„ჩვენთვის დიდი პატივია“- განმუხურის საჯარო სკოლას საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ეგზემპლარი გადაეცა
06-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლას საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ეგზემპლარი გადაეცა.
სკოლას წიგნი განმუხურის მკვიდრმა გურამ ახალაიამ გადასცა. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო პროექტი, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ხელით გადაწერას ითვალისწინებდა.
სკოლა უდიდეს მადლობას უხდის გურამ ახალაიას ამ უძვირფასესი საჩუქრისათვის.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენ, ქართველები, უდიდესი კულტურისა და მდიდარი ლიტერატურის შემქმნელი ერი ვართ. ჩვენთვის რუსთაველის გენია ბევრ დიდებულ სახელთა შორის უპირველესია. „ვეფხისტყაოსანი" ისეთი საუნჯეა, რომელსაც დრო და ჟამი ვერაფერს აკლებს. არსებობენ ჩვენი დროის ადამიანები, რომლებიც ღირსეულად აფასებენ ერის ეროვნულ განძს. გვეამაყება, რომ მათ შორის ჩვენი თანამემამულე და სოფელ განმუხურის მკვიდრი ბატონი გურამ ახალაია არის.
სწორედ ამ ადამიანის თაოსნობით, 2008 წ. დაიწყო „საუკუნის პროექტი“ ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობა. გამორჩეული მამულიშვილების ხელით გადაიწერა და მოიხატა პოემის ტექსტი. ერთ-ერთი ეგზემპლარი ბატონმა გურამმა თავის მშობლიურ სკოლას საჩუქრად გადმოსცა.
სკოლის მოსწავლეების, პედაგოგთა და ადმინისტრაციის სახელით გვინდა მადლობა მოვახსენოთ ბატონ გურამ ახალაიას და გამოვხატოთ დიდი პატივისცემა და მადლიერება მის მიმართ.
ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი ძვირფასი და ღირებული წიგნის გადმოცემა. ბატონო გურამ, მადლობა თქვენ ასეთი მამულიშვილობისთვის! გჯეროდეთ, მომავალი თაობა კვლავაც დააფასებს და გაუფრთხილდება ერის საუნჯეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.