვანი. მინდა მეხუთე თავზე გესაუბროთ (ვერ გამირკვევია, რა საჭირო იყო ამ ამბის მეხუთე თავამდე გაწელვა, როცა „გარდასახვაში“ ეს პირველ წინადადებაში ხდება), სადაც მოქმედება გრეტას ოთახში ვითარდება. დილის ცხრა საათი იქნებოდა. ოთახში მხოლოდ გუგულიანი საათის წიკ-წიკი გაისმოდა, რომელმაც გრეტა გამოაფხიზლა. ფანჯარაში შემოჭრილ მზის სხივს გაუსწორა მზერა და უნდოდა საწოლის გვერდით, ტუმბოზე დადებული წყლიანი ჭიქა აეღო, მაგრამ სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, როცა ხელები ვერ დაიგულა. თავი წამოსწია, დაინახა, რომ საზარელ სხეულში მოთავსებულიყო, სწორედ ისეთში, როგორშიც თავისი ძმა, გრეგორი, თხუთმეტი წლის წინ.

- ეს ალბათ ხუმრობაა! რა ხდება ჩემს თავს?! - შეიცხადა და ძლიერი ყვირილი მორთო, მაგრამ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი არავის ესმოდა. ატირდა. საკუთარი პატარა, მრავალი ფეხის დანახვა ზიზღს გვრიდა და ის ხმაც ეზიზღებოდა, რომელსაც ვითომდა ლაპარაკისას გამოსცემდა.

კარები დაკეტილი არ იყო და, გრეტას სურვილის საწინააღმდეგოდ, ანდრეი, მისი ქმარი, აღმოჩნდა ოთახში, რომელსაც თავზარი დასცა ამ სანახაობამ. მისთვის აშკარა გახდა, რომ გრეტა ტარაკანად გადაიქცა და იცოდა, რომ მსგავსი რამ მის ძმასაც მოუვიდა.

ანდრეი სასწრაფოდ მივიდა გრეტასთან, შავ, ზურგზე ამოტრიალებულ და ამაზრზენ არსებასთან. კაცმა ტირილი დაიწყო და ცოლს ეუბნებოდა: - გრეტა, ძვირფასო, ნუთუ, ეს შენ ხარ? მანიშნე, რომ ჩემი გესმის.  გრეტა განცვიფრდა. ამ წამს ზიზღი იგრძნო თავისი ქმრის მიმართ. რატომ მელაპარაკება ასე? რატომ არ გარბის ჩემგან? მომშირდეს, აქედან წავიდეს. ფიქრობდა და თან ცდილობდა მისთვის რაღაც ეთქვა, მაგრამ არ გამოსდიოდა. წიგნის მეორე ნაწილში, ამ მისტიციზმის გამეორების ფაქტზე დაყრდნობით, ფაქტი ხდება, რომ ზამზების ოჯახს გარდასახვა წყევლად მოევლინა.

საკმაოდ საინტერესოა წიგნის მეთხუთმეტე თავი, სადაც ტარაკანადქცეული (ამ ნაწილში კონკრეტიზაცია უფრო ხშირია) გრეტა საკუთარ ძმაზე იწყებს ფიქრს.

„- ნუთუ, გრეგორს ისევე ესმოდა ყველაფერი, როგორც მე მესმის ახლა? მე რა კარგად მექცევიან, მაგრამ მას რისი მოსმენა უწევდა. ო, ღმერთო, ჩემი რა ბრალია, თუ გრეგორი ჩვენთან კავშირს ვერ ამყარებდა? მე ყველაფერი გავაკეთე მისთვის, არ ვარ დამნაშავე! სად გაქრა ჩემი სილამაზე, როდემდე უნდა ვიყო ამ მახინჯი ტარაკანის სხეულში? ეს სულელი ჩემი ქმარიც ისე მექცევა, თითქოს ტარაკანი კი არა, ისევ ძველი გრეტა ვიყო. ნუთუ, ასე უნდა მოვკვდე?!“

ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი, გრეტა ზამზა, თითქოს ორად გაიხლიჩა. მისი ერთი ნაწილი თავს იდანაშაულებდა ძმის სიკვდილში, მაგრამ მეორე ფიქრობდა, რომ იგი სულაც არაფერ შუაშია და ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. სამწუხაროდ, მეორე იმარჯვებდა. თავისი თავის ზიზღით აივსო, ვერც ვიოლინოს ხმამ გააღვიძა მასში ადამიანი, არადა, ადრე ეს ჰანგები მის განცდებს ეხმიანებოდნენ.

წიგნის ფინალურ მომენტში გრეტა მარტოა. ის ისევ ტარაკანია. როცა ქმარმა ყოველი ღონე იხმარა, რომ გრეტასთან კავშირი დაემყარებინა, მაინც ვერაფერი გააწყო, რადგან გრეტას მისდამი სიყვარულიც კი განელებოდა. ანდრეიც რამდენიმე თვე ყურადღებას აქცევდა, შემდეგ კი უბრალოდ მიატოვა და სახლიდან წავიდა.

ავტორი აღნიშნავს, რომ გრეტა თავს ისჯიდა, რადგან სინანულს შეეპყრო, თუმცა როგორც კი ასეთი წამი დაუდგებოდა, კიდევ იღვიძებდა მასში „მეორე მე“, რომელიც თავს არაფრის დიდებით არ იდანაშაულებდა.

სევდიანი და შემაძრწუნებელია წიგნის კულმინაციური სცენა, სადაც ავტორი აღწერს ოთახს, რომელშიც გრეტა გარდაიცვალა. არც შეიძლება, მას ოთახი ვუწოდოთ, რადგან იქაურობა ნაგვის ბუნკერად ქცეულიყო. ოთახის შუაგულში კი ფეხებგაფშეკილი, უზარმაზარი შავი ტარაკანი ეგდო (ავტორის ბრუტალურობა ცალსახა და მტკიცებითი ფორმისაა, ის არ არის გულგრილი და ობიექტური პესონაჟის მიმართ).

სიკვდილის ბოლო წამს მას გრეგორი ელანდებოდა და თითქოს ადამიანურად ბოდავდა: „-ო, გრეგორ, ჩემო ძმაო, ჩემო საყვარელო ძმაო!..“

ამ ილუზორული ხმობით სრულდება ეს წიგნი, რომელიც მკითხველში სიბრალულსაც იწვევს. კრიტიკოსთა რომანტიკოსი, მელანქოლნიკი, ჰუმანისტი და იდეალისტი ნაწილი მიიჩნევს, რომ გრეტა ის პერსონაჟია, რომელიც უნდა გავამართლოთ, რადგან ის ინტენსიური აფექტის ნიადაგზე ვერ იაზრებდა, რომ მისი ძმა, გრეგორი, ჯერ კიდევ ადამიანი იყო, თუმცა,  მეორე ნაწილი, რომელსაც მეც ვეთანხმები, თვლის, რომ გრეტა სუსტი ადამიანი იყო, რომელიც გაექცა პასუხისმგებლობებს. „რემეტამორფოზაში“ კი ის მხოლოდ სიკვდილის წინ აცნობიერებს, რომ საშინლად მოიქცა.

წიგნის შენიშვნაში ვკითხულობთ: „სინამდვილეში, გრეტა მოხუცებულობის ჟამს გარდაიცვალა, ეს ყველაფერი, კი რაც მან განიცადა, სწორედ სიცოცხლის ბოლო საათებში ხდებოდა. იქამდე კი ცხოვრება ისე განვლო, თითქოს გრეგორი საერთოდ არ ყოფილა მის ცხოვრებაში.”

ჩემი სუბიექტური აზრით, გრეტა ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, რომლის ცხოვრებაც ერთფეროვნებითა და ამაოებით იყო სავსე და რომელსაც მხოლოდ მოახლოებულმა სიკვდილმა ამოუტივტივა სინანულის გრძნობა.

საბოლოო ჯამში, ამ წიგნს დიდ რეკომენდაციას გავუწევდი, რადგან კარგად წარმოაჩენს პიროვნებას და ამ პიროვნებაში ორი ანტისუბიექტის თანაარსებობას. ამასთანავე, არაორდინალური და ეგზოტიკურია ამ ეგზისტენციალურ-მისტიური მოვლენების განვითარება. დასკვნა მკითხველისთვის მომინდვია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება