მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სკოლა ჩემთვის, ფაქტობრივად, ყველაფერია“,- ამბობს მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა. ის სკოლაში 1999 წლიდან მუშაობს, იყო ფიზიკის მასწავლებელი და სასწავლო ნაწილიც, ამჟამად, 2009 წლიდან, სკოლაში მხოლოდ დირექტორია. მისთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. პედაგოგობაზე არ უფიქრია, მაგრამ, ამ გადმოსახედიდან, ამბობს, რომ ეს ის პროფესიაა, სადაც თავს თავისუფლად გრძნობს და თავის დროზე არჩეული გზით, დღეს ძალიან კმაყოფილია. სკოლაში 25 სტატუსიანი პედაგოგი ჰყავს, მათ შორის, წამყვანიც და მენტორიც. მისი თქმით, პედაგოგები წელს გამოცდაზე ისევ გავლენ და სტატუსის ამაღლებას შეეცდებიან. მას თავისი სკოლის მასწავლებლების შესაძლებლობების სჯერა და ეს დირექტორის ყოველ სიტყვაში მკაფიოდ იგრძნობა. განსაკუთრებით ამაყი მოსწავლეების მიღწევებითაა, ამაყობს იმითაც, რომ სკოლაში სრული ჰარმონიაა და თავის საქმეს ყველა პირნათლად ასრულებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა სკოლის, პედაგოგების, მოსწავლეებისა და არსებული გამოწვევების შესახებ Etaloni.ge-ს ესაუბრა.
- რამდენი წელია, რაც სკოლაში მუშაობთ?
- სკოლაში 1999 წლიდან ვმუშაობ, ფიზიკას ვასწავლიდი, სასწავლო ნაწილის გამგეც ვიყავი, 2009 წლიდან კი სკოლაში მხოლოდ დირექტორი ვარ, საგანს აღარ ვასწავლი.
- ყოველთვის მასწავლებლობა გინდოდათ?
- რომ გითხრათ, რომ მასწავლებლობაზე ვოცნებობდი, ასე ნამდვილად არაა. ჩემი მასწავლებლობა შვილების სკოლაში შესვლამ განაპირობა. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ესაა ის სფერო, სადაც მე ფრთები გაშლილი მაქვს და თავს თავისუფლად ვგრძნობ, საოცრად კმაყოფილი ვარ ჩემი ამ გადაწყვეტილებით, რადგან რაც მე სკოლაში ვარ, ყველაფერი კარგად წავიდა. იქამდე უნივერსიტეტი დავამთავრე, ორგანიზატორული უნარები ვისწავლე. ჩემი ცოდნა კი მოსწავლეებთან მაქსიმალურად დავხარჯე.
- რა ადგილს იკავებს თქვენს ცხოვრებაში სკოლა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მოსწავლეებთან ურთიერთობას?
- სკოლა ჩემთვის, ფაქტობრივად, ყველაფერია. რაც შეეხება მოსწავლეებთან ურთიერთობას, არც სასწავლო ნაწილობის დროს და არც დირექტორობის დროს, არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი გაკვეთილი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ მქონოდა. როდესაც გაკვეთილებს ვასწავლიდი ეს ცხადია თავისთავად ხდებოდა, დირექტორობის პერიოდში კი გაკვეთილებს ვესწრები. სკოლაში ხან გამოკითხვას ვატარებ, ხან შაბათობებს, ერთი სიტყვით, ბავშვებთან ერთად მაქსიმალურად დაკავებული ვარ და მათთან ურთიერთობა ყოველდღიურად მიწევს. ბევრი ისეთი საკითხია, რასაც სხვა ვერ იზამს და ჩემს მოსწავლეებთან ეს მე უნდა გავაკეთო.
- რამდენი მოსწავლეა თქვენს სკოლაში?
- აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა, სალხინოში 4 სრული სკოლაა. ჩემთან 197 ბავშვი სწავლობს. 2009-2010 წლებში მოსწავლეების რაოდენობა ძალიან შეგვიმცირდა, რადგან საპატრიარქოს სკოლა გაიხსნა და ბავშები გადავიდნენ. შემდეგ ბევრი ვიშრომეთ და მოვითქვით სული და დღეს უკვე კმაყოფილები ვართ. ჩემი სკოლისთვის 197 ბავშვი ცოტა არაა.
- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს?
- მასწავლებლები იმდენად მოტივირებული არიან, იმდენად მონდომებულები, რომ მაქსიმუმს აკეთებენ. სკოლის პედგოგთა კორპუსი საუკეთესოა, ჩემი სკოლის მოსწავლეები უფასო ფაკულტეტებზე აბარებენ, გრანტები აქვთ. ძალიან ბევრი წარმატება გვაქვს. გამორიცხულია, ჩემს მასწავლებლებს გაკვეთილზე შესვლა დაეზაროთ, ზოგჯერ მოსწავლეებს ასწრებენ საკლასო ოთახებში შესვლას. სკოლის ავტორიტეტი საკმაოდ მაღალია, ყოველ შემთხვევაში, ასე მეუბნებიან, მშობლებს ჩვენთან უნადათ ბავშვების მოყვანა და ჩემი სკოლა ამდენსაც ვერ იტევს.
დირექტორი დღეს საგანმანათლებლო ლიდერია, ფაქტობრივად, მენეჯერია სკოლაში. თუ კარგი მენეჯერი ხარ, სკოლაც წარმატებულია. ჩემთან სკოლაში სასწავლო ნაწილიც ნამდვილი ლიდერია და ეს ბუნებრივია, საგანმანათლებლო პროცესი სასწავლო ნაწილს მიჰყავს. სკოლაში კი სრული ჰარმონიაა.
გასაკეთებელი სკოლაში ძალიან ბევრია, ერთი წუთითაც თუ ხარ მოდუნებული, უკვე საქმე ცუდად მიდის. ამდენი წლის განმავლობაში, სკოლაში ძალადობის არც ერთი შემთხვევა არ გვქონია, რადგან მაქსიმალურად ყურადღებით ვართ. მშობელთა პედაგოგიზაციაზეც აქტიურად ვმუშაობდით. ისე არ მოსულან ეს ბავშვები, ხელაღებით, ამას წინ ბევრი შრომა უძღოდა.
- რა არის მთავარ გამოწვევა, რასაც სკოლაში აწყდებით?
- ამ ხნის განმავლობაში უამრავი გამოწვევა გვქონია, თუმცა არ ყოფილა შემთხვევა, რომ გამოწვევებს ვერ გავმკლავებოდი და ვერ მომეგვარებინა. ჩემი სკოლა 2018 წელს გაიხსნა, მანამდე ისტორიულ შენობაში ვიყავით. შემდეგ, 2021 წელს სკოლის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა, ჩემი მოსწავლეები გაპრიალებულ და გაჩახჩახებულ სკოლაში სწავლობენ. ფეხაკრეფით დადიან იმდენად უხარიათ, რომ ასეთი შენობა გვაქვს. ჩემი სკოლა გმირის, ბესიკ ხულორდავას სახელობისაა. საოცრად კარგი სკოლა გვაქვს და განათლების სამინისტროსთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
- რამდენად აქტიურად ტარდება თქვენს სკოლაში სხვადასხვა პროექტი თუ აქტივობა?
- სკოლაში ძალიან ბევრი პროექტი იმართება. რამდენიმე დღის წინ, დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, გეოგრაფიის მასსწავლებელმა არაჩვეულებრივი აქტივობა ჩაატარა. ისტორიის მასწავლებელი 9 აპრილთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებას გეგმავს, ასევე, ქიმიის მასწავლებელი ამზადებს პროექტს „ფერთა ზეიმი ქიმიაში“. შემიძლია თამამად ვთავა, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართული. გარდა ამისა, ბავშვები izrune.ge-ს ტესტებს ასრულებენ. ერთმანეთს ვერ ასწრებენ შესვლას, ისე აქტიურობენ. მერე აზიარებენ, ყველას უნდა კომენტარი დავუწერო, უხარიათ, რომ დირექტორმა აღნიშნა მათი წარმატება. მოსწავლეებს სპორტშიც უდიდესი მიღწევები აქვთ, მათი ჯილდოები სკოლაში გამოფენილია. მედლოსანი ბავშვებიც მყავს, მოკლედ, მოსწავლეთა ინტელექტის დონეს არ ვუჩივით. ჩემი მოსწავლეები ეროვნულ გამოცდებზე 100 და 70%-ანი გრანტებს იღებენ, უფასო ფაკულტეტებზეც აბარებენ, არიან ისეთებიც, ვინც ასპირანტურა უცხოეთში გააგრძელეს. ერთი სიტყვით, ძალიან კარგი მოსწავლეები მყავს.
- როგორ უმკლავდება თქვენი სკოლა პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევებს?
- მადლობა მინდა ვუთხრა განათლების სამინისტროსა და ჩვენს საგანმანათლებლო რესურსცენტრს. თუკი რამე მოვითხოვდი, არ არსებობდა არ მოეწონდებინათ. არც ჰიბრიდული სწავლება არ გვქონია. სკოლის მოსწავლეებიდან კოვიდი 4-5 ბავშვს დაუდასტურდა, დანარჩენები ჯანმრთელად იყვენენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ვირუსი სკოლიდან არ წაუღიათ, სახლიდან მოიტანეს, რამდენიმე მასწავლებელიც დაინფიცირდა, გაკვეთილები არ გაუცდენიათ ონლაინ უტარდებდათ. სპორტიც კი ონლაინ ტარდებოდა.
- თქვენი სკოლის პედაგოგები წელს გამოცდაზე გასვლას აპირებენ?
- სკოლაში 25 სერტიფიცირებული მასწავლებელი, აქედან 1 წამყვანია, 1 მენტორი. არ გვინდოდა, რომ ბავშვი განზე დარჩენილიყო, მასწავლებელს უამრავი სამუშაო აქვს, ეს ფაქტორი რომ არ იყოს, ყველა არ იქნებოდა წამყავნი? მაგრამ იმდენად გადაერთნენ ბავშვებზე რომ არ უნდოდათ ამ ყველაფერს მოსწავლეებთან ხელი შეეშალათ. მაქსიმალურად ბავშვისკენ გადაერთნენ. ახლა გამოცდები რომ ჩატარდება, ყველა წამყავნი გახდება. მხოლოდ 1 პრაქტიკოსი მყავს, რომელიც დროებითაა და ეს წელი რომ დასრულდება წავა.
ასე მგონია, რომ წამყვანების გამოცდები რაღაცნაირად უფრო გართულებულია. ჩემი გადასახედიდან, ყოველ შემთხვევაში. ახლა მასწავლებლები კი ამბობენ, რომ საკმაოდ რთულიაო, მაგრამ რომ ვერ გადავლახოთ ისეთი არააო. მათ იმედი აქვთ და რადგან იმედი აქვთ, დარწმუნებული ვარ, რომ სტატუსს აიმაღლებენ.
- პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ, როგორ ფიქრობთ, ეს ზრდა საკმარისია?
- საკმარისი როგორაა?! ახლა ინფლაცია ძალიან დიდია, მაგრამ საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიფაროო, მაგრამ თუ კიდევ რამეს დაუმატებენ და წაახალისებენ ძალიან კარგი იქნება. მე მყავს დამლაგებელი, რომელსაც ხელზე 200 ლარი აქვს და უმარავ საქმეს აკეთებს. მეცოდება კიდეც და მეტი უნდა ჰქონდეს ხელფასი. თუ საშუალეებაა დარწმუნებული ვარ, სამინისტრო ამასაც გაითვალისწინებს.
- როგორ ფიქრობთ, დღეს მასწავლებლის პროფესია ახალგაზრდებისთვის მიმზიდველია?
- მასწავლებლობა ახალგაზრდებისთვის ძალიან მიმზიდველია, იმდენი შემობრუნდა. ჩემი სკოლის კურსდამთავრებულთა სადღაც 40% ალბათ, პედაგოგიურზე აბარებენ, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ქუდი რომ შეგეგდო და აგიტაცია ჩაგეტარებინა არ ჩააბარებდნენ ამ მიმართულებით. დღეს უკვე საკმაოზე მეტად უნდათ, ჩვენ სტაჟირებასაც ბევრს ვატარებ და მიხარია, რომ ამდენი მოდიან პედაგოგად. ეს იმან განაპირობა, რომ მასწავლებლის პროფესია დაფასდა, ხელფასი გაიზარდა. პედაგოგი საზოგადოებაში იმკვიდრებს იმ ადგილს, რისი ღირსიც არის, ჩემი გადმოსახედიდან ასეა. ჩემი მასწავლებლების 70% სულ ახალგაზრდები არიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...