„ხელფასების ზრდით ახალგაზრდა თაობასაც უჩნდება მოტივაცია მასწავლებლები გახდნენ“- მამია ივარდავა, ზედაეწერის საჯარო სკოლის დირექტორი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლას 2021 წლიდან მამია ივარდავა უდგას სათავეში. დირექტორი პედაგოგების ოჯახიდან არის და მისთვის სკოლისა თუ პედაგოგების პრობლემები ძალიან ნაცნობია.როგორც თავად, მამია ივარდავა გვიამბობს ყოველთვის სურდა საკუთარი სოფლის სკოლას ჩასდგომოდა სათავეში და ყველა ის პრობლემა გამოესწორებინა, რაც დღეს არსებობს. მისთვის ზედაეწერის საჯარო სკოლის დირექტორობა უდიდესი გამოწვევაა, რადგან თვლის რომ პასუხისმგებლობა საკუთარი სოფლისა და სკოლის წინაში უფრო დიდია. მისი ყველაზე დიდი სურვილია, რომ სკოლას ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ჰქონდეს. მამია ივარდავას თქმით, წარმატებული დირექტორობისთვის საწინდარი დაკისრებული ვალდებულებებისადმი ერთგულებაა; დირექტორი ყოველწუთს იმისთვის უნდა იღწვოდეს, რომ სკოლა და მოსწავლეები წარმატებისკენ მუდმივად ისწრაფოდნენ. და ასევე, ყველაზე მთავარი მისი სიტყვებით, არის რომ გუნდს რომელსაც დირექტორი ხელმძღვანელობს განვითარებაში უწყობდეს ხელს.
კოვიდსტატისტიკის მზარდ ფონზე, როგორ მიმდინარეობს სასწავლო წლის II სემესტრი, რას ფიქრობს პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასების ზრდასა და კიდევ, მრავალ საკითხებზე პასუხებს
ზედაეწერის საჯარო სკოლის დირექტორ, მამია ივარდავასთან ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- სასწავლო წლის II სემესტრი დასწრებით, ჩვეულ ფორმატში დავიწყეთ, თუმცა კორონავირუსმა ცოტა პრობლემები მაინც შეგვიქმნა. პედაგოგებისა და მოსწავლეების გარკვეული რაოდენობა დაინფიცირდა და იძულებულნი გავხდით 1 კვირით დისტანციურ ფორმატზე გადავსულიყავით, თუმცა ახლა უკვე საკლასო ოთახებს დავუბრუნდით.
- ახსენეთ, რომ ინფიცირების გამო 8 დღით დისტანციური ფორმატში სწავლობდით, როგორ აფასებთ სკოლებისთვის იზოლაციის ვადის 8 დღემდე შემცირებას? მშობლებში რა განწყობა სუფევს გაზრდილი კოვიდსტატისტიკის ფონზე?
- როგორც მედიკოსები ამბობენ, ომიკრონის შტამი მსუბუქად მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ იზოლაციის ვადის შემცირება მიზანშეწონილი იყო. ონლაინ სწავლება ხარისხიანი განათლების კუთხით მაინცდამაინც დიდ შედეგს ვერ იძლევა.. ერთადერთი დადებითი ის არის, რომ ბავშვი სასწავლო პროცესს არ წყდება და მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილების ჩატარების დრო შემცირებულია და პედაგოგი გაკვეთილის სრულყოფილად ჩატარებას ვერ ახერხებს, მაინც არის შესაძლებლობა მოსწავლემ გარკვეული ცოდნა მიიღოს. სიმართლე გითხრათ მშობლები ომიკრონით დაინფიცირების შემთხვევების ზრდამ ცოტა შეაშინა.. მშობლებს სოციალურ ქსელებში ჯგუფი აქვთ გაკეთებული და ინფორმაციებს ერთმანეთს ხშირად უზიარებენ. ახლა, მაგალითად რაც სკოლას დავუბრუნდით დასწრება ძალიან კარგია და მშობლებისგანაც ამ ეტაპზე დადებითი განწყობა მოდის. ჩვენთან თითოეული რეგულაცია თუ რეკომენდაცია ზედმიწევნით დაცულია - არ გვაქვს პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების დეფიციტი, ყოველ საღამოს საკლასო ოთახები იწმინდება და დეზინფექცია ტარდება.
- სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს ანაზღაურება გაეზარდათ, როგორ ფიქრობთ ეს ზრდა საკმარისია?
- ძალიან კარგ საკითხს შეეხეთ... ერთ-ერთი ღვაწლმოსილი ადამიანის სიტყვებია - „ყველაზე დიდი ხელფასი უნდა ჰქონდეთ: სამხედროებს, ექიმებსა და პედაგოგებსო“, რატომ იცით? რადგან სამხედრო ქვეყანას იცავს, ექიმი მოსახლეობის ჯანმრთელობას ხოლო, პედაგოგი ამ ორივე პროფესიის ადამიანს უყრის საფუძველს! ამიტომაც, პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა უფრო მეტადაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. ხელფასების ზრდით მომავალ, ახალგაზრდა თაობასაც უჩნდება სურვილი და მოტივაცია მასწავლებლები გახდნენ. ეს მათთვის ძალიან დიდი სტიმულის მიმცემია.
- ბატონო მამია, სამინისტროს გადაწყვეტილებას პრაქტიკოსებთან დაკავშირებით როგორ შეაფასებდით და თქვენი პედაგოგები თუ აპირებენ გამოცდებზე სტატუსის ასამაღლებლად კვლავ გასვლას?
- სკოლაში სულ 18 პედაგოგია, მათგან 4 წამყვანი და 1 პრაქტიკოსი გვყავდა, დანარჩენებს უფროსი მასწავლებლის სტატუსები აქვთ. სამწუხაროდ მოხდა ფაქტი, რომ დაწყებითი კლასის მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტურა. მას უდიდესი პედაგოგიური გამოცდილება და 25 წლიანი სტაჟი აქვს... როგორც კანონმდებლობა მოითხოვდა მას 31 იანვარს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, გამოვაცხადეთ ვაკანსია, თუმცა ის მოთხოვნები რაც გვქონდა ვაკანსიის მსურველებმა ვერ დააკმაყოფილეს. შესაბამისად ჩვენს პედაგოგს 30 ივნისამდე გავუფორმეთ მოწვეულ მასწავლებლად შრომითი ხელშეკრულება. ჩვენი განათლების მინისტრი და აბსოლუტურად ყველანი მონდომებულნი არიან, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს კიდევ ერთი შანსი მიეცეთ. დანარჩენი პედაგოგებისგან ვიცი, რომ აქვთ სურვილი გამოცდებზე გავიდნენ და კომპეტენციები კვლავ აიმაღლონ, მათ ამ გადაწვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. ვიცი, რომ ძალიან ემზადებიან ამისთვის. თავად მე 2019 წელს ისტორიაში 10 კრედიტქულაზე მაქვს საგანი ჩაბარებული, სამწუხაროდ პროფესიული უნარები არ მაქვს ჩასაბარებელი. მომავალ წელს ვაპირებ მეც რომ 60 კრედიტქულიანზე გავიდე.
პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით სამინისტროს გადაწყვეტილებას ვეთანხმები და დადებითად ვარ განწყობილი. სამინისტრომ შემხვედრი ნაბიჯი გადადგა და იმ პედაგოგებს, რომლებმაც 10 კრედიტქულა ვერ გადალახეს შანსი მისცა. ასევე, ამ საკითხს კიდევ რაც აქვს დადებითი მხარე არის ის, რომ მასწავლებლებს სამსახური შეუნარჩუნდათ. ვფიქრობ, ეს გადაწვეტილება მათთვის არის დიდი პატივი, თუმცა ძალიან საპასუხისმგებლო, რადგან კიდევ უფრო მეტს უნდა მიაღწიონ.