„უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ბავშვს თუ სკოლაში მოსვლა არ უნდა, მიზეზის გამონახვა გაუმარტივდა“ - ნავრეზ შავრეშიანი, ჩოლურის საჯარო სკოლის დირექტორი
ნავრეზ შავრეშიანი 13 წელია ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში მოღვაწეობს და უკვე, მერვე წელია ამავე სკოლას წარმატებით ხელმძღვანელობს. სკოლის კარი პირველად მათემატიკის მასწავლებლის ამპლუაში შეაღო და საგნისთვის არც დირექტორობის შემდეგ უღალატია. გულწრფელი და ღია დირექტორი მოსწავლეებზე ისევე ზრუნავს, როგორც საკუთარ შვილებზე.წარმატებული დირექტორობის საიდუმლო ნავრეზ შავრეშიანისთვის პროფესიონალიზმსა და სამართლიანობაშია. მისივე სიტყვების მიხედვით დირექტორი მასწავლებლებისთვის და მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს და ენდობოდნენ.
რითი განისაზღვრება სკოლის წარმატება, რას ფიქრობს დიფერენცირებული სწავლების შესახებ, ფიქრობს თუ არა, რომ 5 წლის ასაკში ბავშვს სკოლაში შესვლა შეუძლია და კიდევ, მრავალ საინტერესო საკითხებზე პასუხებს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის დირექტორ, ნავრეზ შავრეშიანთან ინტერვიუში ამოიკითხავთ. თუმცა, ინტერვიუს დაწყებამდე დირექტორს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისთვის გვერდი არ აუვლია.
- ეს ომი ბავშვებსაც კი არ არჩევს... რა თქმა უნდა, მოსწავლეების ფსიქიკაზე ეს ყველაფერი მოქმედებს და გრძნობენ თუ რას ნიშნავს მშვიდობა ქვეყნისთვისაც და ზოგადად, მსოფლიოსთვის... ჩვენი მასწავლებლებისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ უკრაინელი ხალხისთვის ჩვენი სკოლის სახელით გარკვეული თანხა გადაირიცხოს. ამისთვის კი ვისაც როგორ შეუძლია 50 ლარის ფარგლებში გროვდება თანხა. უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები იღუპებიან... ასევე, ჩვენმა მოსწავლეებმა მხარდასაჭერად სხვადასხვა აქტივობებიც განახორციელეს.
- ბატონო ნავრეზ, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ უნდა შეიცვალოს თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა და თავდაცვის გაკვეთილები დაემატოს?- თავდაცვის გაკვეთილები უნდა დაემატოს და ყველა ადამიანი, მით უფრო ბავშვები თავიდანვე უნდა ეჩვეოდნენ, რომ თუ მსგავსი სიტუაცია შეიქმნება იცოდნენ როგორ მოიქცნენ და მზად იყვნენ. ბავშვებს შესაბამისი განათლება სჭირდებათ, რომ თავდაცვისუნარიანობა პატარა ასაკიდანვე ჰქონდეთ ჩანერგილი.
ჩვენს სკოლაში ევაკუაციის გეგმა გაქვს, სადაც ყველა მიმართულება დეტალურად არის გაწერილი, თუმცა ძირითადად აღწერილია ხანძრის შემთხვევა. ბავშვებმა იციან თუ სპეციფიური სიტუაციები იქნება, როგორ იმოქმედონ და დატოვონ ადგილი.
- ორი წელია კოვიდპანდემიის ეპოქაში ვცხოვრობთ. რა გამოწვევების წინაშე დგანან ბავშვები?- კოვიდს შევეჩვიეთ უკვე... სასკოლო საზოგადოებას ამ მდგომარეობამ გარკვეული დაღი დაასვა. მაგალითად ბავშვები ავიღოთ. უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ბავშვს თუ სკოლაში მოსვლა არ უნდა ამისთვის მიზეზის გამონახვა ძალიან გაუმარტივდა; მშობელი, როდესაც რეკავს და ამბობს, რომ მის შვილს გარკვეული სიმპტომები აღენიშნება რთულია იმ წუთშივე გადაამოწმო. ეს ტენდენცია უკვე გამოიკვეთა. ასევე, მშობლებშიც იგივე მდგომარეობაა, შესაძლოა ბავშვის სახლში ყოფნა სჭირდებოდეს სხვადასხვა მიზეზების გამო და გაციების მიზეზით გააცდენინოს და ვერც ვერავინ გადაამოწმებს იმ წუთში. ამიტომ, გაცდენები ხშირია. ჩვენს სკოლაში ძალიან იშვიათია შემთხვევა, რომ ვინმეს კოვიდი აღმოაჩნდეს, სულ 4 შემთხვევა დაფიქსირდა ამ დროის განმავლობაში. სწავლა ამ ეტაპზე დასწრებით რეჟიმში მიმდინარეობს, ჩვენ სწავლა არც ერთი დღე გაგვიცდენია. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ პირბადეების დიდი მარაგი გვაქვს და ბავშვებს თავად ვამარაგებთ.
- როგორ ფიქრობთ, სკოლის წარმატება რითი განისაზღვრება, მოსწავლეების მიღწევებით თუ სტატუსიანი მასწავლებლების რაოდენობით?- ვფიქრობ, ორივე კომპონენტი აუცილებელია. მოსწავლემ, როდესაც იცის მასწავლებელმა გამოცდა ვერ ჩააბარა ბავშვი ამას არ იტყვის, მაგრამ ხომ უყურებს რომ პედაგოგი თავად ვერ აბარებს და რა უნდა ისწავლოს მისგან?! ამიტომ, სტატუსის აღება მასწავლებლის პროფესიონალიზმისა და ცოდნის დამტკიცებაა. სკოლაში სულ 18 მასწავლებელი გვყავს. ჩემი ჩათვლით 14 უფროსი სტატუსის მქონენი ვართ, ორი მაძიებელი, რომლებსაც ვადა კიდევ ერთი წელი აქვთ გამოცდის ჩასაბარებლად, ხოლო ორმა სამწუხაროდ ახლა ვერ ჩააბარა.
- ბატონო ნავრეზ, როგორ ფიქრობთ, სკოლის დახასიათებასა და აკადემიურ ნიშნებს უნდა ჰქონდეს თუ არა გავლენა?- ვფიქრობ კარგი იქნება, რომ სკოლამ მოსწავლეს დახასიათებაც მისცეს, თავად ნიშნებს თავისთავად სკოლა იძლევა; მაგრამ მე მაგალითად ის უფრო მომწონდა, როდესაც ატესტატის ასაღებად ბავშვები ცენტრალიზებულად, კომპიუტერებთან აბარებდნენ გამოცდებს. მოსწავლეები ამით საგამოცდო გამოცდილებასაც იღებდნენ; ამიტომ, ამის გაუქმება ჩემი აზრით სწორი არ იყო. მე რასაც ვატყობ პირადი გამოცდილებით, მოსწავლეებს ამ გამოცდის გაუქმების შემდეგ სწავლისადმი მოტივაცია აღარ აქვთ. გამოცდები, როდესაც ჩასაბარებელი ჰქონდათ უფრო მობილიზებულები, დაკვირვებულები და გამოფხიზლებულები იყვნენ ასევე, მეტად გულმოდგინედ სწავლობდნენ.
- ბატონო ნავრეზ, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა სკოლა დიფერენცირებული სწავლებისთვის მზად?- ვფიქრობ, ასე თუ ისე სკოლები მზად არიან. დიახ, დავუშვათ ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორიები, მაგრამ მაინც ვახერხებთ დიფერენცირებული გაკვეთილები ჩატარდეს. მსგავს გაკვეთილებს პირადად ვესწრები. მოსწავლეებისთვის და ზოგადად, ყველასთვის დიფერენცირებული გაკვეთილები მეტად საინტერესოა.
- ძალიან აქტუალურია პირველკლასელების საკითხი... როგორც დირექტორი, რას ფიქრობთ ბავშვს 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლა უნდა შეეძლოს?- პირადად მე ბევრჯერ მქონია სიტუაცია, როდესაც ბავშვს 17 სექტემბერს უსრულდებოდა 6 წელი და სკოლაში ვერ ვიღებდით... წარმოიდგინეთ მოსწავლის სახე, როდესაც იგებს 2 დღის გამო სკოლაში ვერ შევა. ასე, რომ ვფიქრობ კანონი უნდა შეიცვალოს და ალბათ, 1 თვე - სექტემბერში დაბადებულებს მაინც შეეძლოთ სკოლაში შესვლა. 5 წლის ასაკში ვფიქრობ ბავშვი სწავლის დასაწყებად მზად არის როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად, ის ხომ ბაღში დადიოდა? შესაბამისად, ის უნარ-ჩვევები რაც სკოლისთვის საჭიროა, ასე თუ ისე უკვე აქვს. მე საერთო სტატისტიკა არ ვიცი, შეიძლება სჯობდეს კიდეც 6 წლის ასაკში მოვიდეს სკოლაში, მაგრამ უკვე 21-ე საუკუნეა. ყველაფერი უფრო სწრაფად იცვლება და დღევანდელ დროსთან მიმართებაში მე მაინც იმას ვანიჭებ უპირატესობას, რომ ბავშვს სკოლაში შესვლა 5 წლის ასაკში შეეძლოს.
- როგორ ფიქრობთ, სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია და აქვს თუ არა შედეგები?- მაგალითად, ფსიქოლოგი სკოლაში მაინც საჭიროა. ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს და აქ მაინცდამაინც დიდ საჭიროებას არ წარმოადგენს, მაგრამ საერთო ჯამში, განსაკუთრებით კი დიდ სკოლებს აუცილებლად სჭირდებათ და ჰყავთ. დღევანდელ რეალობაში, ვფიქრობ რაც მეტი ადამიანი იქნება სასკოლო ცხოვრებაში ჩართული მით უფრო პროდუქტიული იქნება. ჩემ მაგალითს გეტყვით - მყავდა მოსწავლე, რომელიც საკმაოდ პრობლემური ოჯახიდან იყო და აქედან გამომდინარე, ხშირად ძალიან დათრგუნული იყო. წარმოიდგინეთ, კვირაში რამოდენიმეჯერ მეც და დამრიგებელიც მშობლებს ვესაუბრებოდით, თუმცა უშედეგოდ. იძულებული შევიქენი და სოციალურ სამსახურს მივმართე, რის შედეგადაც ბავშვი წაიყვანეს. დღეს, შესანიშნავი მოსწავლეა, დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებს და მისგან ძალიან კარგი მოქალაქე, ადამიანი დადგება. სპეციალური სამსახური, რომ არ ჩარეულიყო აღნიშნულ საქმეში, შესაძლოა გამოუსწორებელ შედეგამდე მივსულიყავით. ამიტომ, საერთო ჯამში სოციალური მუშაკების ჩართულობა საჭიროა, მაგრამ ოჯახიდანაც უნდა იყოს სათანადო ხელშეწყობა.
- ბატონო ნავრეზ, როგორ ფიქრობთ დღევანდელ ბავშვებს რა აწუხებთ?- ვფიქრობ, ძირითადად ოჯახური და ეკონომიური მდგომარეობა აწუხებთ დღევანდელ ბავშვებს. ძალიან განიცდიან, როდესაც დავუშვათ ერთის ოჯახის უფრო შეძლებულია, ვიდრე მეორესი. ასევე, მშობლების შვილის სწავლისადმი დამოკიდებულებაც პრობლემაა... ზოგიერთს საერთოდ არ აინტერესებს, მისი შვილი როგორ ისწავლის და თავისთავად ეს ბავშვის მომავალზე უარყოფითად აისახება. ასევე, პრობლემაა ბავშვებისადმი თანაბარი დამოკიდებულება. არ შეიძლება ერთი ბავშვი მეორის თანდასწრებით შეაქო... მშობლებსაც კი, როდესაც სკოლაში ვიბარებთ ინდივიდუალურად ვესაუბრებით მათი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ; როდესაც ბავშვთან მასწავლებელი შედის ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული იქნება ეს სოციალური თუ ფსიქოლოგიური ასპექტები. ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა, რომ ბავშვი გაიხსნას და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს... ეს არის მასწავლებლის პროფესიონალიზმი.
ზოგჯერ რთულია მასწავლებლობა და ალბათ ნებისმიერს ერთხელ მაინც უნანია... ზოგი ბავშვი არა სწავლაზე, არამედ მხოლოდ ნიშანზეა ორიენტირებული. როდესაც ნიშანზეა ორიენტირებული ის ყოველთვის სვამს კითხვას - სხვას რა ნიშანი დაუწერეს? ყოველთვის ვცდილობ დავარწმუნო, რომ მასწავლებელი ნიშანს არავის დააკლებს და პირიქით, მომატებაც კი ხდება ხანდახან მოტივირების მიზნით. კი, შესაძლოა ბავშვი დავალებას ისე ვერ აკეთებს, როგორც საჭიროა, თუმცა როდესაც ხედავ რაღაცას ცდილობს უნდა შეაქო. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი მშობელთან სხვანაირად ყვება ამბავს და მშობელიც სხვანაირად აღიქვამს. არიან ოჯახები საკუთარი შვილის ამბების გასაგებად სკოლაში წელიწადში ერთხელ შეიძლება მოვიდეს. ამიტომაც, დამრიგებლები ყოველ კვირას აყენებენ საქმის კურსში, თუ რა ეტაპზე არიან მათი შვილები. ზოგი მშობელიც მხოლოდ ნიშნებზეა ორიენტირებული და იბრძვის მათ შვილს ნიშანი ჰქონდეს. ამის პრობლემა მეც მქონდა... ამიტომაც მშობელს ყველაფერი ვაჩვენე და ვკითხე - უმოწმებთ დავალებებს? შესაძლოა სისწორე ვერ გაიგონ, მაგრამ მე ხომ ვუწერ რა ჰქონდა ბავშვს შეცდომით? - ეს არ აინტერესებთ. ამბობენ, რომ დავალებებს სახლში ყვებიან. თუ ყვება სახლში, მაშინ გამოყვეს სკოლაში და ნახოს, გაკვეთილზე რას აკეთებს... ბავშვი სკოლაში რას აკეთებს ამას უნდა შეხედოს მშობელმა. ამ ყველაფერზე ადამიანს ცოტა გული დაგწყდება, მაგრამ მშობელია და უნდა მოეფერო და აუხსნა თავისი შვილის სწავლა-განათლების საკითხში უფრო მეტად და ეფექტურად ჩაერთოს.