ვარდისუბნის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის კლუბის წევრები საგანმანათლებლო სემინარს დაესწრნენ
12-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის კლუბის წევრები გურჯაანის ტექნოპარკში საგანმანათლებლო სემინარზე იყვნენ მიწვეულნი.
ვიზიტი სკოლის დირექტორის, მანანა ბახტურიძის ხელშეწყობით, მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის მხარდაჭერითა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის დირექტორის ნათია თამაზაშვილის თანადგომით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის აღნიშნულმა სამსახურებმა ტრანსპორტირება დააფინანსეს.
„სკოლებში ხელოვნური ინტელექტის კლუბების შექმნა – ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მენეჯერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორი ნანა დიხამინჯია. პროექტის პარტნიორია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტი ილიას სახელმწიფო უნიერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია „ფაბლაბის“ დახმარებით ხორციელდება. კონკურსის შედეგად ერთ-ერთი 31 სკოლათა შორის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა შეირჩა, ხელოვნური ინტელექტის კლუბს ხელმძღვანელობს სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხათუნი ასანიძე. სკოლაში არსებობს კარგად აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია, სადაც მოსწავლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მუშაობა.
ტექნოპარკში ჩვენი სტუმრობის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებმა უფრო მეტი გაიგონ და ვიზუალურად ნახონ ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობები. მათ უშუალოდ ნახეს 3D პრინტერი. გაიგეს მეტი ხელოვნური ინტელექტის რაობაზე, რაც ხელს შეუწყობს ახლად შექმნილ კლუბში მოტივაციის ამაღლებას. დაგვეხმარება შევინარჩუნოთ პროექტის მდგრადობა, გავამრავალფეროვნოთ საქმიანობა და აქტიურად დავნერგოთ რობოტექნიკის კურსი. კლუბის წევრებმა იციან თანამედროვე გამოწვევებს რომ გაუმკლავდე, ფეხდაფეხ უნდა აედევნო უსწრაფესი ტემპით განვითარებად ვირტუალურ სამყაროს.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გურჯაანის ტექნოპარკის მასპინძლებს - ლევანსა და ელენეს გულთბილი დახვედრისათვის. მოსწავლეებმა მზაობა გამოხატეს მონაწილეობა მიიღონ მათ მიერ გამოცხადებულ ტრენინგებში. მომავალშიც ბევრჯერ ვესტუმრებით ამ საინტერესო სამყაროს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.