შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ახალი ვალდებულება დაეკისრა - მინისტრის ბრძანება
25-02-2022
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანების მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უნივერსიტეტში გადასვლის წესსა და საფასურის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.
ბრძანების მიხედვით, უნივერსიტეტს უფლება აქვს მიმართოს გამოცდების ცენტრს და გამოითხოვოს ინფორმაცია, შიდა მობილობის უფლების მქონე პირების (სტუდენტების) მიერ ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის თაობაზე დადგენილ საგანში/საგნებში, შესაბამისი ქულის მითითებით. „ნაეკი“ კი თავის მხრივ უზრუნველყოფს უმაღლეს სასწავლებელს ინფორმაცია გონივრულ ვადაში მიაწოდოს.
ცვლილების მიხედვით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს მობილობის უფლების მქონე პირთა სიის ფორმირებასა და გამოცდების ცენტრისათვის წარდგენას. „ნაეკი“ ვალდებულია „ემისს“ ელექტრონულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ სტუდენტების შესახებ, რომლებმაც 2005 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებით გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დადგენილ საგანში/საგნებში, მათ მიერ მიღებული სკალირებული ქულის მითითებით.
ასევე, უნივერსიტეტი უფლებამოსილია უზრუნველყოს შიდა მობილობის მქონე პირთა, ანუ სტუდენტთა სიის ფორმირება და გამოცდების ცენტრისათვის წარდგენა, მასთან შეთანხმებული ფორმით. ხოლო, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მიაწოდოს ინფორმაცია იმ სტუდენტების შესახებ, რომლებმაც 2005 წლიდან 2021 წლის ჩათვლით წარმატებით გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დადგენილ საგანში/საგნებში, შესაბამისი ქულის მითითებით.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები ამა წლის 1 თებერვლიდან ძალაშია.