სამინისტროს ექსპერტები სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ
07-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, STEAM პროექტების სასწავლო პროცესში ინტეგრირებასთან დაკავშირებით, რომელსაც სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის STEAM გუნდის წევრები, საგნობრივი ექსპერტები და 300-მდე სკოლის წარმომადგენელი, მათ შორის სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
STEAM მიმართულების გაძლიერება ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. STEAM მიმართულება გულისხმობს: S - მეცნიერების, T - ტექნოლოგიების, E - ინჟინერიის, A - ხელოვნებისა და M - მათემატიკის სფეროებში შეძენილი ცოდნის ურთიერთდაკავშირებას, რის შედეგადაც მოსწავლე ქმნის რაიმე პროდუქტს (რაიმე მექანიზმის ან მოწყობილობის მოდელს და ა.შ.).
გამართულ შეხვედრაზე, საგნობრივმა ექსპერტებმა პედაგოგებს გააცნეს STEAM პროექტების სპეციფიკა, შესთავაზეს კონკრეტული პროექტები და იმსჯელეს პროექტების განსახორციელებლად საჭირო აქტივობებზე.
მიმდინარე სასწავლო წელს, აღნიშნული სკოლები, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის STEAM გუნდის წევრებთან ერთად, ინტენსიური კონსულტაციების პარალელურად განახორციელებენ შერჩეულ STEAM პროექტებს. სკოლებს მოსწავლეთა მიერ შექმნილი პროდუქტებისა და შეძენილი გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება შეეძლებათ მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს დაგეგმილ ფორუმზე.
მნიშვნელოვანია, რომ STEAM პროექტების განხორციელება გულისხმობს კეთებით სწავლების, პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებისა და კვლევაზე ორიენტირებული სწავლების კომპონენტების გაძლიერებას.
საგნობრივი ექსპერტების მიერ, სკოლებისთვის შეთავაზებული ყველა პროექტის განხორციელების ეტაპები ორიენტირებულია პროექტში შემავალი დისციპლინების შესაბამისი გრძელვადიანი მიზნების - სამიზნე ცნებების გააქტიურებაზე, რის შედეგადაც ყალიბდება შესაბამისი სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები.
STEAM გუნდი აქტიურად მუშაობს პროექტების ბანკის განვითარებაზე, რომელიც საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.