მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადვილი არაა, თანამედროვე ბავშვებს სწავლა შეაყვარო, პასუხისმგებლობის გრძნობა კი ისე გაუღვუვო, რომ უკლებლივ ყველა დავალება შეასრულოს. როგორ უნდა მოახერხო ეს პედაგოგმა? - მზა რეცეპტი არ არსებობს, თუმცა მასწავლებელი ნინია ყოჩიაშვილი კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს. სოციალურ ქსელში გაზიარებულ მის სტატუსს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ
ვერაფრით ვიძინებ და ჩემს მასწავლებლობაზე მოგიყვებით
რაღაცნაირი მასწავლებელი ვარ, აი, ასეთი, მოსწავლის ლეკვს ვეხუტები და ისე ვასწორებ რვეულებს, ამასობაში ისინი, წიწილები, ესეებს წერენ.
თავიდანვე განვიზრახე, რომ ჩემი გაკვეთილები ბედნიერების გაკვეთილები იქნებოდა, ყოველგვარი სტრესის გარეშე, და ჩვენ შევძლებდით, განტვირთვა და სწავლა გაგვეერთიანებინა.
ჩემი მიღწევა დღეს არის ის, რომ ბავშვები ჩემს გაკვეთილზე ისვენებენ და ბედნიერები, მოტივირებულები ბრუნდებიან სახლში და წასვლამდე მთხოვენ, რომ თუ არ მეჩქარება, ცოტაც დავრჩეთ.
ჩემი მიღწევაა ის, რომ ყველას ყველა დავალება უწერია და ამისთვის ჩხუბით ან საყვედურებით არ მიმიღწევია - ჩვენ გვაქვს ცხრილი, რომელშიც დავალებებს ვინიშნავთ და ყველამ იცის, რა უნდა აღადგინოს.
უფრო დიდი მიღწევა კი ისაა, რომ აზრადაც არ მოსდით, რომ მომატყუონ, მეუბნებიან, რომ დაეზარათ და იმიტომ არ დაწერეს, სამაგიეროდ, მეორე გაკვეთილზე აღდგენილი მოაქვთ. და როცა რამეს ვერ იგებენ, სხვისგან კი არ იწერენ, ინიშნავენ და ყველა წვრილმანს მეკითხებიან. ამის მისაღწევად პირველი 2 კვირა ვიბრძოდი. თავიდან ჩურჩულით ეკითხებოდნენ ერთმანეთს, აქ რა დაწერეო.
ჩვენ არ გვჭირდება შეშინებული თაობა!
მე არ მჭირდება მოსწავლე, რომელიც ჩემი ჩხუბის ან ყვირილის, ანდაც შეურაცხყოფის შიშით მომიტანს დავალებას! არა! ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ხალხი, რომელსაც ვერ შეაშინებენ და რომელიც ყველაფერს გააზრებულად გააკეთებს. დავალებას დაწერენ იმიტომ, რომ რაღაცის ცოდნა უნდა განიმტკიცონ.
როცა პუნქტუაციაში ვავარჯიშებ, დავალებას ვუგზავნი ვორდით და შეუძლიათ, 50 გვერდის გადაწერისა და 8 საათის დაკარგვის ნაცვლად იქვე შეასწორონ და იმავე მიზანს ნახევარ საათში მიაღწიონ. მე ხომ მათ წერაში არ ვავარჯიშებ და ეჭვი არ მეპარება, რომ მეთორმეტეკლასელებმა ასოების ცნობა იციან.
მაქსიმალურად ვუმარტივებ საქმეს და მიმაჩნია, რომ კარგი მასწავლებელი ის კი არ არის, ვინც დავალებებში ახრჩობს ბავშვებს, ის არის, ვინც ზუსტად იცის, რა დავალებას რის მისაღწევად აძლევს.
და ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ სჯერათ, ყველაფერს ისწავლიან და შეძლებენ, რადგან უკვე მათი ბევრი ,,ვერ გავაკეთებ" მივაბარეთ წარსულს:
გრამატიკა არ ვიცი. არ შემიძლია, ვერ ვისწავლი.
მძიმეებს ვერასდროს გავიგებ, ან რა საჭიროა, არ მინდა ეგ ქულები, ისე დავწერ.
ესეს ვერ დავწერ. შანსი არ არის. აზრს ვერ ვაყალიბებ.
მხატვრულ თემას ვერ დავწერ. 12 წელია, ვერ ვწერ და ახლა როგორ დავწერ, მკითხაობაა ეგ, როგორ გავიგო, ზუსტად ვინ რა იცის, რატომ წერდა ავტორი.
ყველა წინადადება წარსულად იქცა.
2 მძიმე თუ გაგვეპარება სადმე, „ოოოოო“-ს ვიძახით.
გრამატიკა შევიყვარეთ და სწორ პასუხებს გავყვირით და მერე ხელებს ერთმანეთს ვურტყამთ, რომ ოციდან ოცივე სწორად გავაკეთეთ.
ჩავარდნად მივიჩნევთ, როცა ესეში ძლიერი არგუმენტები არ გვაქვს და მხატვრულ ანალიზში ოდნავი ჩავარდნის მერე ,,მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება-ს" სიმღერა გვიწევს ხასიათის გამოსასწორებლად.
ვამსხვრევთ სტერეოტიპს, რომ განათლების მიღება უსიამოვნო პროცესია, ჩვენთან დასაწყისშივე ტკბილია და კენწეროშიც ამას ველით.
ბოდიში, ბავშვებო, რომ მასწავლებელი ცუდად გყავთ და გაკვეთილი გაგიცდინათ
როგორ იმორჩილებ მოსწავლეებსო - მეგობრობითა და ინდივიდუალური მიდგომით.
ჩვენ, ცხრავეს, ერთი მიზანი გვაქვს და ეს მათი განათლებაა.
თაობა მოგვდის-მეთქი, როგორ ვთქვა, 5-6 წლით ვარ დიდი, მაგრამ სასწაული თაობა მოდის მართლა და უნდა სჯეროდეთ, რომ ამ ქვეყანაშივე შეძლებენ ყველაფერს და არსებობისთვის ბრძოლა არ მოუწევთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა