კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მეთერთმეტეკლასელი ნიკა ჩარტია ფოთის ყველაზე წარმატებულ მოსწავლედ დასახელდა
05-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიაში“ ბევრი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას მუდამ სიხარულით უზიარებს.
სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლემ, ნიკა ჩარტიამ მეგობრებთან ერთად საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიტერატურული კლუბი დაარსა, რომლის ფარგლებშიც ის თანამშრომლობს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან „სულაკაურის", „არტანუჯის", „ინტელექტისა" „დიოგენეს" გამომცემლობებთან და მათი სპონსორობით ახორციელებს სხვადასხვა სახის ლიტერატურულ კონკურსებს.
ნიკამ ასევე, შექმნა პროექტი, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო სივრცის ირგვლივ მოღვაწე პირებთან და ცნობად სახეებთან შეხვედრებს ატარებს.
იგი თანამშრომლობს „იუნესკოს“ გენერალური კონფედერაციის მიერ შექმნილ პროექტთან - „წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", რომელსაც წელს თბილისი მასპინძლობს.
ნიკა ჩარტიამ ასევე, გააფორმა მემორანდუმი პარტნიორობასთან დაკავშირებით - „ქართულ ვიკიპედიასთან" და „ვიკიმედიასთან" და მათთან კოლაბორაციით გეგმავს პროექტს - „ქართული ლიტერატურა ვიკიპედიაში“, რომელიც განხორციელდება სხვადასხვა სპონსორებისა, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით და წარსდგება, როგორც პროექტის გენერალური ორგანიზატორი.
მეთერთმეტეკლასელი ასევე, გახლავთ ევროპის ფონდის USAID/Georgia, შვედეთის საელჩოსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „ახალგაზრდული იდეის“ გუნდის წევრი და წარმომადგენელი ფოთში; არის ლოგიკმეტრის მათემატიკური აკადემიის ორგზის სტიპენდიატი, მინიჭებული აქვს „ახალგაზრდა მწერალი 2020“ სტატუსი.
წარმატებული მოსწავლე მუშაობს ორგანიზაცია - „წარმატების გზა/The way to success“ ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერის თანამდებობაზე. ასევე, მუშაობს ორგანიზაციაში - „ლაზიერი Lazieri“ პროექტის ორგანიზატორის თანამდებობაზე; და ბოლოს, ნიკა ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრში - LEAF (Liberal Enchanced Arts Foundation) მისაღებ გამოცდებზე მაქსიმალური ქულების მიღების შედეგად განაგრძობს სწავლას დაფინანსების მოსაპოვებლად და სწავლის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში.
რევაზ ჩხარტიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის „ნეოიბერიას“ მიერ დაწესებული პრიზის პირველი ნომინანტი გახდა კერძო სკოლა „გიმნაზიას“ XI კლასის მოსწავლე ნიკა ჩარტია. იგი ფოთის ყველაზე წარმატებულ მოსწავლედ დასახელდა. მას სიგელი და 500 ლარიანი ფულადი პრემია ფონდის დამფუძნებელმა ზვიად ჩხარტიშვილმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ჭეჟიამ საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
გიმნაზია მადლობას უხდის ფონდის დამფუძნებელს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.