„ბედნიერებაა, რომ არიან ადამიანები, რომელთათვისაც მომავალი თაობა უზენაესია“ - შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ასრულებული სურვილები
01-04-2022
დაკოპირებულია
-
+
აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლა არასამთავრობო ორგანიზაცია - „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ უკვე წლებია თანამშრომლობს.
აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტების დახმარებით მოსწავლეებმა ცხოვრებაში გამოსადეგი უნარ-ჩვევები და გაუმჯობესებული სასკოლო გარემო შეიძინეს. მოსწავლეებმა არასამთავრობო ორგანიზაციის რჩევით იფიქრეს და გადაწყვიტეს, სკოლისთვის მხარდამჭერი ეპოვათ.
ბავშვებმა ასეთ მხარდამჭერ პიროვნებად, სამართალმცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - ვახუშტი მენაბდე აირჩიეს, რომელმაც ბავშვებისთვის და ზოგადად, სკოლისთვის ძალიან დიდი დახმარება გასწია.
„ვახუშტი მენაბდე შემოქმედის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, გაესაუბრა, მათი სურვილები ჩაიწერა და როგორც კი შესაძლებლობა გაუჩნდა, გაახსენდა, რომ იმ სურვილებში ერთ-ერთი სკოლის ბიბლიოთეკის გალამაზება და კეთილმოწყობა იყო. ჰოდა, არ დაუხანებია: მოიძია სპონსორი და სკოლის ბიბლიოთეკისთვის მოგვიტანა - ნოუთბუქი, კარადები წიგნებისთვის, საოფისე / საკანცელარიო ნივთები. პირველი შემთხვევა არაა, როცა მენაბდეების ოჯახი სკოლას ეხმარება და მასზე ზრუნავს! დიახ, ასეა, 2019 წლის გაზაფხულზე „მენაბდეების მარანმა“ 330 ლარი უსახსოვრა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო მხატვრული ლიტერატურის შესაძენად. ბავშვებმა მაღაზია „ბიბლუსში“ თავად აარჩიეს სასურველი წიგნები და ბიბლიოთეკა თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედებით გაამდიდრეს! ბედნიერებაა, როცა იცი, რომ ვიღაც ცდილობს, ოცნებები აგისრულოს და ყოფა გაგილამაზოს!.. ბედნიერებაა, რომ შენ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მომავალი თაობა და ზოგადად ადამიანი უზენაესია. შემოქმედის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები მადლიერებას გამოთქვამენ და წარმატებებს უსურვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ ვახუშტი მენაბდეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.