სიახლეები
სიახლეები

„დღევანდელობიდან გამომდინარე სკოლაში ფსიქოლოგის ყოფნა აუცილებელია“- ჯუმბერ ტერუნაშვილი, ზერტის საჯარო სკოლის დირექტორი
14-03-2022
-
+


საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობა და მომავალი თაობებისთვის განათლების მიცემა გამიზნული თავიდანვე ჰქონდა. ჯუმბერ ტერუნაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში პირველად, 2007 წელს შეაბიჯა და მათემატიკის პედაგოგობასთან ერთად სკოლის ბუღალტრობასაც წარმატებით ითავსებდა; 2014 წლიდან კი სკოლას დირექტორის ამპლუაში ერთგულად ემსახურება, თუმცა თავისი საყვარელი საქმისთვის - სწავლებისთვის თავი არ დაუნებებია.

პროფესიით სამართალმცოდნე სასკოლო ცხოვრებასა და საგანმანათლებლო კანონებში მარტივად გაერკვა. ჯუმბერ ტერუნაშვილისთვის კარგი დირექტორი ლიდერის თვისებების მქონე უნდა იყოს; ასევე, იყოს საუკეთესო მენეჯერი, რადგან როგორც თავად ამბობს დირექტორს მუდმივად გადაწყვეტილებების მიღება უწევს და თითოეული მისი ნაბიჯი კანონთან თუ სკოლის საჭიროებებთან თანხვედრაში უნდა იყოს.

რითი განისაზღვრება სკოლის წარმატება, რას ფიქრობს დიფერენცირებულ სწავლებაზე, ფიქრობს თუ არა, რომ 5 წლის ასაკში ბავშვს სკოლაში შესვლა შეუძლია და კიდევ მრავალ საინტერესო საკითხებზე პასუხებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის დირექტორ, ჯუმბერ ტერუნაშვილთან ინტერვიუში ამოიკითხავთ. თუმცა, ინტერვიუს დაწყებამდე დირექტორი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრა:

- უკრაინის მოვლენები ჩვენი, ყველას ტკივილია. ვფიქრობ, ბავშვებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. ჩვენ გვყავს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, რომლებიც ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და ფორმაზე ზრუნავენ. ასევე, გარკვეული ღონისძიებები დავგეგმეთ და რაც შეგვიძლია ვეხმარებით. იმისთვის, რომ ბავშვების ფსიქიკაზე მიმდინარე მოვლენებმა არ იქონიოს გავლენა საჭიროა ყველაფერი სწორი ფორმულირებით ავუხსნათ. ბავშვებს ჩვენზე, უფროსებზე კარგად ესმით თუ რა ხდება ირგვლივ...

- ბატონო ჯუმბერ, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით გააქტიურდა საკითხი, უნდა აღდგეს თუ არა სკოლებში თავდაცვის გაკვეთილები...

- ადრე ისწავლებოდა სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, რომლებიც ზუსტად საჭირო კომპონენტებს - თავდაცვასა და მის საშუალებებს მოიცავდა; როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს საკითხი უკვე გადაიხედა და საგანმანათლებლო სივრცეში უსაფრთხოების საკითხების სწავლება შემოდის, რათა მოსწავლეებმა იცოდნენ და საფრთხეებისთვის მზად იყვნენ.

- ევაკუაციის გეგმა თუ გაქვთ სკოლაში და მოსწავლეებმა რამდენად იციან აღნიშნული საკითხი?

- სკოლაში გვაქვს ევაკუაციის გეგმა. ჩვენ გვყავს ჯგუფი, რომელში ადმინისტრაცია, ტექნიკური პერსონალი და პედაგოგები შედიან, რომელთა ყოველწლიური გადამზადება ხდება - უსაფრთხოების წესებს ვგულისხმობ. გადამზადებაში კი ტრენინგები იგულისხმება... სამოქალაქო განათლების სპეციალისტები სკოლაში სპეციალურ ტრენინგებს ატარებენ. ეს ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია. მოსწავლეები უსაფრთხოების წესებისა და ევაკუაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას რაღა თქმა უნდა ფლობენ.

- II სასწავლო სემესტრი დაიწყო.. როგორ განახლდა თქვენს სკოლაში სასწავლო პროცესი?

- ჩვენ სულ საკლასო ოთახებში ვსწავლობდით. დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ 2 კვირა ვიყავით, როდესაც შემთხვევები გახშირდა და ვირუსის შემთხვევები, როგორც პედაგოგებში, ისე მოსწავლეებში დაფიქსირდა. ახლა, ჩვეულებრივ პირდაპირ რეჟიმში განახლდა სწავლება. საკლასო ოთახები დასუფთავებულია და კლასებს დეზინფექცია ჩაუტარდა.

-  ორი წელია პანდემიის პირობებში გვიწევს არსებობა. რა გამოწვევების წინაშე დგანან ბავშვები?

-  გამოწვევები იყო იმ მხრივ, რომ როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით მაშინ ბავშვებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდათ - ზოგს შესაბამისი ტექნიკა არ გააჩნდა, ზოგსაც ინტერნეტთან წვდომა.. სამინისტრო დაგვეხმარა ამ პრობლემის მოგვარებაში, შემოვიდა იაფი პაკეტები და ფაქტიურად ეს გამოწვევა დაძლეულია. ყველა მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე ვერ ერთვებოდა. აი, ჰიბრიდულმა სწავლებამ უფრო მეტად გაამართლა იმ კუთხით, რომ გაკვეთილები კლასებშიც ტარდებოდა და ვინც დისტანციურად იყო, მათ ინტერნეტთან წვდომა უკვე ჰქონდათ.

- როგორ ფიქრობთ, სკოლის წარმატება რითია განპირობებული - მოსწავლეების მიღწევებით თუ სტატუსიანი მასწავლებლების რაოდენობით?


- მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს სკოლაში 35 პედაგოგი ასწავლის და პრაქტიკოსი მასწავლებლები არ არიან - ყველას უფროსის ან წამყვანის სტატუსი აქვს. თავადაც წამყვანის სტატუსი მაქვს. მასწავლებლის პროფესიული ზრდა მოსწავლეების წარმატებას განაპირობებს. ვფიქრობ, ორივე კომპონენტი საჭიროა და შედეგი ვერ მიიღწევა თუ პროფესიულად განვითარებული მასწავლებლები სკოლაში არ არიან.

- რას ფიქრობთ, სკოლის დახასიათებასა და ნიშნებს უნდა ჰქონდეს თუ არა გავლენა?

- ჩვენ სკოლაში არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ადრე იყო, რომ მედლებს მისაღებ გამოცდებზე გავლენა ჰქონდა. აქედან გამომდინარე ბავშვებს მეტი მოტივაცია გააჩნდათ, რომ კარგად ესწავლათ. ვფიქრობ,  კარგი იქნება რომ მედალოსნებს რაღაც პრივილეგია ჰქონდეთ, ეს სწავლისადმი მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდის.

- ბატონო ჯუმბერ, როგორ ფიქრობთ დიფერენცირებული სწავლებისთვის, სკოლები არიან თუ არა მზად?

- ჩვენ მაგალითად, დიფერენცირებული სწავლების გარკვეული ელემენტები შეტანილი გვაქვს და ვფიქრობ, სკოლა ამისთვის მზად არის. არსებობს ძალიან კარგი სასწავლებლები, სადაც საჭირო და გამოყენებად სპეციალობებს ასწავლიან. ჩვენი იდეაფიქსი ხომ არ არის, რომ მაინცდამაინც ბავშვმა უმაღლესში ჩააბაროს და დიპლომი ჰქონდეს?! ჩვენ გვინდა ისეთი მოსწავლეები გავზარდოთ, რომლებიც მიიღებენ კარგ სპეციალობას და თავის საქმეში პროფესიონალები, კვალიფიციურები იქნებიან.

- პირველკლასელების საკითხი ძალიან აქტუალურია... როგორც დირექტორი, რას ფიქრობთ ბავშვს 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლა უნდა შეეძლოს?

- ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით აღნიშნული თემა პრობლემურია. ბავშვს თუ რაღაც დღეები აკლია 6 წლამდე ვფიქრობ, სკოლაში შესვლა ნამდვილად უნდა შეეძლოს, მაგრამ 5 წლის გახდება თუ არა სკოლისთვის მგონი ყველა ბავშვი მზად არ არის... უპრიანი იქნება, მაგალითად სექტემბრის ბოლომდე იყოს ვადა სკოლაში შესასვლელად. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში როგორც ვიცი მუშაობენ და დაველოდოთ...

- ბატონო ჯუმბერ, სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ჩართულობა რამდენად საჭირო და შედეგის მომტანია?

- ვფიქრობ, დღევანდელობიდან გამომდინარე სკოლაში ფსიქოლოგის ყოფნა აუცილებელია! მართალია, მანდატურის სამსახურს ჰყავს საკუთარი ფსიქოლოგი და შესაბამისი სამსახური, თუმცა სამყოფი არ არის. სოციალურ მუშაკებს რაც შეეხება ჩვენ მაგალითად, ერთ მოსწავლეზე სოციალური მუშაკი გვყავს ჩართული. ადრე მსგავს მოსწავლეს უწოდებდნენ ძნელად აღსაზრდელს, როდესაც ბავშვი არც სკოლაში დადის, აცდენს გაკვეთილებს და ა.შ. აი, ასეთ შემთხვევაში სოცმუშაკი ჩაერთო, აქცევს ყურადღებას და მონიტორინგი ნამდვილად ტარდება.

- და ბოლოს, არამხოლოდ როგორც დირექტორი, დღევანდელ ბავშვებზე რას იტყოდით?

- ჩემი გადმოსახედიდან დღევანდელი თაობის ბავშვები ძალიან გაზრდილები არიან. ჩვენს ბავშვებს თვითშეგნება უფრო მეტი აქვთ. ვფიქრობ, მოსწავლეებზე და ზოგადად, ბავშვებზე ემოციური ფაქტორები ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ის, თუ რა საჭიროებები გააჩნია დღევანდელ თაობას, ამისთვის ალბათ დეტალური კვლევა უნდა ჩატარდეს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებისთვის ვიქტორინა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

მშობლების ჩართულობითა და მათი დახმარებით კლასი საზეიმოდ იყო მოწყობილი

სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები და სურვილები ყოველთვის გათვალისწინებულია


საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება