მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად, ყველა თანხმდება. მშობელები სკოლებში მიდიან, თავიანთი შვილების განათლებით ინტერესდებიან, აქტივობებში აქტიურად ერთვებიან - ეს კი, გარკვეულწილად, მოსწავლეებზეც აისახება.
Etaloni.ge საქართველოს სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა გავლენას ახდენს მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაზე.
დოდო ცქვიტაია, ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:
სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა სწორმა ჩართულობამ მოსწავლეთა შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინოს. მშობელბთან აქტიური თანამშრომლობა სასწავლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით, თუ მოსწავლეებს რაღაც ინდივიდუალური საჭიროებები აქვთ. მაგალითად, თუკი მოსწავლე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონეა, განსაკუთრებით, დაბალ კლასებში, როდესაც საბაზისო უნარები, ფაქტობრივად, არ არის განვითარებული, ამ პერიოდში მშობელთა ჩართულობა აუცილებელია. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სასწვლო ცხოვრების თანმდევი პროცესი უნდა გახდეს მშობლის აქტიური ჩართულობა. მე ვიტყოდი, რომ მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში გრძელვადიანი მიზნები, მოკლევადიან კომპლექსურ დავალებებშია გატანილია და როდესად ბავშვს სახლში ვატანთ დავალებას, ძალიან კარგად უნდა იცოდეს მშობელმაც რა პროდუქტზე მუშაობს თავის შვილი. ეს დავალებები კონტექსტში გასააზრებელი, ცხოვრებისეულია და ასეთ დავალებების შესრულებაში შეიძლება მშობელიც იყოს ჩართული, ოღონდ, რა თქმა უნდა, დოზირებულად. ზოგადად, ძალიან ბევრი რამ შეიძლება ვთქვათ სასწავლო აქტივობებში და პროცესში მშობელთა ჩართულობასთან დაკავშირებით. აქტიურ ჩართულობაში მე იმას არ ვგულისხმობ, რომ მოსწავლეს დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ მივცეთ. ეს არ ნიშნავს, რომ მშობელი დომინანტი იყოს. თუმცა, მშობელმა კარგად უნდა იცოდეს, რა აქტივობებშია ჩართული მოსწავლე და რას ამზადებს. მშობელი მოსწავლის შეფასებას ყოველდღიურად ელექტრონულ ჟურნალში ხედავს და ამ მხრივაც, ინფორმირებულია. მშობელი ჩართული უნდა იყოს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების პროცესში. მათი პროცედურულად აქტიურობაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ითქვას, რომ არსებობს გამონაკლისებიც, როდესაც ბავშვი მზრუნველობას მოკლებულია, თუმცა ისინი ყველა საბაზისო უნარს შესანიშნავად ფლობდნენ და ძალიან წარმატებული ადამიანებიც გამხდარან, რადგან ისინი კონკურენტულ გარემოში გაიზარდნენ. ზოგადად კი, სკოლა, ოჯახი და საზოგადოება ეს ერთმანეთის განუყოფელი თემებია.
ციალა უგულავა, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლის დირექტორი:
თუ მშობელი, სასწავლო ცხოვრებაში აქტიურად ერთვება, ამას ძალიან კარგი შედეგი მოაქვს მოსწავლეებისთვის. ზოგადად, ვინც სასკოლო საზოგადოებაში შედის და პროცესებში ერთვება, სწავლებაზე დადებითად აისახება. მით უმეტეს, უმნიშვნელოვანესია მშობლის აქტიურობა. სკოლასთან ერთად, სასწავლო ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა ოჯახს აქვს. ჩემი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, თუ მოსწავლეების მშობლები ადგილზე არიან და მაგალითად, უცხოეთში არ იმყოფებიან, მაქსიმალურად ერთვებიან სასწავლო ცხოვრებაში და თავიანთი შვილების მიღწევით ინტერესდებიან. რაც უფრო აქტიურია მშობლის ჩართულობა, მით უკეთესია.
იმედა მუკუტაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, რომ მშობლების ჩართულობა, მოსწავლეების ცხოვრებაში, დიდ როლს ასრულებს. ჩვენ აჭარის მაღალმთიანეთში ვცხოვრობთ, სკოლაც მცირეკონტინგენტიანია, მშობელებთან კომუნიკაცია ხშრად გვაქვს, რათა მოსწავლეები სასწავლო პროცესში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები. მშობლები ძალიან მობილიზებული არიან იმისთვის, რომ მათი შვილების აკადემიური მოსწრება ძალიან მაღალი იყოს. ამ შემთხვევაში, მშობელთა ჩართულობას მე ძალიან დადებითად ვაფასებ და მივესალმები. ბუნებრივია, ჩვენც არ ვზოგავთ თავს და თუ რაიმე სიახლეები იქნება ოლიმპიადებთან, შემოქმედებით კონფერენციებთან დაკავშირებით, ყოველთვის ვაწვდით ინფორმაციას მშობლებს, რათა მათი შვილები აქტიურად ჩაერთონ. ახლახან, საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ინგლისურ ენაში კონფერენცია მოეწყო. მასში კი მოსწავლეები და მშობლები აქტიურად მონაწილეოდნენ.
გურამ დუმბაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის დირექტორი:
ძალიან კარგია, როდესაც მშობლები სასწავლო ცხოვრებაში აქტიურად ერთვებიან, თუმცა, სამწუხაროა ის, რომ ყველას ჩართვას ვერ ვახერხებთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. ამის მიზეზი ისაა, რომ ბევრი მშობელი საზღვარგარეთაა წასული, ზოგი მოუცლელია. სწორედ ამიტომაც, რაღაც პროცენტი ვერ ერთვება, თუმცა დანარჩენებთან აქტიური კავშირი გვაქვს. მათი ინფორმირება, განსაკუთრებით, დაბალ კლასებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი დახმარებით შედეგზე გავდივართ და ეს ძალიან კარგია.
ანზორ თურაძე, შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მთისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:
მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში აუცილებელია. მით უმეტეს, არსებობს რიგი საკითხებისა, რომლებიც მშობლის ჩართულობით უნდა მოგვარდეს. მათი აქტიურობა მოსწავლეებზეც დადებითად აისახება. ჩემი სკოლის მოსწავლეების მშოობლები პროცესებში მეტ-ნაკლებად ჩართული არიან.
მზიური ხარაზი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
სკოლამ და მშობელმა ერთობლივად საკმაოდ კარგად შეიძლება იმუშაოს. ამაზე პედაგოგებთანაც ვსაუბრობდი. ამ შემთხვევაში, ნდობის ფაქტორიც, გამჭვრივალობაც, მოსწავლეთა ჩართულობაც უფრო მეტი იქნება. როდესაც მშობელი სასკოლო ცხოვრებაში ჩართულია, ესმის ჩვენი, იღებს ინფორმაციას ონლაინ ან პირადი შეხვედრებით, სწავლის ხარისხიც უფრო მაღალია. თუ კიდევ დასშვები იქნება და საგაკვეთილო ექსკურსიები დაიწყება, მათში მშობლებიც ჩაერთვებიან. მე ვფიქრობ, რომ მშობლის გარეშე გაგვიჭირდება. აუცილებელია, საზოგადოების მონაწილეობაც, ამ შემთხვევაში, უფრო ჩამოყალიბებული, ზნეობრივი და დადებითი ადამიანი გვყოლება აღზრდილი - სოციუმში მეტად განვითარებული და შეგუებული.
გოჩა ზურაბაშვილი, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი აზრით, სასკოლო ცხოვრებაში მშობლების როლი მნიშვნელოვანია. იმ გაგებით, რომ მართალია, ბავშვს განათლება სკოლამ უნდა მისცეს, მაგრამ ის უდიდეს დროს მშობელთან ატარებს. ამიტომაც, თუ არ იქნება მშობელთა მზაობა და სკოლისადმი თანადგომა, შეიძლება ითქვას, რომ სკოლა ისეთი ძლიერი ვერ იქნება. მათი აქტიური ჩართულობა მოსწავლეებზეც კარგად მოქმედებს. ბავშვი როდესაც ხედავს, რომ მშობელს მისი ბედი აინტერესებს და პროცესში ჩართულია, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს და მეტად აქტიურია.
ზეინაბ კაჭარავა, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლის დირექტორი:
მშობლის ყურადღება და ჩართულობა სკოლაზე დიდ გავლანას ახდენს. ბავშვი უფრო მონდომებულია, რადგან იცის, რომ მშობელი შეამოწმებს. სჯერა მას, რომ როდესაც მშობელი სკოლაში მიდის, საგნის მასწავლებელი, დამრიგებელი და დირექტორი მშობელს საქმის კურსში ჩააყენებენ და ინფორმაციას გააცნობენ. სწორედ ამიტომ ბავშვი უფრო ყურადღებითაა და ბევრად უფრო ბეჯითია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი სკოლა ძალიან მცირეკონტინგენტიანია, 9-კლასიანია. ჩემგან სხვა საჯარო სკოლებში წასული მოსწავლეები კი სულ ოქროს მედლებზე სწავლობენ. ეს, შეიძლება ითქვას, იმის დამსახურებაცაა, რომ ჩვენს სკოლაში ბევრი მოსწავლე არ არის. როდესაც ბავშვები საგანში ემზადებიან, შეიძლება 10 მოსწავლესთან ერთად იყვნენ, აქ კი, კლასში, როდესაც 3 ან 5 მოსწავლეა, ბუნებრივია, რომ უფრო მეტი ყურადღება ექცევათ და კარგად სწავლობენ. წარმოიგდინეთ, მოსწავლეს მათემატიკის გაკვეთილზე დავალების ამოსახსნელად დაფასთან 5-ჯერ რომ გამოიყვან, როგორი შედეგი ექნება. თუ მშობელი მონდომებულია, რომ თავისმა შვილმა კარგად ისწავლოს, ეს მოსწავლეზეც აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ჟურნალები გვაქვს, მშობელები თვის ბოლოს მაინც მოდიან სკოლაში და ბავშვების სასწავლო პროცესით ინტერესდებიან. თუ მშობელი შვილის სწავლისთვის მონდომებული არ არის, რაც არ უნდა ბეჯითი იყოს ბავშვი, შეიძლება ითქვას, რომ ისეთ კარგ შედეგზე ვერ გავა. აუცილებელია, რომ მშობელს თავისი შვილის კლასის ხელმძღვანელთან ხშირი კონტაქტი ჰქონდეს.
ნოდარ წიტაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი სკოლა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ თანამშრომლობს. ჩვენ მემორანდუმი გვაქვს, სადაც სკოლის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი სწორედ მშობელთა ჩართულობაა. მშობელთა ჩართულობის შესახებ კონცეფცია გვაქვს შემუშავებული. ამჟამად, ვამზადებთ დოკუმენტს სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა წახალისების შესახებ. მშობელთა მხრიდან, მხარდამჭერი და ლიდერთა ჯგუფები მყავს. ჩვენ მათ მიერ მხარდაჭერილ თუ ინიცირებულ პროექტებს განვიხილავთ. სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია და ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ.
ჯემალ ივანაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:
მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს მოსწავლეების მოტივაციასა და სწავლის ხარისხზეც მოქმედებს. სკოლა, ოჯახი, მასწავლებელი, მოსწავლე - ეს განუყოფელი ნაწილია. თუ მშობელი აქტიურია და სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობს, მისი შვილი უფრო წარმატებულია. ეს სასკოლო პრაქტიკიდანაც ძალიან ნათლად ჩანს. ჩემი სკოლის მოსწავლეების მშობლების 99% სასკოლო ცხოვრებაში ჩართულია. აქტიურად მუშაობენ როგორც დამრიგებლებთან, ისე საგნის პედაგოგებთან. ყოველ შემთხვევაში, ამის გაკონტოლება სოფელში უფრო მარტივია და მასწავლებლებს პედაგოგებთან კავშირი ყოველდღიურად აქვთ, ზოგიერთი მათგანი სკოლაში ასწავლის კიდეც.
ავთანდილ ძირკვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის დირექტორი:
სასწავლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გარეშე სასწავლო პროცესს სწორად ვერც დაგეგმავ და ვერც წარმართავ. თუ მშობელი ხელს არ გიწყობს და თავისი შვილის სწავლას გულგრილად ეკიდება, ისე ვერ წარმომიდგენია, თუნდაც, დამრიგებელმა, როგორ უნდა წარმართოს საგაკვეთილო პროცესი. ეს სამი რგოლი - მშობელი, კლასი და სკოლა თუ ერთად შეკრული არ არის, სასწავლო პროცესი ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ისეთი, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა ითხოვს.
ალექსანდრე შარაშიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის დირექტორი:
სასკოლო ცხოვრებაში, მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეში, მშობელთა როლი ძალიან დიდია. აუცილებელი, რომ მშობელმა მოსწავლე, სწავლის კუთხით, სახლშიც გააკონტროლოს და დაინტერესდეს, რას სწავლობს და როგორ ამზადებს დავალებებს. მშობელი ვალდებულია, რომ შვილი სკოლაში ყოველ დღე გაუშვას და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართოს. ჩემი სკოლის მოსწავლეების მშობელები მაქსიმალურად ჩართული არიან, რომ თავიანთი შვილების სწავლის დონე ისეთი იყოს, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა ითხოვს.
როლანდ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლის დირექტორი:
მშობლების ჩართულობა თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოსწავლეებისთვის წარმატების მომტანია, მაგრამ, სამწუხაროდ, არის მშობლების ნაწილი, რომელთაც გარკვეული პრეტენზიები აქვთ და თავის მხრივ, შვილების, განვითარებისათვის არანაირ აქტივობას არ ახორციელებენ. მასწავლებელი მოსწავლეს სახლში ხომ ვერ გაჰყვება?! დამატებითი გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, მთავარია, ბავშვების მონდომება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში, მოსწავლეებმა სწავლის მიმართ ინტერესი, გარკვეულწილად, დაკარგეს. ეს, ალბათ, თანამედროვე ტექნოლოგიებმა - კომპიუტერმა, ინტერნეტმა და ტელეფონმა გამოიწვია. ჩვენ ისეთი ბერკეტები არ გვაქვს, რომ ამაზე ზემოქმედება მოვახდინოთ. სკოლაში ვკრძალავთ ტელეფონებს, მაგრამ სკოლიდან რომ მიდიან, მაშინაც სჭირდებათ ყურადღება. ზოგჯერ, იმდენად ერთობიან ტელეფონით, რომ სწავლისთვის დრო აღარ რჩებათ. ამ დროს, მშობელმა უნდა იმოქმედოს, რომ თავისი შვილი წიგნებთან დასვას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...