„დამეხსენი ჩრდილოელო!“ - ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
02-03-2022
დაკოპირებულია
-
+
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და დასამახსოვრებელი ღონისძიება - „დამეხსენი ჩრდილოელო!“ ჩატარდა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 101 წლისთავს მიეძღვნა.
სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მოსწავლეებს ამომწურავად ესაუბრა 1921 წლის ტრაგიკულ მოვლენებზე, სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებსა და საქართველოს ეროვნულ გმირ, მარო მაყაშვილზე; ასევე, წაიკითხეს მათდამი მიძღვნილი ლექსები.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა მოიძიეს ოკუპაციის პერიოდის ამსახველი მასალები და შექმნეს სტენდები, რომლებიც სკოლის ფოიეში და სპორტულ მოედანზე გამოფინეს.
ღონისძიების მხატვრული გაფორმება უკრაინის დროშის ფერის საჰაერო ბუშტებითა და კედლის გაზეთით უფროსკლასელმა მოსწავლეებმა ითავეს, რომელთაც ხელოვნების მასწავლებელი ლალი კოპალიანიი დაეხმარათ. ინგლისური ენის მასწავლებელმა, თეონა ფრუიძემ კი ბავშვებს ინგლისურ ენაზე სახელდახელო პოსტერები შეაქმნევინა ამავე ფერებში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული, თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივისცემით, საქართველოს ერთიანობის იდეითა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის სულისკვეთებით.
ღონისძიებას რეფრენად გასდევდა ლადო ასათიანის უკვდავი სტრიქონი: „გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!“.