მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში 14 აპრილი დედეანის დღეა. ის 1990 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წელს განვითარებულ მოვლენებთანაა დაკავშირებული, როდესაც კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციებმა შედეგი გამოიღო და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, როგორც წესი, სკოლებში ღონისძიებები და აქტივობები იგეგმება. Etaloni.ge გიზიარებთ იმ ლექსებს, რომლეთა ცოდნაც მოსწავლეებს დედა ენის დღეს გამოგადგებათ.
მე და ჩემი დედაენა - ხუტა ბერულავა
აი ჩემი კარგი წიგნი,
სულ პირველი, საანბანო,
“დედაენის” დასაწყისი,
დედასავით სათაყვანო!
მან მასწავლა წერაც, კითხვაც,
მომატარა ბევრი მხარე,
სამუდამოდ შევითვისე,
სამუდამოდ შევიყვარე.
იანვრამდე ხელში მეპყრა
მე ეს წიგნი საფიცარი,
მაგრამ ისე მოვლილია,
არ აჩნია ნათითარი.
მალე, როცა დამთავრდება
ციგაობა, ფრენა, ლხენა,
სწავლას ერთად გავაგრძელებთ
მე და ჩემი “დედაენა”.
აი ია - ავთანდილ გურგენიძე
როგორც მერცხლის კოხტა ბუდე
შვენის სახლებს აივნიანს,
ისე შვენის წიგნის ფურცელს
"აი ია", "აი ია".
საქართველოს უკვდავება
მოჩქეფს, განა დაილია,
დედასავით შევიყვარეთ
"აი ია", "აი ია".
მომავალი თაობები
აივლიან, ჩაივლიან,
სულ იქნება ჩვენს მამულში
"აი ია", "აი ია".
ენა ქართული - მუხრან მაჭავარიანი
ქართული მარტო ენაა?!
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა!
ქართული ენა - ლადო ასათიანი
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხტომა,
მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!
უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,
სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა, თვლემენ სასთუმალთან…
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!
დედაენა - თამაზ ჭილაძე
ირმის რძეში გაგაბანა,
დაგასწავლა ანა-ბანა,
სახრე მოგცა, ქალამანი,
მზესთან სიტყვა დაგაბარა,
გაგატანა დედის ცრემლი,
ლოცვა - საგზლად გამოკრული,
აგაშორა ავი თვალი
მოღალატის და ორგულის.
შეგაძულა მტრობა-შური,
სიყვარული წამიერი,
წახვედი და გაიზარდე,
როგორც მრავალჟამიერი.
მე ყველაფერს მირჩევნია - ხუტა ბერულავა
აპრილს უყვარს ია ლურჯი,
მაისს - წვიმა წანწკარა,
კლდეს მდინარის შეძახილი,
ჯეჯილს წყარო ანკარა,
ჭალას სტვენა ბულბულისა
ტყის შრიალში ჩართული,
მე ყველაფერს მირჩევნია
ჩემი ტკბილი ქართული!
ქართულო ენავ - მირიან იორამაშვილი
დალოცვილი გაქვს ფესვი და ძირი,
მარადიული აზრის შუქი ხარ,
შენით ვმღერით და შენითვე ვტირით,
სირცხვილი ქართველს თუ არ უქიხარ...
უშენოდ დღეც ნუ მაცოცხლა ერთი,
უშენოდ აზრი არ აქვს არაფერს...
საუკუნეებს სიცოცხლედ ერთვი
და კვლავ მიითვლი ერთგულ ზვარაკებს.
ტკბილსურნელი აქვს შენს ხმებს და ფერებს,
და რიჟრაჟული ღიმილის ჩენა...
შოთაის, ვაჟას, ილიას მერე,
მე რა ვთქვა, ჩემო ფრთიანო ენავ?
ოცდაცამეტი ოქროს მტევანი - თინათიან მღვდლიაშვილი
(ა ნ ბ ა ნ თ ქ ე ბ ა)
ანი მეფეა ასოთა, –
აპრილი, ალი, არაგვი…
ანის გარეშე ვერ გაძლებს
ზღაპარია თუ არაკი.
ბანი ასოა ბრიალა,
ანბანში არ ჰყავს ბადალი.
ბანის გარეშე, ბავშვებო,
ობლად დაგვრჩება ანბანი.
განი ანბანის განძია, –
გიორგი, გული, გელათი…
განი გვიყვარდეს, ბავშვებო,
ანბანის ჯაჭვის პერანგი.
დონი უსაზღვროდ თბილია, –
დედა, დაიკო, დიდედა…
დონმა ადიდა ანბანი, –
ცოდნის ლამპარი იბერთა.
ენი ასოა ელვარე
და ენით აღუწერელი…
ანბანის ერთი ფესვია
და წყარო დაულეველი.
ვინი ვაზია ივერთა,
ვარდობის თვეში გაზრდილი,
ვინი, ვით ველთა ყვავილი,
ანბანში არის ჩაზრდილი.
ზენი ანბანის ზარია, –
ზეცა, ზღვაა და ზღაპარი…
ზენი ასოა მზისფერი,
ზაფხულია და ზამთარი.
თანი გულთეთრა ასოა
და თავად თინათინია…
თანი – ქათქათა თბილისი,
თანი – თოვლი და თრთვილია.
ინი ანბანის იაა,
ივნისია და ივლისი,
ინი ისეთი ნაზია,
ისე საოცრად ფაქიზი.
კანი ასოა კეთილი
და ნაკადული კრიალა…
კანმა ანბანის მინდორზე
კისკისით ჩაიკრიალა.
ლასი ანბანის გულია,
ვით სალოცავი სამება…
ანბანის დიდმა შემქმნელმა
ლასი ზეცამდე ამეფა.
მანი მორცხვია ძალიან,
მაგრამ ლომივით მამაცი,
თავდახრილ ასოებს შორის,
მანია მათი თავკაცი.
ნარი ნათელი ასოა,
ნებიერი და ნარნარი,
ონის მეზობლად ბინადრობს,
მეგობარია მთავარი.
ონი ისეთი კარგია,
ისეთი მოსაფერები…
ორივ მხრივ შემკობილია
მარცვლებით ოქროსფერებით.
პარი ასოა პრანჭია
და ნაზი, როგორც პეპელა…
ანბანის ფერად მინდორზე,
ფრთებს აპარპაშებს ნელ-ნელა.
ჟანი ჟღარუნა ასოა,
ჟუჟუნა წვიმით ნაპკური,
ანბანის მწიფე ვენახის
ტკბილი მარცვლების ნაჟური.
რაე რაინდთა ასოა,
თუმცა, წააგავს მერცხალსაც…
ანბანში თუ გაგვიბრაზდა,
მრისხანეა და მკვეხარაც.
სანი სიცოცხლის ასოა,
სრულქმნილი, სრულფასოვანი…
და საროს ტანზე აცვია
სამოსი – ფერი სოსანის.
ტარი ტანსრული ასოა,
ჩაცმული ოქროს პერანგში,
ჩატკბილებული მტევანი
ანბანის ტურფა ვენახში.
უნი ასოა უმანკო,
ურჩი და გაუტეხელი…
და თუ ანბანმა ინება
ციხეა აუღებელი.
ფარი ანბანის ფარია,
ფარი – ფიქრი და ფერია…
რვეულის სუფთა ფურცელზე
ფარი ზის, როგორც ფერია.
ქანი ანბანის ქებაა,
ქარბუქია და ქნარია…
მფარველობს ქართულ ასოებს
და დაქრის, როგორც ქარია.
ღანი ასოა ღვთიური,
ღანი ხომ ერთადერთია…
დაბლა – მღელვარე ზღვაა და,
მაღლა – მაღალი ღმერთია.
ყარი ყოჩაღი ასოა,
წელზე სარტყელი არტყია,
ყელი აქვს ყაყაჩოსფერი,
მაგრამ ენა აქვს ავყია.
შინი ანბანის შუქია,
შარავანდედით შემკული,
წმინდა გიორგის შუბია,
მტერთან უშიშრად შებმული.
ჩინი მჩქეფარე ასოა,
ხან ჩუმი, ხან კი – ჩხრიალა.
ჩინმა ანბანის ჩანჩქერში
ჩუხჩუხით ჩაიჩხრიალა.
ცანი ციმციმა ასოა,
ცისფერია და ცქრიალა,
ცანმა ანბანის ცარგვალზე
სიცილით გაიცქრიალა.
ძილი ფუძეა ანბანის,
ძილი ასოა ძირძველი,
ზოგჯერ ძალიან მძაფრია,
ზოგჯერ – ძალიან ძლიერი.
წილი ანბანის წყაროა,
წმინდა და მიუწვდომელი,
წვიმის წვეთივით წკრიალა
და მწარე წუთისოფელი.
ჭარი ანბანის ჭა არის,
ჭკვიანია და ჭრიჭინა…
ჭარმა ანბანის ჭალაში
ჭრიალით გაიჭრიჭინა.
ხანი ბერმუხა ხეა და,
ხანი ხატი და ხმალია!..
ხანდახან – სახრე ანბანის,
ხანდახან, თვითონ ხარია!..
ჯანი ანბანის ჯვარია,
სამშობლოს წარსულს გვახსენებს…
ჯვარი ეწეროთ ანბანის
უძველეს, ქართულ ასოებს.
ჰაე ანბანის სუნთქვაა,
ჰაერია და ხმელეთი…
ჰაეს რომ იტყვით, ბავშვებო,
არ დაგავიწყდეთ – ჰერეთი!..
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა