მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2021 წლის პერსონა, „ეტალონი დირექტორი“, არაერთი საგანმანათლებლო პროექტის მონაწილე... გორის მუნიციპალიტეტის, ყელქცეულის საჯარო სკოლას საოცრად მიზანდასახული დირექტორი ჰყავს. ქალბატონი მარინე ტაბატაძე უკვე ოთხი ათეული წელია საგანმანათლებლო სფეროს სამსახურშია და როგორც Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნა, მუდმივად ცდილობს, თავად იყოს მაგალითისმიმცემი პედაგოგიური კოლექტივისა თუ მოსწავლეებისთვის.
„სამწუხაროდ, აქტუალურ თემად დღეს ომი იქცა! ჩემი სკოლა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას... ბავშვებმა თავად გადაწყვიტეს, ეტვირთათ ჰუმანიტარული მისია და მე, როგორც სკოლის დირექტორი, ვამაყობ ამ გადაწყვეტილებითო“ - გაგვიმხილა ქალბატონმა მარინემ. თუმცა არცაა გასაკვირი ადგილობრივების ასეთი განწყობა - ყელქცეულის მოსახლეობამ 2008-ში საკუთარ თავზე იწვნია „რუსული ჩექმის“ სისასტიკე და ინტერვიუც, მრავალჭირნახული სკოლის დირექტორმა სწორედ ამ საკითხით დაიწყო.
- ყელქცეულს პირდაპირ შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი... ჩვენს სოფელზე გადმოვიდნენ ტანკები, გადასრისეს სკოლის ღობე, ჭიშკარი... მოხდა შინდისის ტრაგედია... დღეს უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველა ჭრილობა გაგვიახლა... ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მოაგროვეს ჰუმანიტარული დახმარება და მე ვამაყობ თითოეული მათგანით... მთავარია, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ ვწყვეტთ განვითარებას, რამეთუ სკოლა ერთ-ერთი ლოკომოტივია ქვეყნის განვითარებისა! კულტურას, სპორტს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ განათლება უნდა იყოს პირველ ყოვლისა.
- სამწუხაროდ, სწორედ განათლებას მიაყენა უდიდესი დარტყმა კოვიდპანდემიამ, ქალბატონო მარინე. რა უნდა გააკეთოს სკოლამ და მისმა ხელმძღვანელობამ, რათა მნიშვნელოვანი უკუსვლა არ გვქონდეს განათლების მიმართულებით?
- ამაზე ვმუშაობ დღე და ღამე... საჭიროა გარკვეული სტრატეგიების შემუშავება კონკრეტულად ადგილზე, სკოლაში. რა ჩავარდნები გვაქვს, ჩვენ უკეთ ვიცით, ვიდრე სხვამ. რაც უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ წარმატებით ტარდება ონლაინ-გაკვეთილები, მასწავლებლები უდიდეს შრომას ვწევთ. ორი წელია, პირადად, მოხალისე პედგოგი ვარ და მათემატიკას ვასწავლი ბავშვებს. პროექტის სათავეში დგას მარიამ ფორჩხიძე, რომელიც მობილიზებას გვიწევს პედაგოგებს. ბავშვები რომ განვავითაროთ, მეტი ძალისხმევა გვჭირდება და არაფორმალურ განათლებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემი 40-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფორმალური და არაფორმალური განათლება თანაბრად საჭიროა, რათა „წიგნის ჭიებად“ არ გავზარდოთ ბავშვები და მხოლოდ სახელმძღვანელოებით მიღებული ცოდნით არ გავიდნენ ცხოვრებაში.
- ამ მიზნის მისაღწევად, მორალური ფაქტორი უმნიშვნელოვანესია... თქვენ როგორ მოახერხეთ, რომ თუნდაც პანდემიის პერიოდში, ბავშვებს სწავლაზე ხელი არ ჩაექნიათ?
- მოდი, ვიმსჯელოთ - მე რომ დავიჭირო დროშა ხელში და ვიყვირო, ასე გააკეთეთ, ისე მოიქეცით... არაფერი გამოვა. ცოცხალი მაგალითი ვარ, თუ რა უნდა გაკეთდეს მაქსიმალურ შედეგზე გასასვლელად. შემდეგ ჩემს ირგვლივ ერთიანდება პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და სიამაყით ვაცხადებ, სწორედ ასეთი მიდგომებით, ქართული სკოლის მოდელია ქართლის შუაგულში, ჩვენი პატარა სკოლა. საქმის სიყვარულით კეთება, საკუთარი მაგალითის ძალით - ესაა ჩვენი წარმატების ფორმულა.
- ქალბატონო მარინე, სკოლის წარმატება სტატუსიანი პედაგოგების რაოდენობაზე არაა დამოკიდებული? ზოგადად, რას ფიქრობთ საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით?
- გამოცდები ცალსახად ვერ განსაზღვრავს მასწავლებლის კვალიფიკაციას, თუმცა ერთ-ერთი კრიტერიუმია. მიმაჩნია, რომ პედაგოგი უნდა იყოს სულიერად აღმატებული ადამიანი, სიყვარულით სავსე გულით. თუ ეს არ გააჩნია, მხოლოდ კვალიფიკაცია არაფერს ნიშნავს. იცით, მე, როდესაც ვაკანსიას ვაცხადებ, როგორც კომისიის თავმჯდომარე, არ ვსვამ კითხვებს, ვაკვირდები მოვლენებს და იქიდან გამომდინარე, როგორი ადამიანია, ვიღებ გადაწყვეტილებას. მერწმუნეთ, ასეთი მიდგომა უკეთეს შედეგს იძლევა. თუ ადმიანს აქვს პასუხისმგებლობა, უყვარს ბავშვები, საქმეს აკეთებს მთელი სულით და გულით, ის კვალიფიკაციასაც აუცილებლად აიმაღლებს, მაგრამ თუ მხოლოდ სტატუსის ამაღლებაზეა ორიენტირებული, მოსწავლეებს საუკეთესო შედეგებზე ვერ გაიყვანს.
- ვაკანსიები ახსენეთ და უნდა გკითხოთ, პედაგოგები ხშირად ამბობენ, სკოლებში სამუშაო ადგილები მხოლოდ ფორმალურად ცხადდებაო. თქვენთან რა ვითარებაა ამ მხრივ და თუ გყავთ განაწყენებული მასწავლებლები?
- 11 წელია სკოლის დირექტორი ვარ და ჩემი ამ თანამდებობაზე მოღვაწეობის განმავლობაში, არაერთი ახალგაზრდა პედაგოგი მივიღეთ. პანდემიამ ორი მასწავლებელი გამოგვაცალა ხელიდან, რაც უდიდესი ტრაგედიაა, მათ ადგილას კი ვაკანსიის გამოცხადება მოგვიწია. თუმცა გადავწყვიტე, უპირატესობა მიმენიჭებინა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული კანდიდატებისთვის. ასეთი პედაგოგები გამოჩნდნენ და საოცარი განცდაა... წარმოიდგინეთ, მე მათ ვასწავლიდი წლების წინ, ახლა კი პედაგოგებად მოვიდნენ მშობლიურ სკოლაში. მიუხედავად იმისა, მსურველი ბევრი იყო, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, რამეთუ ისინი უკეთ ხედავენ სოფლისა და მშობლიური სკოლის მომავალს. მე ყელქცეულის რძალი ვარ და ჩემთვის სულ ერთი არ არის სოფლის წარმატება თუ წარუმატებლობა. ვფიქრობ, ახალგაზრდული ენერგია და მოტივაცია შედეგს აუცილებლად გამოიღებს. დიახ, განაწყენებულებიც მყავს, ოღონდ - კეთილად განაწყენებულები. ისიც უთქვამთ, გორში სკოლა გააკეთეთ, თქვენთან წამოვალთო, მაგრამ მე ვჭირდები ჩემს ყელქცეულს.
პირადი მაგალითიდან გამომდინარე, სულ ვეუბნები ჩემს ბავშვებს - მნიშვნელობა არ აქვს დაბადების ადგილს და არც იმას, სად იღებ განათლებას, მთავარია, ვინ გყავს გეზისმომცემი, ცხოვრების გზაზე გამყვანი. სკოლას რომ ამთავრებს ბავშვი, ის მზად უნდა იყოს ცხოვრებისთვის და დაბნეული არ აცეცებდეს თვალებს. ვეუბნები, რომ საკმარისი არაა, იყვნენ კარგები, ისინი უნდა გახდნენ საუკეთესოები, რათა ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, ერთი ამერიკის უნივერსიტეტში, მეორე კი პოლონეთში ჩაირიცხა ასპროცენტიანი დაფინანსებით; ბავშვებმა უნდა იამაყონ საკუთარი წარმომავლობით და არც იმას აქვს მნიშვნელობა, სკოლა მცირეკონტინგენტიანია თუ არა. ყელქცეულის საჯარო სკოლას 75 მოსწავლე ჰყავს და ყველა საუკეთესოა!
- გამოცდებისადმი თქვენი დამოკიდებულება გასაგებია, თუმცა დირექტორების ტესტირებაზე მაინც უნდა გკითხოთ... თქვენი აზრით, რატომ გადაიდო და თუ აპირებთ მონაწილეობას?
- ვიმეორებ - გამოცდის შედეგი არ არის წარმატების ფორმულა. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ მინახავს მენტორები, რომლებსაც ცუდად დაუმთავრებიათ პედაგოგის კარიერა. დირექტორებში მთავარია მოტივაცია და მენეჯმენტი, რაშიც ძალიან მეხმარება ჩემი განათლება - პირველი პროფესია. ნახაზი მაქვს გონებაში, რომლის მიხედვითაც, სწორად ვანაწილებ ფუნქციებსა და მოვალეობებს. გამოცდა კი მთავარი ნამდვილად არ არის - მნიშვნელოვანი ისაა, ვინ ხარ, როგორი პიროვნება.
- თავის დროზე ისიც ითქვა, საკმარისია, დირექტორი მხოლოდ კარგი მენეჯერი იყოსო...
- არავის ვაკნინებ, მაგრამ როდესაც მასწავლებლად არ გიმუშავია სკოლაში და პირდაპირ დირექტორად მოდიხარ, პედაგოგის ტკივილს, მის საჭიროებას ვერ იგებ. აბსოლუტურად ყველა ნიუანსი ვიცი, რაში შეიძლება დასჭირდეთ დახმარება ჩემს მასწავლებლებს; როდესაც ზემდგომ ორგანოებში სხედან ადამიანები, რომლებსაც გაკვეთილი არ ჩაუტარებიათ და ისე იძლევიან დირექტივებს, ცოტა გაკვირვებას იწვევს ჩემში. მომხრე ვარ, ადამიანები კარიერულ წინსვლას დაბალი საფეხურიდან იწყებდნენ; მერე კი თუ ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, მიაღწიონ მაქსიმუმს, რატომაც არა... ოღონდ „შუბლის ძარღვიც“ უნდა გქონდეს და სწორად გააანალიზო, რის გაკეთებას შეძლებ ან რამდენად სასარგებლო იქნები სკოლისთვის, სადაც ქვეყნის მომავალი თაობები უნდა გაიზარდოს.
- ფიქირობთ, ბავშვებისთვის მიმზიდველი გახდება მასწავლებლის პროფესია?
- მე გორის N10 სკოლა დავამთავრე და სიამაყით ვაცხადებ - ჩემი ყოველი წარმატებული ნაბიჯი ჩემს მასწავლებლებს ეძღვნება - ისინი საოცარი ადამიანები იყვნენ. გვყავდა ასევე საოცარი დირექტორი. მართალია, მაშინ მასწავლებლობაზე და მით უმეტეს, დირექტორობაზე არ მიფიქრია... ვარ შემოქმედი, ხელოვანი... ნახაზებს, პროექტებს ვქმნიდი და 27 გამოგონებისა თუ პატენტის ავტორიც გახლავართ, მაგრამ განგებამ ასე ინება - მოგვიანებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ახალგაზრდული ცენტრებში ვასწავლიდი ხაზვას, ფიზიკას, უნარებს, სკოლაში კი მუშაობა ფიზიკის მასწავლებლად დავიწყე, შემდეგ ინფორმატიკასაც ვასწავლიდი და დღემდე, ჩემი სკოლა რჩება ჩემთვის ავტორიტეტად.
გულით მინდა, მოსწავლეები თბილად და სიყვარულით გვიხსენებდნენ! მივმართავ ჩვენი ქვეყნის კურსდათავრებულებს - არ შეგეშინდეთ მასწავლებლობის! ესაა ერთ-ერთი საპასუხისმგებლო, მაგრამ პრესტიჟული სპეციალობა - ღვთისგან მოვლენილი, ზებუნებრივი ძალა, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული. მე კი წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს ამ რთულ გზაზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა