მიუხედავად განვლილი უამრავი სირთულისა პედაგოგობა არასოდეს უნანია და თავისი საყვარელი საქმის ერთგულად რჩება; სხვათაშორის, დირექტორობასთან ერთად თავის საყვარელ საგანს, ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეებს კვლავ ასწავლის; როგორც თავად აღნიშნავს, მასწავლებელი ძალით ვერ იქნები, ადამიანს ეს საქმე და პირველ რიგში ბავშვები მთელი გულით უნდა უყვარდეს და მხოლოდ ასეთი უანგარო სიყვარულით შეძლებს პედაგოგი ბავშვებთან მრავალწლიან ურთიერთობას.
ლეილა წიკლაურისთვის კარგი დირექტორი სამართლიანობასთან და სკოლის ერთგულებასთან ასოცირდება. მისივე სიტყვებით, ხელმძღვანელი სკოლაში არსებულ ყველა გამოწვევას დიდი გულისხმიერებითა და ყურადღებით უნდა მოეკიდოს და პოპულისტური გამოსვლების ნაცვლად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას. თვლის, რომ მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან მეგობრობის გარეშე საქმე არ კეთდება... და რაც მთავარია, იმისთვის რომ სასკოლო საზოგადოება ერთ გუნდად შეკრა ამისთვის მთავარი ნდობის მოპოვება და შენარჩუნებაა.
რას ნიშნავს მისთვის დირექტორობა, როგორ უმკლავდება მსოფლიოში ყველაზე დიდ გამოწვევას - კოვიდპანდემიას, რას ფიქრობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე, სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების ხელფასების ზრდასა და კიდევ უამრავ საკითხებზე პასუხებს
წალკის N2 საჯარო სკოლის დირექტორთან, ლეილა წიკლაურთან ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- უკვე 30 წელი გახდება რაც ზოგადად სკოლაში ვმოღვაწეობ. წალკის N2 საჯარო სკოლაში პირველად 2006 წელს მოვედი, სასწავლო აღმზრდელობით დარგში (მაშინ ასე ერქვა) დირექტორის მოადგილე ვიყავი, რა თქმა უნდა პარარელურად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. 2014 წელს დირექტორად დავინიშნე და ამ საპასუხისმგებლო თანამდებობასთან ერთად, მაქვს ბედნიერება ჩემს საგანს ვასწავლიდე. ვფიქრობ, დირექტორი აუცილებლად პროფესიული უნარებით აღჭურვილი უნდა იყოს და ამავდროულად, სამართლიანი, კომუნიკაბელური და მეგობრულიც. ადრინდელ თაობასთან შედარებით, დღევანდელი მოსწავლეები ბევრად ინფორმირებულები და გახსნილები არიან, რაც ურთიერთობას ამარტივებს. თუ შენი საქმე არ გიყვარს, რა თქმა უნდა რთულია სკოლაში და მით უმეტეს ბავშვებთან მუშაობა... სიყვარულის გარეშე ამ საქმეს ძალით ვერ შეეჭიდები. რთული პერიოდებიც ყოფილა, თუნდაც ადამიანური ურთიერთობების კუთხით... ამ დროს სულ ვცდილობ საკუთარი თავი წარმოვიდგინო მის ადგილას, მე როგორ მოვიქცეოდი. როდესაც მოსწავლეს პირისპირ, გულღიად დაელაპარაკები, არა როგორც დირექტორი, არამედ უფროსი მეგობარი უკეთესი შედეგი აუცილებლად დგება. ბავშვს უნდა დაანახო, რომ მის გვერდით ხარ და შემდეგ ნაბიჯებს უკვე თავადაც გადმოდგამს. ასეთივე დამოკიდებულებაა საჭირო კოლეგებთანაც. კარგი, ღია ურთიერთობებით ჩნდება ნდობა და სადაც ნდობაა, იქ ყოველთვის არის სიკეთე ორივე მხარისთვის.
- სკოლაზე დიდი სიყვარულით საუბრობთ. თავიდანვე მასწავლებლობა გსურდათ?- პატარა რომ ვიყავი ბევრი ოცნება მქონდა... თავიდან მასწავლებლობა მინდოდა, შემდეგ სხვა მოწოდება გამიჩნდა, თუმცაღა გადაწყვეტილება მასწავლებლობის სასარგებლოდ კვლავ შევიცვალე და მას შემდეგ ჩემს პროფესიას, მოწოდებას ვემსახურები.. მასწავლებლობა, თითქოს ჯადოსნური წრეა, რომელიც გითრევს. ვფიქრობ, ნებისმიერი მასწავლებელი გეტყვით, რომ ბავშვებთან ურთიერთობა მათ ცხოვრებას გარკვეულწილად ალამაზებს და ავსებს. სხვა პროფესიას მასწავლებელი ალბათ, ვერც აირჩევს. მასწავლებლობა არასოდეს მინანია და ჩემი საგანი, ბავშვებთან, კოლეგებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. ძალიან გამიმართლა, რომ სადაც კი მიმუშავია კოლექტივი ყველგან კარგი მყავდა და დღესაც, ჩემი გუნდის ძალიან მადლიერი ვარ, რადგან ყველა მოწოდებულია, რომ ბავშვებისთვის მაქსიმალური გაიღონ.
- ყოველდღიურად მზარდი კოვიდსტატისტიკის ფონზე II სასწავლო სემესტრი როგორ მიმდინარეობს? რა გამოწვევების წინაშე დგანან პედაგოგები?- ვინაიდან ინფიცირებულები გვყავდა, 1 კვირა ონლაინ ფორმატზე გადავედით, ახლა კი სკოლაში დავბრუნდით და სწავლას პირისპირ რეჟიმში განვაგრძობთ. იმედი მაქვს, ონლაინ სწავლებაზე გადასვლა აღარ მოგვიწევს. ბავშვებს მაინც სკოლაში სიარული სურთ. სკოლა მხოლოდ სასწავლო დაწესებულება არ არის, სკოლაში ადამიანურ ურთიერთობებს სწავლობენ. მასწავლებლებისთვის გარკვეული სირთულეები ნამდვილად არსებობს... გაკვეთილების კლასშიც და ონლაინ რეჟიმშიც ჩატარება რა თქმა უნდა სირთულეებთან ასოცირდება. პედაგოგსაც ჰყავს ოჯახი და აქვს საქმეები მისახედი. ეს რთულია, თუმცაღა განვმეორდები, თუ მოწოდებით ხარ მასწავლებელი, ყველა საქმეს გადადებ გვერდზე და შენს მოწოდებას მიხედავ. რთულია ეს, მაგრამ ამას შეასრულებ. მასწავლებლები იმისთვის ვართ მოწოდებულნი, რომ ბავშვებს ცოდნა გადავცეთ.
- ახსენეთ, რომ 1 კვირა ონლაინ ფორმატზე იყავით გადასულები. იზოლაციის ვადები კვლავ შემცირდა, როგორ ფიქრობთ ადამიანის რეაბილიტირებისთვის ეს დრო საკმარისია? პედაგოგებისთვის აღარ არის სავალდებულო ბიულეტინის წარდგენა, მოგწონთ ეს გადაწყვეტილება?- რეაბილიტაციის პროცესი რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ რას ვიზამთ? იცით რა არის, შექმნილ სიტუაციას ფეხი ყველანაირად უნდა ავუწყოთ, სხვანაირად ვერ შევძლებთ... მეც გადავიტანე კოვიდი, რთული იყო ჩემთვისაც, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა. მასწავლებელი სიტუაციას მაქსიმალურად უნდა მოერგოს, რათა ბავშვებს არაფერი დააკლდეთ. თუმცა, ვიტყვი, რომ ეს რთული პროცესია. როდესაც ყელი გტკივა, სიცხე გაქვს და შენ მაინც ონლაინ გაკვეთილს ჩვეულებრივ ატარებ... თუ მოწოდებით მასწავლებელი ხარ ეს ყველა წინააღმდეგობას გადაგალახინებს. რაც შეეხება ბიულეტინის წარდგენის გაუქმებას ამას ვიწონებ, რადგან მასწავლებელს საქმეს ბევრად უადვილებს.
- სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს ხელფასები გაეზარდათ. ეს ზრდა საკმარისია?- დღევანდელ ფასებთან შედარებით ეს საკმარისი არ არის, თუმცა ტენდენცია თუ გაგრძელდება და ფასების ზრდას დაეწევა ვფიქრობ, საკმარისი ამ შემთხვევაში იქნება. ადმინისტრაციასა და ტექნიკურ პერსონალს რაც შეეხება, მათ ნამდვილად დაბალი ანაზღაურება აქვთ. პანდემიის ფონზე კი მით უმეტეს დატვირთვა უფრო გაეზარდათ. ბიუჯეტში თუ გვაქვს თანხა წახალისების, ერთჯერადი პრემიების სახით ვცდილობთ მათ გვერდით დავუდგეთ. ვფიქრობ, ადრინდელთან შედარებით მასწავლებლის პროფესია მეტ-ნაკლებად დაფასებულია, თუნდაც ხელფასებით თუ შევადარებთ. ისე კი, ბავშვების სიყვარულს ვერანაირი ხელფასი შეედრება, მათ მიერ ნათქვამ თუნდაც ერთ თბილ სიტყვას.. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი დაფასებაა..
- ქალბატონო ლეილა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე რას ფიქრობთ?- ვფიქრობ, უმჯობესი იქნება პედაგოგმა ვთქვათ 5 წელიწადში თავის საგანში გამოცდა ჩააბაროს, ან გადამზადება გაიაროს. ახლა, მაგალითად წამყვანისა ან მენტორის სტატუსს რომ მიაღწიო ზღვა მასალაა ასათვისებელი. პედაგოგებთან ერთადაც ეს მასალა, როდესაც ვნახე გვქონდა საუბარი და მასწავლებლებისთვის ამის მოკლე დროში დაძლევა რთულია... მით უმეტეს, რომ ივლისში უკვე გამოცდებია წინ და ვფიქრობ, ამის გამო ბევრმა კარიერული წინსვლისთვის უკან დაიხია.
- საინტერესოა, სამინისტროს გადაწყვეტილებას პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით როგორ შეაფასებდით და თქვენი პედაგოგები თუ აპირებენ წელს სტატუსის ასამაღლებლად გამოცდებზე გასვლას?- სკოლაში სულ 30 მასწავლებელი გვყავს - აქედან 7 წამყვანი, 2 პრაქტიკოსი ხოლო, დანარჩენი უფროსი სტატუსის მქონენი. პრაქტიკოსებს საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვთ და ჯერ-ჯერობით სკოლაში არიან, ზაფხულში კი პროფესიულ უნარებსაც გაივლიან. სამინისტროს გადაწყვეტილებას ვეთანხმები, რადგან პრაქტიკოს მასწავლებელს, შესაძლოა ძალიან დიდი გამოცდილება და სტაჟი ჰქონდეს, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მაინც გამოიწვია...
მეც თავად წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მაქვს და გამოცდაზე გასვლას ვფიქრობ, რათა პირადი მაგალითი მივცე პედაგოგებს. მოვუწოდებ ყველას, რომ გამოცდებზე გავიდნენ, რადგან ეს როგორც პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს, ასევე მატერიალური კუთხითაც იქნება მათთვის სასარგებლო.
- ქალბატონო ლეილა, როგორც დირექტორი, ყველაზე მეტად რას ისურვებდით თქვენი სკოლისთვის და მოსწავლეებისთვის?- ყველაზე მეტად მინდა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს და ეს პანდემია მალე დასრულდეს. მინდა ჩემმა ყველა მოსწავლემ ცხოვრებაში ღირსეული ადგილი იპოვოს და პროფესიაში თავი დაიმკვიდროს. ძალიან ჭკვიანი და მოტივირებული თაობა გვყავს და მსურს, საკუთარი უნარების გამოვლენის საშუალება მიეცეთ. ჩემს მოსწავლეებსა და პედაგოგებსაც ვეტყოდი, რომ რაც შეიძლება მეტი ისწავლონ, შეიცნონ სამყარო და საკუთარი პროფესია, რათა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ.