„წიგნის კითხვას და სიყვარულს არაფერი შეედრება“- ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა გორგაძე
23-03-2022
დაკოპირებულია
-
+
სხვადასხვა რეფორმასთან ერთად საქართველოს განათლების სისტემაში სიახლეები მუდმივად ინერგება. დრო, სწავლების ფორმები და თაობები იცვლება. იხვეწება სწავლების ტექნოლოგიური ასპექტებიც, თუმცა განვითარებასთან ერთად ხშირად იცვლება რიგი საკითხები, რომლებიც სასკოლო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვნად რჩება.
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის გამოცდილი დირექტორი ქალბატონი ნათელა გორგაძე არაერთი ათეული წელია სკოლაში მოღვაწეობს და ამ დროის განმავლობაში მრავალ ცვლილებასა თუ რეფორმას მოესწრო, სწორედ ამიტომ Etaloni.ge ქალბატონი ნათელას მოსაზრებით დაინტერესდა აღნიშნულ საკითხზე:
„სკოლაში უკვე 56 წელია რაც ვმოღვაწეობ. სკოლისადმი სიყვარული დედაჩემისგან დამყვა, რადგან ისიც პედაგოგი იყო და ჩემი სკოლისადმი სიყვარული აქედან არის განპირობებული. ძველი ყაიდის მასწავლებელი ვარ, რომელმაც ყველა სიახლე მივიღე, კომპიუტერიც ვისწავლე და თითოეულ სიახლეს ფეხი ავუწყე, თუმცა არის საკითხები რის მიმართაც გარკვეული ნოსტალგია და გულისწყვეტა მაქვს... სკოლაში წიგნის წაკითხვის სურვილს და სიყვარულს დავაბრუნებდი. დღევანდელი თაობა მთლიანად კომპიუტერზე არის დამოკიდებული და წიგნებთან ურთიერთობა სამწუხაროდ აღარ აქვთ. შესაძლოა, ჩვენზე მეტს სწავლობენ იქიდან, მაგრამ წიგნის კითხვას და სიყვარულს არაფერი შეედრება. სკოლაში დავაბრუნებდი ასევე, ადამიანების ერთმანეთისადმი პატივისცემას, სიყვარულს და იმ ყველა ბოროტების გულიდან ამოღებას რაც სამწუხაროდ თითოეულ ადამიანშია. მიმაჩნია, რომ სკოლაში ასევე სკოლისა და მასწავლებლებისადმი პატივისცემაც დასაბრუნებელია. ჩემი სურვილია, ნიშნების არსიყვარული და ცოდნის მიღების წყურვილი არსებობდეს სკოლაში; მაშინ, ჩვენი მომავალი თაობა მეტად სწავლული იქნება და იმ ფასეულობებს დაუბრუნდება, რაც კარგი პიროვნების ჩამოყალიბების საფუძველია.“