„პედაგოგმა, რომელმაც საგანში 1 ქულაც ვერ აიღო, სკოლა უნდა დატოვოს“- სვეტლანა ბოჩიკაშვილი, დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი
სვეტლანა ბოჩიკაშვილის პედაგოგიურ მოღვაწეობას უკვე 50 წელი შეუსრულდა. ამაგდარ პედაგოგსა და დირექტორს 2019 წლის აგვისტოს თვეში „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ წოდებაც მიენიჭა. მან მთელი ცხოვრება, კარიერა ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლას მიუძღვნა და უკვე, 15 წელია სკოლას დირექტორის ამპლუაში ემსახურება. რუსული ენის პედაგოგი საკუთარი გადაწყვეტილებით უკვე, 3 წელია აღარ არის, რადგან საათები სულგრძელად სხვა მასწავლებელს დაუთმო; ამჯერად, სკოლას მხოლოდ დირექტორის რანგში დაუღალავად ემსახურება.სვეტალანა ბოჩიკაშვილისთვის კარგი დირექტორობის საიდუმლო სკოლის, ბავშვებისა, მასწავლებლებისა და მშობლების სიყვარულში მდგომარეობს... პედაგოგობა სულ უნდოდა და ეს გასაკვირი არც არის, რადგან მისი ოჯახის წევრებიც მასწავლებლობის რთულ პროფესიაში იყვნენ.
რას ფიქრობს სწავლების დისტანციურ ფორმატზე, სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის ხელფასების მატებაზე, კარიერული წინსვლის სქემასა და კიდევ მრავალ საინტერესო საკითხებზე პასუხებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის
დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორ, სვეტლანა ბოჩიკაშვილთან ინტერვიუში ამოიკითხავთ. თუმცა, საგანმანათლებლო აქტუალურ საკითხებზე საუბრამდე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების კომენტარისგან გვერდი არ აუვლია:
- უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ნამდვილად გულთან ახლოს მიგვაქვს, გამომდინარე იქიდან რომ ხვალ ჩვენთან, საქართველოში რა მოხდება არ ვიცით. ჩვენ ომი უკვე გამოვიარეთ, დავკარგეთ ტერიტორიები, ამიტომ ეს ჩვენთვის ახალი ამბავი არ არის და საქართველოს ამის სამწუხარო გამოცდილება აქვს... მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ და ეს ჩემთვის მიუღებელია. გაზაფახულის დღესასწაულებია, თუმცა საზეიმოდ არ გვცალია, ვინაიდან უკრაინელების დანაკარგს ვიზიარებთ და ასეთ რთულ მდგომარეობაში, მთელი სასკოლო საზოგადოება მათ გვერდით ვართ. იღუპებიან უდანაშაულო ბავშვები და ესეც საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი... სამწუხაროდ...
- 50 წელია დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლას ერთგულად და ენერგიულად ემსახურებით. რაშია თქვენი წარმატებული დირექტორობის საიდუმლო?- პირველ რიგში დირექტორი უნდა იყოს კომუნიკაბელური, უყვარდეს ბავშვები, პედაგოგები და მშობლები... სხვანაირად დირექტორად ვერ იმუშავებ, რადგან სკოლისთვის - ბავშვები, პედაგოგები და მშობლები განუყოფელი ნაწილია. თუმცა, კარგი ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ შენს სიმაღლეზე არ იდგე. ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება. არსებობს კარგი დირექტორის კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლის ხელმძღვანელი. უბრალოდ, ინტერესის გამო, მე ჩემს პედაგოგებთან ჩავატარე გამოკითხვა, გავაცანი კრიტერიუმები და ვკითხე - ვაკმაყოფილებ ჩამონათვალს? აბსოლუტურად ყველამ ერთხმად მითხრა, რომ დიახ, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებო. ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ მათთვის რაიმე დისკომფორტი შემექმნა, არამედ იმიტომ, რომ მცოდნოდა და გამეთვალისწინებინა. დარწმუნებული ვიყავი, ჩემი მასწავლებლები ამას სწორად გაიგებდნენ. ასევე, უნდა იყო არამხოლოდ კარგი ხელმძღვანელი, არამედ მოსამართლეც, პროკურორიც და ადვოკატიც. თუ ეს თვისებები გაქვს, ჩათვალეთ რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცოტა მომთხოვნი ვარ, მაგრამ ჩემ თავსაც ბევრს ვთხოვ, როგორც სხვებს, ისე საკუთარ თავს!
- ქალბატონო სვეტლანა, კოვიდპანდემიის ეპოქაში, თქვენს სკოლაში სწავლა როგორ მიმდინარეობს?- მინდა ვთქვა, რომ დისტანციური სწავლება ბავშვებზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს, სასწავლო პროცესი ბევრად ეფექტურია სკოლაში, მასწავლებელსაც კონტაქტი მოსწავლესთან უკეთესი აქვს. იმით ვარ ძალიან კმაყოფილი, რომ ჩვენს სკოლაში სულ 2 კვირა ვიყავით დისტანციურ სწავლებაზე. რატომ იცით? - ვარეგულირებ მასწავლებლების დროულ ტესტირებას, მოსწავლეებიც და პედაგოგებიც ოდნავ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში გადამყავს დისტანციურზე. სკოლა თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი, ინტერნეტიც არის და მოსწავლე, რომელიც ონლაინზე გადადის სწავლაში ხელი არ ეშლება. ჩვენს სკოლაში მოსწავლეებისთვისაც და პედაგოგებისთვისაც ყოფნა უსაფრთხოა, რადგან ყველა წესი დაცული გვაქვს - სკოლის დროული დეზინფექციაც რა თქმა უნდა ხდება.
- პედაგოგებსა და ადმინისტრაციას ხელფასები გაეზარდათ, როგორ ფიქრობთ, ეს ზრდა საკმარისია და ზოგადად, მასწავლებლის შრომა სათანადოდ დაფასებულია?- პედაგოგებისთვის დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც საკმარისია. სერტიფიცირებისასაც საკმაოდ კარგად იღებენ და ისედაც, ანაზღაურება ცოტა ნამდვილად არ აქვთ. პედაგოგებს უკვე კარგა ხანია არაფერი ეთქმით, ახლაც, იანვარში 100 ლარით კიდევ მოემატათ ანაზღაურება. იცით თქვენ რა დაბალი ხელფასები ჰქონდათ ადრე და ახლა, რამდენი აქვთ. აი, ადმინისტრაციას რა შეეხება ცოტა უფრო მეტს თუ მოუმატებენ ძალიან კარგი იქნება, რადგან 10% საკმაოდ ცოტაა..
განა ხელფასი ნაკლებს ნიშნავს, რომ ეკონომიურად ძლიერი იყოს ადამიანი? დიახ, მასწავლებლებს ეკუთვნით მეტი, ამდენს მუშაობენ, მაგრამ არ იღებენ ცოტას საიმისოდ რომ რაიმე სახის უკმაყოფილება ჰქონდეთ... 1000 ლარზე ნაკლებს კი არა, მეტს იღებენ და ეს ცოტაა? მე მაგალითად მყავს პედაგოგი, რომელიც 2 სკოლაში მუშაობს და 2500 ლარს იღებს; თუკი ჩემი შრომა დააფასეს, ამდენი წელი ვიშრომე და „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება მომანიჭეს განა ეს დაფასება არ არის? ვფიქრობ, მასწავლებლის შრომა დაფასებულია.
- ქალბატონო სვეტლანა, მასწავლებლის სტატუსები ახსენეთ. თქვენი პედაგოგები თუ ფიქრობენ გამოცდებზე გასვლას და ზოგადად, კარიერული წინსვლის სქემაზე რას ფიქრობთ?- ამჟამად სკოლაში 20 პედაგოგი მყავს და ყველას უფროსი სტატუსი აქვს. მაძიებელიც მყავდა და ამ საკითხზე მინდა ვთქვა, რომ ისინი ცოდონი არიან, რადგან მაძიებელმა ზუსტად 10 ქულა უნდა აიღოს, რათა გახდეს უფროსი მასწავლებელი... პედაგოგი, რომელიც იღებს 1 ან 4 ქულას და ხდება უფროსი, ხოლო მაძიებელს 10 ქულა სჭირდება ცოტა უთანასწოროდ მიმაჩნია. მყავდა მაძიებელი, რომელმაც 2 საკითხს ვერ უპასუხა და უფროსი სტატუსი ვერ მიენიჭა... ნამდვილად დამენანა. რაც შეეხება გამოცდებზე გასვლას, ორი პედაგოგი წამყვანის სტატუსის აღებას ფიქრობენ. მყავს ძალიან ძლიერი პედაგოგები, რომლებიც სამწუხაროდ უკვე საპენსიო ასაკში არიან და აქედან გამომდინარე არ ფიქრობენ გასვლას. კარიერული წინსვლის სქემამ სხვათა შორის, ბევრ მასწავლებეს ხელი შეუწყო, რადგან კრედიტები მისი დახმარებითაც აიღეს.
- პრაქტიკოსი მასწავლებლების შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებდით?- ამ საკითხზე მაგალითს მოვიყვან. მყავდა პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 1 წელია პენსიონერია. ძალიან მცოდნე, ჭკვიანი და ნამდვილად კარგი პედაგოგის სახელი ჰქონდა. არ გადიოდა გამოცდაზე და სულ ვეუბნებოდი, რომ გასულიყო. ბოლო წელს გავიდა ორჯერ. პროფესიული კი ჩააბარა, მაგრამ თავის საგნებში 1 ქულა ხომ მაინც უნდა მიეღო? ძალიან ეხმარებოდა სამინისტრო პედაგოგებს, ოღონდ 1 ქულა მაინც ჰქონოდათ, ოღონდ კრედიტებით შეევსოთ, რომ უფროსი სტატუსის მქონენი გამხდარიყვნენ... მე ასეთი აზრი მაქვს, პედაგოგმა, რომელმაც საგანში 1 ქულაც ვერ აიღო, მან სკოლა უნდა დატოვოს. ამდენი წელი, რომ მუშაობს და ერთ ქულასაც ვერ აიღებ და მაძიებლისთვის 10 ქულაა საჭირო ხომ არათანაბარია და ის ახალგაზრდა კადრი - მაძიებელიც ხომ ცოდოა და იჩაგრება?!