„განათლების სისტემაში სხვა სფეროებთან შედარებით ანაზღაურება საშუალოზე მაღალია“- გიორგი რუხაძე, ბათუმის N22 საჯარო სკოლის დირექტორი
გიორგი რუხაძემ, პედაგოგიური მოღვაწეობა ბათუმის N22 საჯარო სკოლაში 1995 წლის 23 მარტს დაიწყო და როგორც თავად ამბობს, არასოდეს დაავიწყდება, დღე როდესაც ამ სკოლის კარი პირველად შეაღო და შვიდი წლის განმავლობაში მოსწავლეების განათლებისთვის დაუღალავად შრომობდა. 2014 წელს კი მშობლიურ სკოლას დირექტორის ამპლუაში დაუბრუნდა.გიორგი რუხაძეს სკოლისადმი სიყვარული როგორც აღმოჩნდა, მისი ოჯახიდან გამომდინარეობს. თავდაპირველად სულ სხვა მიმართულებით მოღვაწეობდა, თუმცა ცხოვრების გზამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც სკოლის სასარგებლოდ გააკეთებინა, რასაც ნამდვილად არ ნანობს.
რუხაძისთვის კარგი დირექტორი კარგ ლიდერს ნიშნავს; მისთვის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება უცხოა, მიიჩნევს, რომ კარგი და სასარგებლო საქმეები მხოლოდ ერთ გუნდად შეკრული თანამშრომლების მეშვეობით კეთდება.
როგორი უნდა იყოს სკოლის დირექტორი, როგორ მიმდინარეობს სწავლა კოვიდპანდემიის ეპოქაში, რას ფიქრობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესახებ და კიდევ უამრავ საინტერესო თუ მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხებს,
ბათუმის N22 საჯარო სკოლის დირექტორ, გიორგი რუხაძესთან ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- მასწავლებლობა გენებიდან მომყვება, ჩემი ბებიაც პედაგოგი იყო და ბავშვების, სკოლისადმი სიყვარული მისი დამსახურებაა. თავდაპირველად სულ სხვა განხრა მქონდა - პირველი დიპლომით ზოოტექნიკოსი გახლავართ. შემდეგ უკვე ინსტიტუტში მეორედ ჩავაბარე და როგორც ინგლისური ენის პედაგოგმა, 1955 წელს ამ სკოლის კედლებში ავიდგი ფეხი. არასოდეს დამავიწყდება 23 მარტი, დღე, როდესაც აქ მოვედი... ბათუმის N22 საჯარო სკოლაში 7 წელი ვიმუშავე, როგორც ინგლისური ენის პედაგოგმა. შემდეგ ჩემი კარიერა სხვა სკოლებში გაგრძელდა, მაგრამ 2014 წელს ჩემს ოჯახს - ბათუმის N22 საჯარო სკოლას კვლავ დავუბრუნდი, ამჯერად როგორც დირექტორი. საგანმანათლებლო სისტემაში ჩემი სტაჟი უკვე 27 წელს ითვლის... სამწუხაროდ, ახლა დროის უქონლობის გამო ჩემს საგანს, მეორე პროფესიას ინგლისურ ენას ვეღარ ვასწავლი.
- ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ რა პიროვნული უნარები უნდა გააჩნდეს დირექტორს?- კარგი დირექტორი უნდა იყოს კარგი ლიდერი.. თანამშრომლებთან ერთად, ერთიანი გუნდით უნდა წყვეტდეს არსებულ საჭირბოროტო საკითხებს. უნდა იყოს ტოლერანტი, ჰუმანური, კაცთმოყვარე და ობიექტური. ვფიქრობ, დირექტორობისთვის აუცილებელია ასევე ალღო - ანუ, შეგეძლოს პრობლემის სწრაფად და სწორად გადაჭრა. და კიდევ, უნდა იყო თანამშრომლებისთვის და მოსწავლეებისთვის მეგობარი. მეგობრობის გარეშე ხო არაფერი არ არსებობს?!
- კოვიდპანდემიის პერიოდში, II სასწავლო სემესტრი როგორ მიმდინარეობს? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდით?- პანდემიიდან გამომდინარე II სემესტრი რთული იყო, მაგრამ ჩვენი სკოლა არსებულ გამოწვევებს კარგად უმკლავდება. დიდი სკოლა გვაქვს, სულ 67 კლასი გვაქვს და ორ ცვლაში ვმუშაობთ. იყო დღე, როდესაც კოვიდის გამო 27 პედაგოგი შემოგვაკლდა, მაგრამ ამას გავუმკლავდით, მოხდა ჩანაცვლებები, რამაც საშუალება მოგვცა სასწავლო პროცესი არ შეფერხებულიყო. მინდა ვთქვა, რომ მთლიანად სკოლა დისტანციურ სწავლებაზე არ გადასულა, მხოლოდ ლოკალურად, სხვადასხვა კლასები საჭიროების მიხედვით გადადიოდნენ ონლაინ რეჟიმზე. ამ ეტაპზე დასწრება გაუმჯობესებულია და სკოლაში ბავშვების 90% იმყოფება. იყო პერიოდი, როდესაც 18 – 19 კლასი იყო ონლაინ ფორმატზე, დღეს მხოლოდ ერთი კლასია, რაც იმას მიმანიშნებს, რომ პანდემიას ვუმკლავდებით.
- იზოლაციის ვადები კვლავ შემცირდა, როგორ ფიქრობთ, რეაბილიტაციისთვის 5 დღე საკმარისია? პედაგოგებისთვის ბიულეტენის წარდგენა სავალდებულო აღარ არის, მოგწონთ ეს გადაწყვეტილება?- იზოლაციის 5 დღემდე შემცირების გადაწყვეტილებას მივესალმები. მაგალითად წინა კვირას კოვიდი ჩვენს სამ პედაგოგს დაუდასტურდა, მაგრამ ფაქტიურად არაფერი სჭირდათ. გაუვიდათ იზოლაციის ვადა, აიღეს სწრაფი ტესტი და დღეს უკვე სკოლას უპრობლემოდ დაუბრუნდნენ. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდათ, მაშინ დღეები ავტომატურად გაეზრდებათ. 5 დღე ვფიქრობ, ოპტიმალური დროა. იგივე სიტუაციაა მოსწავლეებთან. საჭიროებიდან გამომდინარე დღეების დამატება ყველასთვის შესაძლებელია. დისტანციურ სწავლებას საკლასო ოთახში ყოფნა სჯობს. ბიულეტენს რაც შეეხება, მას შემდეგ რაც კოვიდინფიცირების შემთხვევები ასე მომრავლდა მედპერსონალს ცნობების გაცემის დრო ფიზიკურადაც უკვე აღარ აქვთ. ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილებაა, რომ ბიულეტინის წარდგენა აღარაა სავალდებულო.
- სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს ხელფასები გაეზარდათ. როგორ ფიქრობთ, ეს ზრდა საკმარისია?- ადამიანს რაც მეტს მოუმატებ, მით მეტი სჭირდება შემდგომ... შეძლებისდაგვარად, ამ ეტაპზე, ეს 10% რა თქმა უნდა ყველა ადამიანისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ სულ არარაობას ეს ზრდა ჯობია. ზრდის პარარელურად ენთუზიაზმიც მეტია და იმედიც ჩნდება, რომ თუ სახელმწიფოში ეკონომიკური კუთხით დადებითი ძვრები იქნება ანაზღაურებაც უფრო გაიზრდება. რაც არ უნდა იყოს, განათლების სისტემაში სხვა სფეროებთან შედარებით ანაზღაურება საშუალოზე მაღალია და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს საწუწუნო არაფერი გვაქვს. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
- ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ მასწავლებლის შრომა დაფასებულია?- დაფასებული არის, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ხელფასები, დანამატები იზრდება, ჯანდაცვის მხრივ სადაზღვეო პოლიტიკაც უმჯობესდება. სკოლას მეტი ყურადღება ექცევა. მაგალითად, აჭარის ა/რ განათლების სამინისტროში უშუალო ურთიერთობები და დამოკიდებულებებია სკოლებთან. თითოეული სკოლის საჭიროებები კარგად აქვთ გააზრებული, ხდება მონიტორინგები, აზრთა გაზიარებები და ა.შ. განათლების სამინისტრო სწავლა - სწავლების გაუმჯობესებისათვის თავდაუზოგავად იღწვის. თუ მასწავლებელი დაუფასებელი იქნება, ავტომატურად პედაგოგი თავის ცოდნას და ენერგიას ვერ გამოავლენს, რადგან არ დაიხარჯება და განათლების ხარისხიც დაეცემა. 111 თანამშრომელი მყავს და თითოეულის სულს ვეხებით, კანონის ფარგლებში რაც შეგვიძლია გვერდით ვუდგავართ.
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემაზე რას ფიქრობთ?- ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ მგონია, რომ ეს კარგია, რადგან ადამიანი კარიერისკენ უნდა იღწვოდეს. ამ შემთხვევაში სკამისთვის ბრძოლას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ, რომ თავისი საქმიდან გამომდინარე ყველა ადამიანი უნდა ვითარდებოდეს და სიახლეებს ითვისებდეს. სწორედ ამას ემსახურება ეს სქემაც. პედაგოგებმა სქემის საშუალებით თავისი ცოდნა მეტად დახვეწეს, გაკეთებული აქტივობებით სასწავლო პროცესი მეტად ხარისხიანი და შემეცნებითი გახდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ეს ყველაფერი ძალიან კარგია.
- საინტერესოა, სამინისტროს გადაწყვეტილებას პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით როგორ შეაფასებდით და თქვენი პედაგოგები თუ აპირებენ წელს სტატუსის ასამაღლებლად გამოცდებზე გასვლას?- ამ ეტაპზე გვყავს 4 მაძიებელი, 2 წამყვანი, 3 პრაქტიკოსი, ხოლო დანარჩენი უფროსი სტატუსის მასწავლებლები. მაძიებელ მასწავლებლებს აქტივობები გაკეთებული აქვთ და საგნის გამოცდას ელოდებიან, თუ ვერ ჩააბარეს მაშინ მათ უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდებათ და ალბათ სხვა სკოლაში ექნებათ უფლება გააგრძელონ მოღვაწეობა ან ჩააბარონ და ჩვენს სკოლაში დარჩნენ. ამ ადამიანებს დიდი გამოცდილებაც და წარმატებებიც აქვთ. წამყვანებს რაც შეეხებათ ორივე ფილოლოგია და დიდი წარმატებებიც გააჩნიათ. პრაქტიკოსებს რაც შეეხებათ მათ 1 ქულაღა აკლდათ, რომ სტატუსი მიეღოთ თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა.. საათების რაოდენობები შევუნარჩუნეთ და დროებითი ხელშეკრულებები გავუფორმეთ.
სამინისტროს გადაწყვეტილებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა ყველა ადამიანი ცოდოა სამუშაოს დაკარგვისთვის, მაგრამ სამინისტროს პოზიციას ვეთანხმები. ყველას ჰქონდა დრო და არაერთხელ მიეცათ საშუალება უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიეღოთ. იყვნენ პედაგოგები, რომლებსაც გამოცდებზე გასვლა და არც სხვა რამ არ აინტერესებდათ - „ვიქნები იქამდე სადამდეც დამტოვებენ“, ზოგი ამ დამოკიდებულებით იყო და ეს კარგი არ არის. ახლა ვინც არიან სკოლაში, მათ აქ ყოფნა ნამდვილად უნდათ და ჩვენც იმის გამო დავტოვეთ, რომ ნამდვილად კარგი პედაგოგები არიან, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო გამოცდაზე შესაბამისი შედეგი ვერ დააყენეს...
გამოცდებზე გასვლას ჩემი პედაგოგები აპირებენ. ყველა მათგანი სათანადოდ ემზადება და ელოდებიან, როდის დაიწყება რეგისტრაცია. მეც და ჩემი უნიჭიერესი მოადგილეებიც ჩვენი პედაგოგების გვერდით ვართ და ვეხმარებით მაქსიმალურად. ჩვენი სკოლის კოლექტივი ერთიანი და მეგობრულია, მით უმეტეს რომ სკოლაში მომუშავე ადამიანების 50 – 60% აქ ამ სკოლის დაარსების დღიდან არიან.