გაიცანით, ფურტიოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის აქტიური მოსწავლე დიანა ქადამაძე
08-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით არიან გამორჩეულები, რომლებიც სკოლის სასახელოდ მუდამ წარმატებას აღწევენ.
ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე კი დიანა ქადამაძე გახლავთ, რომელიც საგანმანათლებლო ოლიმპიადებთან ერთად სპორტულ შეჯიბრებებშიც აქტიურად მონაწილეობს.
მეთორმეტეკლასელი ასევე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მონაწილეც გახლავთ. მეთორმეტეკლასელის ოცნება მათემატიკის მასწავლებლობაა, რაც მისი პედაგოგების დამსახურება გახლავთ.
დიანა ქადამაძე წერილს ავრცელებს, სადაც საკუთარ მიღწევებზე და მომავალ გეგმებზე საინტერესოდ საუბრობს:
„მე ვარ დიანა ქამადაძე, 17 წლის. ვსწავლობ ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასში. აქტიურად ვარ ჩართული, როგორც სასკოლო, ისე არაფორმალურ აქტივობებში. ვმონაწილეობ, როგორც საგანმანათლებლო ოლიმპიადებში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში.
„კინგსის“ ოლიმპიადების აქტიური მონაწილე ვარ - მათემატიკის მიმართულებით აჭარის ფარგლებში ათეულში მოვხვდი; ასევე, ვმონაწილეობდი ინტელექტ - ჩემპიონატ „ეტალონში“. არაფორმალური განათლების სახით ვაქტიურობდი პროექტში - „ვირტუალური საკვირაო სკოლა ახალგაზრდებისთვის“. ასევე ვარ პროექტ „გახდი ინფორმირებულის“, გამარჯვებული. ახალგაზრდულ ორგანიზაცია talented generation-ში (ნიჭიერი თაობა) ვიყავი გენერალური მდივნის მოადგილის პოზიციაზე. სკოლაში საბაზო საფეხურის 10 ქულებზე დახურვისთვის გადმომეცა კომპიუტერი და ასევე ვარ ოქროსმედალოსანი მოსწავლე. სპორტულ შეჯიბრებებში დიდ წარმატებას მივაღწიე კალათბურთსა და ჭადრაკში.
რაც შეეხება პროფესიულ ოცნებას - მინდა ვიყო მათემატიკის მასწავლებელი. ეს სურვილი ჩემმა მასწავლებლებმა განაპირობეს. დაწყებითი კლასის მასწავლებელმა შემაყვარა მასწავლებლის პროფესია. საკუთარ თავში აღმოვაჩინე მათემატიკის ნიჭი და ეს ორი ერთმანეთს შევუთავსე.
მინდა ჩავაბარო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან ეს ის ადგილი და გარემოა, სადაც სიღრმისეულად შევძლებ პროფესიის დაუფლებას. „ბსუ“ის უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც საერთაშორისო განათლების უდიდეს შანსს სთავაზობს საკუთარ სტუდენტებს. ასევე, აქვს სხვადასხვა სახის გაცვლითი პროგრამები და საინტერესო პროექტები.
ამბობენ, რომ ახალგაზრდისთვის სტუდენტობა ყველაზე კარგი და ტკბილად გასახსენებელია. ამიტომაც შევეცდები, რომ სტუდენტური წლები ყოველმხრივ ნაყოფიერად გამოვიყენო. ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე წელში მათემატიკის წარმატებული მასწავლებელი ვიქნები და ამაში „ბსუ“ დამეხმარება თავისი მდიდარი ისტორიით და კვალიფიციური კადრებით“, - წერია დიანა ქადამაძის წერილში.