ხონის N4 საჯარო სკოლაში ცნობილმა თამაშმა აიღო სტარტი
08-02-2022
დაკოპირებულია
-
+
ხონის N4 საჯარო სკოლაში დეკემბრეში ცნობილმა საერთაშორისო თამაშმა - Mystery Skype აიღო სტარტი. ყველაზე უჩვეულო და ახალი ამ ცნობილი თამაშის რუსულ ენაზე განხორციელებული იყო. ეს იდეა პირველად მასწავლებელთა საერთაშორისო ქსელში ესტონელმა პედაგოგმა გააჟღერა, რასაც მასწავლებლებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აღნიშნული იდეის განხორციელებისა და მონაწილეობის სურვილი კი საქართველოდან პირველად ხონის N4 საჯარო სკოლამ გამოთქვა. პირველი შეხვედრა ესტონეთის ერთ-ერთ სკოლასთან 2 დეკემბერს შედგა, რომელშიც ჯერ მე-8 კლასი მონაწილეობდა, შემდეგ ეტაპზე კი თამაშში მე-9 და მე-10 კლასები ჩაერთნენ. მონაწილე ქვეყნების სპექტრიც გაფართოვდა - თამაშს უზბეკეთიდან და სამხრეთ კორეადან შემოუერთდნენ და საერთო ჯამში სულ სამი დისტანციური შეხვედრა ჩატარდა.
თამაშის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ერთმანეთს ორი სხვადასხვა ქვეყნის გუნდი ხვდება; მონაწილეები უსვამენ ერთმანეთს კითხვებს რუსულ ენაზე, ცდილობენ დაადგინონ, თუ სად მდებარეობს თანამოსაუბრის ქვეყანა ან ჩაფიქრებული ობიექტი, პასუხები არის მოკლე და შემოიფარგლება მხოლოდ „დიახ“ ან „არა“-თი. აღიარებულია, რომ საერთაშორისო თამაში Mystery Skype არის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომელიც ასწავლის მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარებს, როგორიცაა:
კრიტიკული აზროვნება;
თანამშრომლობა;
კულტურული ცნობიერება და კულტურათაშორისი ურთიერთობები;
დედუქციური მსჯელობა;
ციფრული წიგნიერება;
გეოგრაფია;
გუნდური მუშაობა;
კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება უცხო ენაზე.
„უცხოური ენის შესწავლის მთავარი მიზანი ხომ კომუნიკაციაა, კითხვების დასმა და პასუხი მოსაუბრესთან, დიალოგის წარმოება, საკუთარ თავზე, სკოლაზე მოყოლა, მშობლიური ქვეყნის კულტურის გაცნობა. ამ შესაძლებლობებს იძლევა ეს საერთაშორისო თამაში, იგი შესანიშნავი საშუალებაა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის და რაც მთავარია - ზღვა ემოცია და პოზიტივი, ახალი ნაცნობობა, შთაბეჭდილებები და პერსპექტივები. ასე შინაარსიანად და საინტერესოდ დამთავრდა წლის ბოლო თვე ხონის მეოთხე საჯარო სკოლაში - წინ კი ახალი შეხვედრების მოლოდინებია სხვადასხვა ქვეყნების ბავშვებთან, რომლებიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ყველანი ერთი პლანეტის შვილები ვართ და ბევრი საერთო გვაერთიანებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.