სიახლეები
სიახლეები

თემაში წერტილის გამორჩენა სერიოზულ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს - დეტალები, რაც უცხოური ენის გამოცდის შესახებ უნდა იცოდეთ
18-02-2022
-
+


რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა უცხოური ენის გამოცდის შესახებ, მისაღებია თუ არა ორი პასუხის ჩაწერა, შემოკლებული ფორმების და წერა და არის თუ მისაღები არაფორმალური სიტყვების გამოყენება? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე აბიტურიენტებისთვის საინტერესო კითხვებს პასუხობს და დეტალურად განმარტავს მოთხოვნებს, რომელიც აპლიკანტებმა თემის წერისას უნდა გაითვალისწინონ.

ტესტში რამდენი დავალებაა და საერთო ჯამში რამდენ ქულიანია?
ტესტი შედგება 8 დავალებისაგან. N1-N5 დახურული დავალებებია, N6-N8 კი - ღია. პირველი და მეორე დავალება მოსმენის უნარს ამოწმებს, N3-N6 დავალებები კი - კითხვის უნარს, ასევე ლექსიკისა და გრამატიკის ცოდნას, მე-7 და მე-8 დავალებები წერის უნარის შესამოწმებელი დავალებებია. ტესტში სულ 60 საკითხია. ყველა საკითხი, წერის დავალებების გარდა, ფასდება 1 ქულით. წერის პირველი დავალება (წერილი) ფასდება 6 ქულით, მეორე დავალება (თხზულება) – 16 ქულით. ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა არის 2 სთ. და 30 წთ.
 
რა უნდა გავითვალისწინოთ ტესტზე მუშაობის დროს?
ყურადღებით გაეცანით დავალების პირობას და ჩაწერეთ პასუხი შესაბამის გრაფაში. აბიტურიენტებმა ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ არ დაწერონ პასუხების ფურცელზე სახელი და გვარი, ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში დავალება არ გასწორდება და შეფასდება ნული ქულით.
 
რომელია უცხოურ ენაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები?
ხშირად აბიტურიენტები იყენებენ შაბლონურ ფრაზებს, რასაც არ გირჩევთ. ასეთ ნაშრომში მაღალ შეფასებას ვერ მიიღებთ.
 
რა შეგიძლიათ გვითხრათ თემის სტრუქტურაზე?
დავალება ამოწმებს აზრის წერილობითი სახით გადმოცემის უნარს. აბიტურიენტს მოეთხოვება მოცემული თემის გარშემო 120-150 სიტყვიანი თხზულების დაწერა. თხზულებაში უნდა ჩანდეს აბიტურიენტის უნარი, მკაფიოდ და გასაგებად გამოხატოს საკუთარი პოზიცია დასმული საკითხის გარშემო და გაამყაროს იგი ფაქტებით და არგუმენტებით. მან უნდა გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკა და გრამატიკა, წინადადებები ერთმანეთს ლოგიკურად და სტრუქტურულად სწორად დაუკავშიროს. ნაწერი ფასდება ორი კრიტერიუმით: აზრის ლოგიკურად და თანმიმდევრულად გამოხატვის უნარი (fluency) და გრამატიკულ-ლექსიკურ-ორთოგრაფიული სიზუსტე (accuracy). დავალების მაქსიმალური ქულაა 16. ყურადღებით წაიკითხეთ თემის სათაური, შეეცადეთ კარგად გაიგოთ, თუ რას მოითხოვენ თქვენგან. დაფიქრდით და ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი დასმულ საკითხთან დაკავშირებით. ეცადეთ აზრი მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბოთ. ეს ყველაფერი შავ ფურცელზე ჩამოწერეთ. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მოსაზრებას განიხილავთ და მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე იმსჯელებთ, ქულა არ დაგაკლდებათ, თუმცა, გირჩევთ, რომ მხოლოდ ერთ მოსაზრებაზე იმსჯელოთ. მოთხოვნილი სიტყვების რაოდენობის გათვალისწინებით, ასეთი მიდგომა უფრო კარგად აჩვენებს თქვენი მოსაზრების არგუმენტირებულად გადმოცემის უნარს.
 
საშუალოდ რამდენი სიტყვისგან უნდა შედგებოდეს ესე?
ესეში სიტყვების რეკომენდებული რაოდენობაა 120-150. შეგიძლიათ ამაზე ცოტა მეტიც დაწეროთ, მთავარია, არ გადასცდეთ ამ დავალებისათვის გამოყოფილ სივრცეს, რადგან შესაძლოა დასკანერების დროს თქვენი ნაწერი მოიჭრას. შინაარსის მხრივ ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად ზუსტად და პირდაპირ პასუხობთ მოცემულ დავალებას. არ არის საჭირო ზოგადი დაზეპირებული ფრაზების ხშირად გამოყენება. მთავარია, პირადი აზრი გასაგებად და არგუმენტირებულად გადმოსცეთ.
 
რა კრიტერიუმებით სწორდება ესე?
ნაწერი მაღალი ქულით ფასდება, თუ მოსაზრება კარგად ჩანს, გამოყენებულია მრავალფეროვანი გრამატიკული სტრუქტურები და მდიდარი ლექსიკა. აგრეთვე, თუ სრულად და არგუმენტირებულად პასუხობს დავალებას, შეცდომები არ არის, ან დაშვებულია, მხოლოდ ერთი მართლწერის შეცდომა და სხვ. დეტალები იხილეთ კრებულში.
 
აუცილებელია თუ არა double-sided ესეს დაწერა, თუ მხოლოდ one-sided-ით შეგვიძლია შემოვიფარგლოთ?
თქვენ უნდა დაეთანხმოთ ან უარყოთ მოცემული მოსაზრება და გაამყაროთ არგუმენტებით პოზიცია.
 
თემასა და წერილში პუნქტუაციას ყურადღება ექცევა?
გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ნაწერი იკითხებოდეს, დაიწყეთ ახალი წინადადება დიდი ასოთი და დასვით წერტილი, სადაც საჭიროა. უფრო დეტალურად სასვენი ნიშნების გამოყენებას მნიშვნელობა არ ენიჭება. სასვენ ნიშნებს ექცევა ყურადღება მინიმალურად, თუმცა წერტილის გამორჩენის შემთხვევა სერიოზულ შეცდომად შეიძლება იქნას განხილული.
 
მოსასმენი დავალების დროს ტექსტზე გვექნება წვდომა?
მოსმენისას, ცხადია, ხედავთ დავალებასაც. ისმენთ ტექსტს და ამავე დროს ხედავთ ამ ტექსტთან დაკავშირებულ შეკითხვებს. მოსმენილის მიხედვით, რაც გესმით, თქვენ უნდა მონიშნოთ სწორი პასუხები.
 
ამერიკული ინგლისურიდან რომ გამოვიყენოთ სიტყვები, შეცდომად ჩაგვეთვლება?
ასეთი დაყოფა ამ ენას აღარ აქვს. არსებობს ერთი გლობალური ინგლისური ენა. არ გამოიყენოთ მხოლოდ არაფორმალური სლენგი.
 
უცხოურ ენად იაპონური შეიძლება, რომ ჩავაბარო?
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შეგიძლიათ ჩააბაროთ ამ ოთხი უცხოური ენიდან ერთ-ერთი: ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული.
 
ინგლისურში შეგვიძლია წერისას შემოკლებული ფორმები გამოვიყენოთ?
დიახ, რა თქმა უნდა, შემოკლებული ფორმების გამოყენება შესაძლებელია.
 
Wanna და gonna არ შეიძლება რომ გამოვიყენოთ ინგლისურის ესეში?
არ გირჩევთ, რადგან არაფორმალური სიტყვებია.
 
რამდენი მოსმენის დავალებაა და ყურსასმენით ვისმენთ თუ არა?
ყურსასმენები უცხოური ენის გამოცდაზე არ დაგირიგდებათ. საგამოცდო სექტორში ხმის გამაძლიერებლების საშუალებით ისმენს ყველა გამოსაცდელი დავალებას. ტესტი ორი მოსმენის დავალებით იწყება. პირველი შედგება 5 მოკლე ტექსტისგან, მეორე კი - ერთი, შედარებით ვრცელი ტექსტისგან.  დავალების მოსმენა ხდება ორჯერ. 
 
მაინტერესებს, რამდენია კოეფიციენტი ინგლისურის საგანში გრანტისთვის?
ეს ინფორმაცია მითითებული იქნება ცნობარში აბიტურიენტებისათვის, რომელიც რეგისტრაციის დაწყებისთანავე გამოქვეყნდება და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ, კონკრეტულად რომელ პროგრამაზე როგორი კოეფიციენტი ენიჭება უცხოურ ენას. ყველა უმაღლესი სასწავლო დაწესებულება საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტს ამ საკითხს.
 
გრამატიკის სავარჯიშოში ორი პასუხი მისაღებია?
არ არის რეკომენდებული ორი პასუხის ჩაწერა, რადგან, თუ რომელიმე არასწორია, ქულას ვერ მიიღებთ

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება