„მოსწავლეების მხრიდან ძირითადად იმ საგნებზე კეთდება აქცენტი, რომელსაც აბარებენ“ - მინდია ცხვედიანი, ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
მინდია ცხვედიანმა სკოლის კარი პირველად 1998 წელს, მესამე კურსის სტუდენტმა, ისტორიის პედაგოგის რანგში შეაღო და მას შემდეგ ღირსეული, საამაყო თაობების აღზრდას ერთგულად ემსახურება. ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში დირექტორად 2007 წლიდან მას შემდეგ მოღვაწეობს, რაც დირექტორთა შესარჩევი კონკურსი დიდი წარმატებით გაიარა, საუკეთესო კანდიდატებს შორის I ადგილი დაიკავა და სკოლის სამეურვეო საბჭომაც აირჩია. ამბროლაურის N2 საჯარო სკოლას დირექტორის რანგში უკვე 15 წელია ემსახურება.სკოლაში მოღვაწეობა არასოდეს უნანია; მინდია ცხვედიანს მასწავლებლის პროფესია შესისხლხორცებული აქვს, რაც ალბათ იქიდან გამომდინარეობს, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი მასწავლებელია; როგორც თავად ამბობს, განათლების სფეროში იმ მიზნით მოვიდა, რომ მომავალი თაობისთვის საკუთარი ცოდნა გაეზიარებინა. 15 წლიანი დირექტორობის პერიოდში, სირთულეებს ყოველთვის ღირსეულად უმკლავდებოდა და ამდენწლიანი გამოცდილების დამსახურებით მუდამ ახერხებს, როგორც კოლეგებთან, ასევე მოსწავლეებთან თუ მშობლებთან მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნოს, რაც მარტივი ნამდვილად არ არის. მინდია ცხვედიანისთვის კარგმა დირექტორმა ადამიანურ უნარ-ჩვევებთან ერთად ის საკანონმდებლო ბაზაც უნდა იცოდეს, რაც სკოლის მართვისთვის არის საჭირო.
რითი განისაზღვრება სკოლის წარმატება, რას ფიქრობს 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში შესვლის თაობაზე და კიდევ მრავალ საინტერესო საკითხზე
პასუხებს, ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორთან, მინდია ცხვედიანთან ინტერვიუში ამოიკითხავთ. სასკოლო საკითხებზე საუბრამდე, დირექტორმა არც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დაივიწყა:
- სკოლა, 1994 წელს დავამთავრე და მახსოვს აფხაზეთიდან წამოსული ზარბაზნებისა და ტყვიამფრქვევების ექო ჩვენს მთებში ისმოდა... ამ თაობას ნამდვილად არ ვუსურვებ, ნახოს ომის საშინელება. ჩემს და მათი მშობლების თაობას ეს ტრაგედია უკვე გავლილი გვაქვს. მოსწავლეები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმირებულები არიან, იციან თუ რამდენად რთული სიტუაციაა შექმნილი მეგობარ ქვეყანაში. ბავშვები დიდი სულისკვეთებით არიან, უკრაინისთვის მხარდასაჭერ აქცია მოაწყეს და სხვა, ჰუმანურ აქციებშიც მონაწილეობდნენ. ჩვენი მხრიდან, ვცდილობთ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და მათთვის მიმდინარე მოვლენები ზედმეტად სტრესული არ იყოს.
- ბატონო მინდა, მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე, როგორ ფიქრობთ საგანმანათლებლო პროგრამა უნდა შეიცვალოს თუ არა და დაემატოს თავდაცვის გაკვეთილები?- ვფიქრობ, კარგი იქნება ბავშვებმა თავდაცვა შეისწავლონ. გაკვეთილებს რაც შეეხება, შესაძლოა იყოს არჩევითი სახის, ან რამდენიმე კლასში სემესტრულად ისწავლებოდეს. ასევე, შეიძლება ამ საკითხზე სპეციალური სემინარები ვორკშოპების სახით ჩატარდეს. ჩვენს სკოლაში საევაკუაციო გეგმა ორივე კორპუსის ყველა სართულზე, თვალსაჩინო ადგილზეა გამოკრული. კონკრეტულად ომის თემატიკაზე არა, მაგრამ წითელ ჯვართან ერთად სიმულაციები ჩავატარეთ. ვთქვათ, ბავშვებმა იციან მიწისძვრის დროს როგორ მოიქცნენ, სახანძრო მანქანის კიბით უსაფრთხოდ შენობის დატოვების შესახებ ფლობენ ინფორმაციას. ასევე, გვაქვს ძალიან კარგი სპორტული მოედანი და იციან, იქ უნდა შეგროვდნენ, რათა დანგრეული შენობიდან არაფერი დაეყაროთ. რა თქმა უნდა ისიც იციან, რომ დაბომბვის შემთხვევაში სარდაფებს უნდა შეაფარონ თავი.
- როგორ ფიქრობთ, რითი განისაზღვრება სკოლის წარმატება, მოსწავლეების მიღწევებით თუ სტატუსიანი მასწავლებლების რაოდენობით?- სკოლის წარმატება, ბუნებრივია მოსწავლეთა მიღწევებით განისაზღვრება. ჩვენი ინდიკატორი სწორედ ის არის, თუ რამდენად საღ, ადეკვატურ და ნასწავლ თაობას აღვზრდით; რამდენად იქნებიან საერთაშორისო ნორმებისთვის მიღებულნი და ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის გამოსადეგნი. ზოგადად, სკოლა და ჩვენც, თითოეული პედაგოგი ამისთვის ვიღვწით, რომ გავზარდოთ - ტოლერანტი და თანამედროვე ადამიანი, რომელიც იმ ყველა უნარ-ჩვევას ფლობდეს, რომელიც მასაც და სამშობლოსაც გამოადგება.
- როგორ ფიქრობთ, სკოლის დახასიათებასა და აკადემიურ ნიშნებს, უნდა ჰქონდეს თუ არა წონა?- ვფიქრობ, ცუდი არ იქნება. თუ რაიმე მიღწევა, წარმატება აქვს მოსწავლეს და ამის აღიარება მოხდება კარგია. ჩვენ მაგალითად, მოსწავლეების თითოეულ წარმატებას აღვნიშნავთ ეს იქნება სპორტული თუ სხვა სახის. ყოველთვის სასიხარულო და სასიამოვნოა, როდესაც სკოლის წარმატებული მოსწავლეების შესახებ ვამბობ, რომ ვთქვათ გაიმარჯვეს ამა თუ იმ ოლიმპიადაში ან კონკურსებში.
- როგორ ფიქრობთ, დიფერენცირებული სწავლებისთვის, არის თუ არა სკოლა მზად?- რეალურად, რომ შევხედოთ მოსწავლეების მხრიდან ძირითადად იმ საგნებზე კეთდება აქცენტი, რომელსაც აბარებენ. კატეგორიაც ასე იყოფა - ჰუმანიტარული, ტექნიკური თუ საბუნებისმეტყველო საგნების ბავშვები. ზოგჯერ მართლაც, მედლის კანდიდატია ბავშვი, რომელიც მათემატიკაშია ძლიერი, მაგრამ სიტყვაზე, ისტორია ნაკლებად აინტერესებს და დროის კარგვად მიაჩნია მსოფლიო ომების სწავლა. შესაძლოა ამ მხრივ, დიფერენცირებულად დაიყოს დამამთავრებელი კლასი და კონკრეტული აქცენტები გაკეთდეს. ამისთვის კი გარკვეული საკითხები მოსამზადებელია და ბევრი რამ, გადასახედი. ამას კარგი მომზადება და გათვლა სჭირდება, რათა პრობლემები არ გამოიწვიოს.
- ძალიან აქტუალურია პირველკლასელთა საკითხი... როგორც დირექტორი, რას ფიქრობთ, ბავშვს 5 წლის ასაკში უნდა შეეძლოს თუ არა სკოლაში შესვლა?- ზოგ ბავშვს უფრო ადრე შეუძლია მასალის ათვისება და ზოგსაც, გვიან. აქ თვეებსა და დღეებზეა საუბარი. 17 სექტემბერს დაბადებულმა ბავშვმა ფაქტობრივად ერთი წელი უნდა დაიცადოს. ადრე, თუკი სამინისტრო გადაწყვეტდა, რაღაც ასაკს გადაცილებული ბავშვი ფსიქოლოგიურად მზად იყო თანატოლებთან ერთად ყოფილიყო, ვთქვათ ნოემბერში ან დეკემბერში დაბადებული ბავშვი შეთანხმება შეიძლებოდა. შემდეგ, უკვე რადიკალურად განისაზღვრა, რომ ბავშვი სწავლის დაწყებამდე უნდა გამხდარიყო 6 წლის. ვფიქრობ, რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს, მაგრამ სულ იქნება გარკვეული უკმაყოფილება, მაგალითად 1 იანვარს დაბადებულ ბავშვზე... შემდეგ იტყვიან, 2 იანვარს დაბადებულმა რა დააშავაო?! რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს, რომ ამ თარიღიდან აქამდე აღარ შეიძლება. როგორც ვიცი, სამომავლოდ შესაძლებელია კანონი შეიცვალოს.
- როგორ ფიქრობთ, სოციალური მუშაკების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში აუცილებელი და რამდენად შედეგიანია?- სოცმუშაკების დახმარება რაღაც შემთხვევებში დაგვჭირვებია, ჩართულან და ბავშვთან ურთიერთობაში დადებითი ეფექტიც ჰქონიათ. ჩვენ გვყავს სპეცმასწავლებელი, რომელიც სასწავლო პროცესშია ჩართული. ფსიქოლოგის აუცილებლობა ამ ეტაპზე ჩვენს სკოლაში არ დგას, მაგრამ საერთო ფსიქოლოგი თუ სოციალური მუშაკი არსებობს და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის ვუკავშირდებით. ვფიქრობ, ეს სამსახურები აუცილებელია ბავშვთან ან მასწავლებლებთან ურთიერთობაში.
- ბატონო მინდია, როგორ ფიქრობთ, რა აწუხებთ დღევანდელ ბავშვებს?- დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა. ახალგაზრდებს ათასი საფიქრალი აქვთ და უამრავ რამეში სჭირდებათ ხელშეწყობა, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში ბავშვები ძალიან დაითრგუნენ. ბავშვებს, განათლებასთან ერთად გართობა და თვითდამკვიდრება სჭირდებათ. საზოგადოებაში არსებობს პრობლემები, ვთქვათ სოციალური კუთხით. 240 მოსწავლე მყავს და აქედან, 100 სოციალურად დაუცველია. დღევანდელ ბავშვებს უამრავი პრობლემა და საწუხარი აქვთ, ეს იქნება ჩაცმა-დახურვისა თუ სრულფასოვნად კვების საკითხები.
- და ბოლოს, რას ეტყოდით თქვენს სასკოლო საზოგადოებას?- ვფიქრობ, ერთად დგომითა და მუშაობით ბევრ რამეს მივაღწევთ, ძალა ერთობაშია. წარმატებული სკოლისთვის და ნაყოფიერი მუშაობისთვის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები უნდა გაერთიანდნენ. მიმაჩნია, რომ ამას ვახერხებთ. ჩემს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ერთმანეთში ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, რაც მახარებს. ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ერთობლივად უამრავ პროექტს ვაკეთებთ, რაშიც მთელი სასკოლო საზოგადოება ერთიანდება. ეს ერთიანობა კი კარგ ურთიერთობებს ძალიან ეხმარება. ჩვენი თემი, მოსახლეობით გადატვირთული არ არის ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, რაც ურთიერთობებს ბევრად აიოლებს. გარდა ამისა, ტარდება მრავალმხრივი ღონისძიებები, კონკურსები, გამოფენები და ამითაც ჩვენს სკოლაში საინტერესო გარემოა. ჩვენ, ყველა ერთად ვმუშაობთ.