ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარება მოაგროვეს
09-03-2022
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.
მშვიდობა მსოფლიოს - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გზავნილი.
მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლის მე-3ბ კლასის მოსწავლეთა, პედაგოგისა და მშობელთა ჩართულობით, უკრაინელი ახალშობილებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი მომზადდა.
ამ აქტივობის ხელმძღვანელი პედაგოგი ელზა ზიბზიბაძე იყო.
„ჩვენ არ გვესმის, რას ნიშნავს სიტყვა პოლიტიკა. არც „ძია პოლიტიკოსების“ მიზნებია გასაგები. სამაგიეროდ, გვესმის უკრაინელი ბავშვების ტირილი და ვიაზრებთ იმ უბედურებას, რომელიც მათ თავს დაატყდათ.
ამიტომ ხმამაღლა ვაცხადებთ - არა ომს! მშვიდობა უკრაინელ ბავშვებს!
იმ უმწეო ბავშვებს ,რომლებიც ომმა ყველაზე მეტად დააზარალა, ჩვენი პოსტერებითა და ჰუმანიტარული ტვირთით გვინდა ხმა მივაწვდინოთ - არ შეშინდეთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!
ბავშვების დიდი მონდომებითა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, გამზადდა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინელი ახალშობილებისთვის. ეს ტვირთი ჩავაბარეთ გამგეობაში შესაბამის სამსახურს და მათი დახმარებით უახლოეს დღეებში ჩავა ადრესატამდე. მშვიდობა მსოფლიოს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.