„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ - ბანძის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს
14-04-2022
დაკოპირებულია
-
+
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, 14 აპრილს ღონისძიება, სახელწოდებით „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“, ჩაატარეს.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართული ენის მნიშვნელობას. წაიკითხეს ლექსები, მიმოიხილეს დოკუმენტური მასალა, შეასრულეს სიმღერები და ასე გამოხატეს თავიანთი პატივისცემა ამ ისტორიული დღისადმი.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.