მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სპორტსა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში წარმატებული მოსწავლეების მიღწევები რომ სკოლის იმიჯზე დადებითად აისახება, ამაზე, ფაქტობრივად, ყველა თანხმდება. თუმცა, აქ იკვეთება საკითხი, რომელიც შესაძლოა გამოწვევად იქცეს - ახერხებ თუ არა ასეთუ მოსწავლეები დაძლიონ სასწავლო პროგრამა და არ ჩამორჩნენ თანატოლებს?
Etaloni.ge ამ საკითხით დაინტერესდა როგორია სკოლიდ დირექტორების გამოცდიელბა და შეხედულება; რა უნდა გაკეთდეს სპორტითა და ხელოვნებით პროფესიულ დონეზე დაინტერესებული მოსწავლეების ხელშესაწყობად, რომ ისინი, ერთი მხრივ, თავიან სფეროში წარმატებული იყვნენ და მეორე მხრივ, სასწავლო პროგრამასაც სრულფასოვნად დაეუფლონ.
ცისანა ობოლაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:
ძალიან კარგია და მივესალმები, როდესაც მოსწავლეები სპორტითა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროთი არიან დაკავებული. მათ სკოლაში ხელს ვუწყობთ. გვყავდა ერთი მოსწავლე, რომელსაც ძალიან კარგი სპორტული მონაცემები ჰქონდა. მას მასწავლებელმა ურჩია, რომ სპორტზე ახალციხეში ევლო. ის კვირაში ორჯერ მიდიოდა და ჩვენ გრაფიკი მოვარგეთ მას. სპორტის ის სახეობა, რომელშიც მოსწავლე ასპარეზობდა სირბილი იყო, მან ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია და ამით ამაყები ვართ. რაც შეეხება აკადემიურ მოსწრებას, მას ვარჯიში ხელს არ უშლიდა, ძალიან კარგი ბავშვი იყო და ვფიქრობ, რომ თუ მოსწავლე მონდომებულია, ყველაფერი გამოუვა. დამრიგებელმაც უთხრა, რომ ვარჯიშებს მისთვის სხვა საგნებში ხელი არ უნდა შეეშალა და მანაც ყველაფერი გააკეთა, რომ ასე ყოფილიყო. დღეში 2 გაკვეთილი უტარდებოდა, შემდეგ ვარჯიშზე მიდიოდა. ძალიან კარგად მეცადინეობდა და არანაირი გართულება არ ყოფილა არც მასწავლებლების მხრიდან, რომ აი, ბავშვი სპორტზე დადის და პროგრამას ჩამორჩა. მისი შედეგები დადებითი იყო და სწავლის მხრივ არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია, რადგან ჩვენ ხელს ვუწყობდით. მოსწავლის გათავისუფლების სპეციალური ფორმები გვქონდა, რათა მას სკოლაში რაიმე პრობლემა არ შეჰქმნოდა. თუ კლასის დამრიგებლიდან დაწყებული ბავშვს მხარდაჭერა ექნება, რომ მისი მონაცემები სოფელში არ ჩაიკარგოს, ძალიან კარგია. მინდა აღვნიშნო, რომ ის ადამიანი დღესაც მადლობას გვიხდის და მისი წარმატება ჩვენთვისაც საამაყო და პრესტიჟულია.
ვარდო უგლავა, ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი:
ამ საკითხზე რამდენჯერმე დავაც ყოფილა, რომ საგაკვეთილო დროს რეპეტიციები არ უნდა ინიშნებოდეს. სპორტ-სკოლის დირექტორებსაც შევხვდით. თუკი, ისეთი მომენტია, რომ მოსწავლე შეჯიბრის ან ღონისძიებისთვის ემზადება, ძალიან დატვირთულ რეჟიმში უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, აი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ, ცოტა ადრე გავუშვათ, რომ დრო ჰქონდეს, რათა რეპეტიციაზე მომზადებული მივიდეს. ეს იმ მომენტში, როდესაც სამზადისია და ხვალ ან ზეგ შეჯიბრი უნდა გაიმართოს. ისე კი, მე იმას ხელშეწყობას ვერ ვუწოდებ, როდესაც ერთი საქმე კეთდება და მეორე ფუჭდება - ცოდნის დონე ქვეითდება. როდესაც ბავშვი ცოდნას ვერ იღებს, ტვინის მუშაობაც ქვეითდება. ტვინმა რომ კარგად იმუშაოს, მოსწავლეს გაკვეთილის ცოდნა და მეცადინეობაც სჭირდება. მოსწავლე მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ეს ორი რამ ერთმანეთს შეუთავსოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ მოსწავლეს აქვს პერიოდი, როდესაც მაქსიმალურად უნდა დაიტვირთოს, რათა არჩეულ სფეროში წარმატებას მიაღწიოს, ყველანაირად ხელს შევუწყობ, მაგრამ ამას არ შეიძლება, რომ სისტემატური ხასიათი ჰქონდეს. მე სკოლიდან სხვანაირ ხელშეწყობას ვერ ვხედავ. რა საკვირველია, მათ არც დირექცია და არც მასწავლებლები ზრუნვას, სითბოს და გულშემატკივრობას არ დავაკლებთ. მოსწავლე რაც უფრო წარმატებული იქნება, ეს სკოლისთვის სახელია. რაც შეგვიძლია, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, მაგრამ ისე არა, რომ გაკვეთილები სისტემეტიურად გააცდინოს.
ნელი დუდუქჩიან, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი აზრით, სკოლასა და იმ ბავშვებს შორის, რომლებიც ხელოვნების სხვადასხვა დარგითა და სპორტით პროფესიულ დონეზე არიან დაინტერესებული, ურთიერთთანამშრომლობითი და მეგობრული ურთიერთობა უნდა იყოს. სკოლამ მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს, რომ სასურველ მიმართულებას გაჰყვნენ, მაგრამ ისინი პროგრამას არ უნდა ჩამორჩნენ და დანარჩენ საგნებსაც სათანადო ყურადღება მიაქციონ. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ვთქვათ, მხოლოდ სპორტში რომ იყოს ადამიანი განვითარებული, ნამდვილად არაა საკმარისი, მე ასე მწამს. ასეთი ინტერესების მქონე ბავშვის სასწავლო პროცესში შეიძლება მშობლებიც რომ ჩავრთოთ, უნდა იცოდნენ რას როგორ სწავლობენ, ასევე, ამ მოსწავლეებისთვის სასწავლო რესურსის ელექტრონულად მიწოდებაც შეიძლება, რათა პროგრამას არ ჩამორჩნენ და ამ დარგშიც განვითარებულები იყვნენ. ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ სპორტი და ფიზიკური აქტივობაა. მოსწავლეების წარმატებები კი სკოლითვის ძალიან საამაყოა. სკოლამ მოსწავლეებს ხელი უნდა შეუწყოს და მისცეს საშუალება, რომ წარმატებული იყვნენ.
ინგა კომლაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ იტავაზის საჯარო სკოლის დირექტორი:
პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ სკოლაში ისეთი მასწავლებელი მყავს, რომელიც მართლა ხელოვანია. ძალიან ალალი, მართალი და უთქმელი ადამიანია, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეიძლება ფიროსმანს შევადარო-მეთქი. არ უნდა არანაირი პიარი, შექება და ტაშის დაკვრა. ჩემს სკოლაში ყველა ბავშვი ხატავს, ყველას აქვს ნიჭი, რომ შესაძლებლობები ხელოვნების მიმართულებით წარმოაჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის სკოლაა და ბავშვები ცენტრს მოშორებული არიან, ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ. მოსწავლეებს, რომლებიც სპორტითა და ხელოვნებით არიან დაინტერესებული სკოლამ ხელი აუცილებლად უნდა შეუწყოს. ჩემი სკოლის მოსწავლეები საჩხერის სამხატვრი სკოლაში დადიან და გარკვეულ წარმატებებს აღწევენ. იყო ერთი მოსწავლე, რომელსაც გამოფენაც მოუწყვეს, ის ჩვენი სახსრებითაც დავაჯილდოვეთ. მის ნახატებს ვყიდდით ხოლმე და ამ თანხით მასვე ვეხმარებოდით. ვფიქრობ, რომ მოსწავლეებს სხვა დარგებით დაინტერესება სწავლაში ხელს არ უშლით.
მიხეილ გიორგაძე, ქუთაისის N30 საჯარო სკოლის დირექტორი:
სკოლის მხრიდან ხელშეწყობა ის იქნება, რომ შეისწავლოს მოსწავლეთა საჭიროებები, შესაძლებლობები. შემდეგ მათ მწვრთნელებთან და პედაგოგებთან კავშირი ჰქონდეს. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც სპორტსმენები ვერ ან არ სწავლობენ. თუ მათ შემდეგ რამე ტრავმა ან დაბრკოლება შეხვდებათ, საერთოდ გაუნათლებლები რჩებიან. ამიტომ ამ საკითხებზე მშობლების ცნობიერების ამაღლება და ასეთ მოსწავლეებთან ხშირი საინფორმაციო შეხვედრებია საჭირო. თუ მოსწავლე, ჩემს სკოლაში იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მას დროის მხრივ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, მაგრამ სკოლაში მასალის მოტანასა და სწავლაზე, ჩვენ ვერანაირ დათმობაზე ვერ წავალთ. მოსწავლე შედეგამდე აუცილებლად უნდა შევიტანოთ. ერთი მეორეს ხარჯზე არ უნდა გამოვიყვანოთ. სპორტსმენს სჭირდება განათლება. დღეს სპორტი მხოლოდ კუნთმაგარი ხალხის საქმე აღარ არის, გონიერება მოედანზეც, ლეიბზეც და ყველგან საჭიროა. ამიტომ გონიერება და აზროვნება სწორედ სკოლაში უნდა განვითარდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით კი მშობლები და მოსწავლეები ინფორმირებული უნდა იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს სპორტისა და ხელოვნებისადმი ლტოლვაში ხელი არ უნდა შევუშალოთ და ამ საკითხში ლოიალური უნდა ვიყოთ.
ელზა გელაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლის დირექტორი:
მოსწავლეთა მიღწევები ჩვენთვის ძალიან საამაყოა, ეს სკოლაზეც მეტყველებს. ხელშეწყობას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ისინი სკოლაში იმ საჭირო ინვენტარით უნდა მოვამარაგოთ, რაც მათ განვითარებას სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ბავშვები ხშირად კარგი აკადემიური მოსწრების არიან. მთავარია, არ იზარმაცონ და იმის დრო მაინც რჩებათ, რომ სათანადო ყურადღება სკოლასაც დაუთმონ. ჩემი მოსწავლე რომ იყოს პროფესიულ დონეზე სპორტით ან ხელოვნების სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებული, თუ გაცდენა მოუწევდა, აუცილებლად ხელს შევუწყობდი. გაცდენილ თემებს განსაკუთრებული ყურადღებით ვასწავლიდი, რომ ჩამორჩენა არ ჰქონოდა. გაკვეთილებს დამატებით ჩავუტარებდი, დღესდღეობით ეს ყველაფერი შესაძლებელია.
ნოდარ ბერიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენ ხელოვნებითა და სპორტით დაინტერესებულ მოსწავლეებს ყოველთვის ხელს ვუწყობთ. ახლაც სპორტის მასწავლებელი შეხვედრას ესწრება, რათა დამატებითი აქტივობები სკოლაშიც დაიგეგმოს. ჩემი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, სულ 50 ბავშვია, მაგრამ მოსწავლეები ღონისძიებებში აქტიურად ერთვებიან. სოფელში იმდენად არ არის საშუალება, რომ ბავშვებმა ხელოვნების წრეებზე იარონ, თუმცა ამისთვის ისინი მუნიციპალურ ცენტრში დადიან. ჩვენი სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ხშირად ერთვებიან და მათი წარმატება ჩვენთვის საამაყოა. სპორტი და ხელოვნება მათ განვითარებასა და უნარებზე დადებითად აისახება.
ირაკლი ტეფნაძე, ბეჟან ხარაიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვინც ამ სფეროებში აქტიურად არიან ჩართულები, იმ მოსწავლეებისთვის გამონაკლისი შემთხვევები არსებობს. ჩვენ მათ შეღავათები უნდა გავუწიოთ, კერძოდ, თუ ისინი სპორტისა და ხელოვნების დარგში საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებში მონაწილეობენ, გაცდენები საპატიოდ ეთვლებათ, რათა მათ აკადემიურ მოსწრებაზე რაიმე უარყოფითად არ აისახოს. მე სკოლაში ასეთი რანგის სპორტსმენები არ მყავს, რომ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მოსწავლეებმა ეს პროტოკოლი იციან. ჩემი სკოლის მოსწავლეები მუნიციპალურ დონეზე და ქვეყნის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ. მათ დირექციის, მასწავლებლებისა და საზოგადოების მხრიდან ხელშეწყობა უნდა ჰქონდეთ. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო და ჩვენც მოსწავლეებს ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ და ამ მიდრეკილებებს მივესალმებით. სხვა საგნებს რომ არ ჩამორჩნენ, ამისთვის ყველა მასწავლებელს შემუშავებული აქვს ინდივიდუალური სამუშაო სასწავლო გეგმა. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ, რომ მოსწავლე დამატებით ამეცადინონ. ამ გზით კი მოსწავლის ჩამორჩენის აღმოფხვრა შეიძლება. არსებობს ონლაინ ურთიერთობებიც, ბავშვს ღონისძიებებს შორის არსებულ პერიოდში შეუძლია კომუნიკაცია მასწავლებელთან და თანაკლასელებთან დაამყაროს.
ლალი სოხაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის დირექტორი:
იმით დავიწყებ, რომ ყოველთვის ვცდილობდი მასწავლებლებისთვისაც შემეწყო ხელი, 4 წამყავნი და დანარჩენი უფროსი მასწავლებელი მყავს, ჩემი სკოლა სოფლისაა და ჩვენთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მთავარია ჯერ მოსწავლეებს ბაზა შეუქმნა, სადაც განათლებას მიიღებენ, ეს კი მათზე დადებითად აისახება. მე სკოლაში ხელოვნების მასწავლებელი მყავს, რომელიც სამხატვრო აკადემიის წევრია, ის სხვა სკოლებშიც ასწავლის და მისმა მოსწავლეებმა სამხატვრო აკადემიაში ჩააბარეს. მოსწავლეებმა სპორტსა და ხელოვნებაშიც უნდა მიაღწიონ წარმატებას. ჩვენ მოსწავლების არამხოლოდ ხორციელ, არამედ სულიერ სამყაროზეც უნდა ვიფიქროთ, მით უმეტეს ამ დროში. ის მოსწავლები, ვინც ხელოვნების სხვადასხვა დარგითა და სპორტით პროფესიულ დონეზე არიან დაინტერესებული, ჩემი აზრით, სასწავლო პროგრამას ფეხს კარგად უწყობენ. სკოლამ კი მათ განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს.
ავთანდილ ხურციძე, შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის დირექტორი:
დავიწყებ იმით, რომ ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია. ჩვენი სკოლის სპორტის პედაგოგი მოსწავლეებთან აქტიურად მუშაობს. წარმატებები ძირითადად, მაგიდის ჩოგბურთში გვაქვს. ყურადრება ექცევა სპორტის სხვა სახეობებსაც. ზოგადად კი, სპორტი ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია. სკოლა სპორტითა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ მოსწავლეებს უნდა დაეხმაროს. მათ სასკოლო პროგრამასაც ფეხი უნდა აუწყონ, თუ ვეტყვით, რომ ვერ გავათავისუფლებთ, თუ სხვა საგნებშიც კარგი შედეგი არ ექნებათ, მაშინ მოუწევთ, რომ ყურადღება სკოლასაც დაუთმონ და ეს მიდგომა ამართლებს. მოსწავლეთა წარმატება კი, რასაკვირველია, სკოლის წარმატებაცაა.
თენგიზ შავაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის დირექტორი:
სპორტითა და ხელოვნებით დაინტერესებული და აქტიურად ჩართული მოსწავლეები სწორედ რომ კარგად უწყობენ ფეხს სასწავლო პროგრამას. ვინც ამ ფლანგზე აქტიურია, ის სწავლაშიც არ მოიკოჭლებს. ასეთი ბავშვები სკოლის ღონისძიებებშიც დიდი მონდომებით ერთვებიან. ისინი ყველაფერს ასწრებენ და აკეთებენ, ზოგიერთი მათგანი მუსიკალურ სასწავლებელში დაბაშიც დადის. მთავარია, მონდომება.
გელა ჩხიტუნიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის დირექტორი:
სკოლამ სპორტითა და ხელოვნებით დაინტერესებულ მოსწავლეებს ხელი მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს. თუ მოსწავლეს სპორტისა და ხელოვნების სფეროების მიმართ სერიოზული მიდრეკილება აქვს, ის ყველანაირად ხელშეწყობილი უნდა იყოს. მე ისიც მიმაჩნია, რომ ბავშვმა მაინცდამაინც მათემატიკა, ფიზიკა ან ბიოლოგია არ უნდა ისწავლოს ზედმიწევნით კარგად. მე, რა თქმა უნდა, მათ განათლებას ყველანაირად ხელს შევუწყობ, თუმცა როდესაც მოსწავლე ხელოვნებისა და სპორტის მიმართ მიდრეკილია, ის გულგრილი დანარჩენი საგნების მიმართაც არ რჩება. თუ ბავშვს ამ მიმართულებებით პროფესიულ დონეზე განვითარება უნდა და ვთქვათ, მათემატიკას ან ფიზიკას ის კარგად ვერ დაეუფლება, როგორც მაგალიად სპორტს, ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნია და ტრაგედია არ არის. ზოგს სპორტი უყვარს, ზოგს ხელოვნება, ყველა მეცნიერებებისკენ არაა მიდრეკილი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი მათ წარმატებას მხოლოდ ხელს შეუწყობს და კარიერაში დაეხმარება. მოსწავლეების წარმატება კი სკოლაზეც დადებითად აისახება.
თინა დიაკონიძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის საჯარო სკოლის დირექტორი:
სპორტში უფროსი მასწავლებელი მყავს და არსებულ პირობებში მაქსიმალურად ცდილობს მოახერხოს ის, რომ მოსწავლეები ჩართული იყვნენ. ხელოვნებას რაც შეეხება, ხატავენ მოსწავლეები. ზოგადად კი, სკოლა ყველანაირად უნდა ცდილობდნეს, რომ მოსწავლეებს ხელი შეუწყოს, რადგან გარდა უშუალოდ მათი პირადი წარმატებისა, ეს სკოლის პრესტიჟზეც მეტყველებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...